ნიკოლოზ მჟავანაძე – „კახა ოქრიაშვილი რომ ისევ მიშასთან იყოს, არ გამიკვირდება, აფთიაქებმა პირბადეები სააკაშვილის ბიბლიოთეკას გადასცეს“

ნიკოლოზ მჟავანაძე - „კახა ოქრიაშვილი რომ ისევ მიშასთან იყოს, არ გამიკვირდება, აფთიაქებმა პირბადეები სააკაშვილის ბიბლიოთეკას გადასცეს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს.

– ბატონო ნიკოლოზ, სოციალურ ქსელში თქვენსა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი?

– თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, თუ როგორი დეფიციტია პირბადეების. გულით რომ გინდოდეს არც ერთ აფთიაქში პირბადე არ იყიდება.

სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვი, რომ როგორ მოხდა, რომ არც ერთ აფთიაქში პირბადე არ არის და ყველა მათგანი აღმოჩნდა სააკაშვილის ბიბლიოთეკაში. 5 ათასი კაცი იყო შეკრებილი მგონი ბიბლიოთეკაში, შემდეგ ზუგდიდში რაც მოხდა, ვნახეთ. საიდან აღმოჩნდა მათ ხელში ეს პირბადეები? აი, ეს ვიკითხე.

სამედიცინო პირბადე არ იკერება სამკერვალოებში. ის არის სპეციალიზებული მასალიდან დამზადებული და იყიდება აფთიაქში. ამიტონ ერთადერთი ვარიანტია, ამოიღეს აფთიაქების საწყობებიდან და გადასცეს სააკაშვილის ბიბლიოთეკას. თავდაპირველად სააკაშვილი არც კი მიხსენებია, ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები დავადანაშაულე, რომ თქვენ პრეზიდენტი ისევ სააკაშვილი გგონიათ და მას მიუტანეთ პირბადეები-მეთქი.

– ამ განცხადებებმა გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილი?

– როგორც ჩანს. ისედაც ბოლო პერიოდია, ნაცსექტა აქტიურად მიტევს. მერე მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტიც მაჩვენეს, სადაც მლანძღავს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. ეს ქოციო, ჩემზე წერს. მე რომ ვინმე ქოცობას დამაბრალებს, ჩემზე მეტი კრიტიკოსი ამ მთავრობას თუ ჰყავს, არ ვიცი. კიდევ ჩამოვიტან ამ პირბადეებსო. ჩამოიტანოს, მაგას რა ჯობია, თუკი ვინმე სიკეთეს გააკეთებს.

ნაცები ჭკუას ვერასოდეს ისწავლიან. ე.ი. თუ ნაცებს ეწინააღმდეგები, აუცილებლად უნდა იყო “ოცნების” მხარდამჭერი. სააკაშვილს ვეტყოდი, რომ თუ უნდა, პირადად თვითონ ჩამობრძანდეს და თვითონ დაარიგოს პირბადეები და სამედიცინო ინვენტარი. მათი განცხადებები სწორედ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ჭკუა ვისწავლეთო, არაფერი ჭკუა არ უსწავლიათ.

ღმერთმა დაგვიფაროს და ეგ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ალბათ მათი დასახვრეტების სიაში წამყვან პოზიციას დავიკავებ.

ეს ჩვენი ფარმაცევტები ძალიან ახლოს იყვნენ მიშა სააკაშვილთან. ოქრიაშვილი, ეს ყველა მთავრობას მორგებული კაცი, რატომ უნდა გამიკვირდეს, რომ ისევ სააკაშვილთან იყოს ალიანსში. იგივე კურტანიძე და გინდა სხვები. ვიცით მათი პოლიტიკური წარსული და შეხედულებები.

– რას ამბობთ, რომ წინასწარ ამოიღეს გაყიდვიდან პირბადეები?

– როგორც კი ეს ამბავი დაიწყო, ალბათ ამოიღეს საწყობებიდან და მიშას მიუტანეს. მე ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი. მაშინ საიდან აღმოჩნდა ამდენი პირბადე მიშას ბიბლიოთეკაში. ასეა და სხვანაირად როგორ ვთქვა?

იგივე ემიგრანტებთან დაკავშირებით რომ ატეხა ერთი ამბავი, არ მაძლევენ ჩამოყვანის საშუალებასო. თუ უნდა, ჩამოიყვანოს, ვინ უშლის. ხომ გამოვიდა გახარია და განაცხადა, მოაგვაროს ეს საკითხი შესაბამის უწყებებთან და ჩამოიყვანონ, ჩვენ უარს არ ვეუბნებითო. ახლა დაიწყო, დოკუმენტი მჭირდება და ასე შემდეგ.

