მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები – ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი

მსოფლიო ფეხბურთის გიგანტები - ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედიკოტიკო გოგინაშვილი

ჩემს სტატიაში ვისაუბრებ საფეხბურთო გუნდზე, რომლის სახელის გაგონება თავზარს ცემდა მთელ მსოფლიოს. ეს არის სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედი.

წითელი ეშმაკების დომინირება ნისლიან ალბიონზე

1986 წელს დაიწყო ახალი ეპოქა ოლდ ტრაფორდზე. მანჩესტერის მწვრთნელად დაინიშნა შოტლანდიელი ალექს ფერგიუსონი. მოსვლის პირველივე დღეს, იუნაიტედის ახალმა თავკაცმა ყველას გააცნო თავისი ამბიციები, რომლებიც ითვალისწინებდნენ ლივერპულის ( მანჩესტერის ყველაზე პრინციპული მეტოქის) ჰეგემონიის შეჩერებას.

მუშაობის პირველი წლები ამბიციური შოტლანდიელისთვის არ იყო მაინცდამაინც წარმატებული. სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ იუნაიტედისთვის საჭირო იყო ახალი მწვრთნელი, მაგრამ მომავალმა შედეგებმა აჩვენა, რომ მათი ვარაუდი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 90-იან წლებში წითელმა ეშმაკებმა არაერთხელ მოიპოვეს ინგლისის საუკეთესო გუნდის სტატუსი. იმ დროს ყვაოდა ოლდ ტრაფორდზე ეგრეთწოდებული 92 წლის კლასი (ბექჰემი, კინი, ნევილები, ნიკი ბატი, გიგზი, სქოულზი). მათი დამსახურებით მანჩესტერი კვლავ გახდა ევროპის ტოპ გუნდი.

ფერგიუსონის მანჩესტერული კარიერის ტრიუმფები არ შემოიფარგლა მხოლოდ საშინაო ტიტულებით. შოტლანდიელის მოღვაწეობის პერიოდში იუნაიტედი ორჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს.

1998/99 წლების სეზონი იყო ყველაზე წარმატებული მანჩესტერისთვის. ის სეზონი წითელმა ეშმაკებმა დაამთავრეს ტრებლით (პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა). 2008 წელს ფერგის გუნდი კვლავ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი, ბაიერნის შემდეგ ლიგის ფინალში იუნაიტედმა პენალტების სერიაში სძლია ლონდონის ჩელსის. მანჩესტერმა ორჯერ შეძლო პრემიერლიგის სამჯერ ზედიზედ მოგება (1999, 2000, 2001 და 2007, 2008, 2009).

ჯამში ფერგიუსონის ხელმძღვანელობით იუნაიტედი 13-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ფერგი თაიმი

ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერაში დამკვიდრდა ტერმინი ფერგი თაიმი, რომელიც ნიშნავს იუნაიტედის ბოლო წუთებზე გატანილ გოლებს. ინგლისის პრემიერლიგაში ბევრი ასეთი შეხვედრა გვახსოვს მანჩესტერელთა შესრულებით. პრინციპული მეტოქეებიდან ფერგი თაიმმა ყველაზე მეტად სისხლი გაუშრო მანჩესტერ სიტის დამლივერპულს.

იუნაიტედის ბოლო წუთებზე მოგებული შეხვედრებიდან, ფეხბურთის მოყვარულს ყველაზე კარგად ახსოვს 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის ბაიერნთან. კამპ ნოუზე წითელმა ეშმაკებმა სამწუთიან მონაკვეთში შემოატრიალეს თამაში თავის სასარგებლოდ (2-1)  მანჩესტერის წარმატების მთავარი მიზეზი არ იყო მხოლოდ ფეხბურთელების უმაღლესი დონის ოსტატობა, გუნდს ჰქონდა მებრძოლი ხასიათი, რითაც 92 წლის კლასის წარმომადგენლები ახერხებდნენ უკანასკნელ წუთებზე საჭირო შედეგის მოპოვებას.

თავისებური ფერგიუსონი

წარმატებული მწვრთნელის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ქარიზმა. სერ ალექსს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა გუნდში. ფერგიუსონს არ ერიდებოდა თავისი ფეხბურთელების კრიტიკა. ის ამას აკეთებდა ხან მედიის საშუალებით (ინტერვიუებით, პრესკონფერენციებით) ხანაც პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე. 2009 წელს ლივერპულთან დაპირისპირებაში ფერგიუსონმა სამმაგი ცვლილება გააკეთა, ამ ჟესტით მან უკმაყოფილება გამოხატა ფეხბურთელების მიმართ, უფლება რომ ჰქონოდა, იგი თერთმეტივე ფეხბურთელს შეცვლიდა.

ფერგიუსონი არავის ანებივრებდა, შოტლანდიელი არ აქცევდა ყურადღებას ფეხბურთელების ავტორიტეტს. თუ საჭირო გახდებოდა, იგი ძირითადის ფეხბურთელსაც მისცემდა შენიშვნას. ამის გამო სერ ალექსს დაეძაბა ურთიერთობა რამდენიმე წითელ ეშმაკთან.

2003 წლის ზაფხულში დევიდ ბექჰემი გადაბარგდა მადრიდში და გახდა სამეფო კლუბის მოთამაშე. ამ ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კონფლიქტი ფერგიუსონთან. ბექჰემი დიდ დროს უთმობდა სარეკლამო გადაღებებს, ასევე მას ჰქონდა რომანი ვიქტორიასთან. ეს ყველაფერი არ მოსწონდა იუნაიტედის დამრიგებელს, რადგან, მისი აზრით, სხვა საქმეები ბექჰემს ხელს უშლიდა საფეხბურთო განვითარებაში. ერთმა ინციდენტმა საბოლოოდ ხაზი გადაუსვა მათ ურთიერთობას – გასახდელში ფერგიუსონმა არსენალთან მარცხის შემდეგ (2003 წლის ინგლისის თასი) ბუცი ესროლა ბექჰემს, რის შემდეგაც ინგლისელს სახეზე იარა დაედო.

2005 წელს გუნდის კიდევ ერთი ლეგენდა გახდა მორიგი კონფლიქტის მსხვერპლი. გუნდის ირლანდიელი კაპიტანი  როი კინი უკმაყოფილო იყო მანჩესტერის სატრანსფერო პოლიტიკით. კინი ხშირად აკრიტიკებდა მანჩესტერის ახალწვეულებს, ასევე როი, ასაკის მატებასთან ერთად, კარგავდა სათამაშო ფორმას, რის გამოც მან დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ამ შოტლანდიურ-ირლანდიურ დაპირისპირებაში როი კინი მართალი არ იყო, რადგან იუნაიტედს ნახევარდაცვაში სჭირდებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელები, ამას ფერგიუსონიც ხვდებდა, აქედან გამომდინარე ირლანდიელის ეპოქა ოლდ ტრაფორდზე დამთავრდა და როი სელტიკს შეუერთდა .

ლეგენდარული შოტლანდიელის მეთაურობით ბევრმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა. კრიშტიანუ რონალდუსთვის ფერგიუსონი არის საფეხბურთო მამა. სწორედ ფერგის დამსახურებით რონალდუ გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

მის ეპოქაში ჩამოყალიბდა, როგორც ფეხბურთელი, იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდა უეინ რუნი.

90-იანების ბოლოს წითელი ეშმაკების შემტევი დუეტიც ძალიან ეფექტური იყო (ენდი კოული და დუაიტ იორკი).

სერ ალექსის დროს იუნაიტედს ჰყავდა საუკეთესო დაცვის ცენტრი, რომლის შემადგენელი ნაწილები იყვნენ ნემანია ვიდიჩი და რიო ფერდინანდი. ნახევარდაცვის ბურჯები იყვნენ პოლ სქოულზი და რაიან გიგზი.

ეპოქის დასასრული

2013 წლის მაისი იყო ყველაზე სევდიანი საფეხბურთო თვე მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრებისთვის, რადგან დასრულდა შოტლანდიური ეპოქა ოლდ ტრაფორდზე. ფერგიუსონი მიხვდა წასვლის აუცილებლობას. საჭირო იყო ახალი სისხლი, რომელიც ახალ დონეზე აიყვანდა მანჩესტერს.

მუშაობის უკანასკნელ სეზონში სერ ალექსი წავიდა, როგორც გამარჯვებული. მან მე-13 პრემიერლიგა მოაგებინა იუნაიტედს. ოლდ ტრაფორდზე ხალხი ოვაციებით აცილებდა თავის ლეგენდას, ფერგიმაც სიტყვით მიმართა გულშემატკივრებს. იმ წელს სერ ალექსთან ერთად გუნდი დატოვა კიდევ ერთმა ლეგენდამ, პოლ სქოულზმა.

თითქმის 7 წელი გავიდა და 2013 წლის ინგლისის ჩემპიონობა კვლავ უკანასკნელად რჩება მანჩესტერისთვის. ჯერჯერობით ხელმძღვანელობამ ვერ იპოვა ღირსეული მემკვიდრე, ოლდ ტრაფორდის მაყურებელს აქვს იმედი, რომ გამოჩნდება ისეთი მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს დააბრუნებს საფეხბურთო მწვერვალზე.