არავის ჩამომყვანი ეგ არ არის, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გადააბრალოს?! ხელს მიშლიანო. არავინ არ უშლის ხელს, გააკეთოს ქვეყნის სასიკეთო საქმე. როგორ შეიძლება, რომ მაგაზე წინააღმდეგი წავიდეს ვინმე?! დოკუმენტსაც მისცემენ. ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს ამდენი ფული, ხომ იძახის, გაღლეტილი პრეზიდენტი ვარ და უფულოდ წავედიო. იცით, რა ჯდება ამდენი ადამიაის ჩამოყვანა?!

– მოვიძიე სახსრები, ბიზნესმენები მეხმარებიანო. არ უთქვამს, რომ საკუთარი სახსრებით ჩამოჰყავს.

– რომელი ბიზნესმენები, ძალიან საინტერესოა. კობა ნაყოფია ეხმარება? ერთი და ორი ათასი კი არ ჯდება ეს მგზავრობა, მილიონები დაჯდება.არავის ჩამომყვანი ეგ არ არის.

ომი რომ არის, მაშინ ყველა ერთიანი უნდა იყოს, ჩასაფრებულის პოზიცია არ უნდა გეჭიროს. ამათი განცხადებები კი მუდამ კრიტიკაზე და მავნებლობაზეა დამყარებული. ტესტები, ტესტებიო, აიკვიატეს.

– ტესტების შემოტანაც ერთ-ერთი პრობლემა იყო.

– უთხრეს, რომ არ არსებობს ჯერ ისეთი ტესტები, რომლებიც სრულფასოვან შედეგს დადებს. ეს ტესტები დებს 30%-იან შედეგს და ეს არ არის შედეგი, დიდია ცდომილება. ამას აცხადებენ სპეციალისტები და მე მჯერა ამ ხალხის. ესენი კი მაინც ტესტებს გაყვირიან.

მე ვურჩევდი ნაცებს, რომ ორსულობის ტესტები შემოიტანონ დიდი რაოდენობით, რადგან, როგორც ჩანს, სააკაშვილისგან არიან პოლიტიკურად დაორსულებულები. რასაც მიშა იძახის, იგივეს იმეორებენ ესენიც გაფუჭებული პატეფონივით. არც თავისი იციან და არც სხვისას იჯერებენ.

ჭიაბერაშვილი გამოჰყავთ ექსპერტად, თითქოს რამე გაეგებოდეს. ეგენი არ იყვნენ, რომ გამოვიდნენ და გვითხრეს, ქათმის გრიპის დროს ნახევარი საქართველო დაიხოცებაო?! ესენი რომ ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა. კატასტროფული მდგომარეობა გვექნებოდა.

ნაცმოძრაობა ჭკუას ვერასდროს ისწავლის. ისევ ისე აგრძელებნ ქვეყნის მტრობას. ან ეკლესიასთან რა დამოკიდებულება აქვთ, ხომ ყველა ხედავს?!

– ეკლესიასთან მიმართებაში არც ეკლესიის და ხელისუფლების პოზიციები ემთხვევა.

– ხელისუფლების განცხადებები საკმაოდ ზომიერია. თუმცა ამ ოპოზიციური არხებიდან რა ნიაღვარი მოდის ეკლესიის ლანძღვა-გინების, ყველა ვხედავთ.

ვიყავი წირვაზე. ტაძრებში დისტანცირება ყველაზე კარგად არის დაცული! ნეტა ეგეთი დისტანცირება ბაზარში და მარკეტებში იყოს. მარკეტში რომ შევდივარ, ხალხი ერთმანეთს არის მიტყუპებული, არანაირი დისტანცია არ არსებობს. შეიძლება ყველაფერზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა?! ადამიანს სულიერი საზრდო ხომ არ უნდა წაართვან?!

– ზიარების წესზეა ყველაზე დიდი კრიტიკა.

– შეურაცხმყოფელია მათი განცხადებები. რომან გოცირიძე რომ გამოდის და აცხადებს, თუკი ოლიმპიური ცეცხლი გადაიდო არ შეიძლება ღვთიური ცეცხლის გადმოსვლაც გადაიდოსო?! ასეთ ადამიანს საერთოდ რა უნდა ელაპარაკო?! ასეთი რამე გაგიგიათ საერთოდ, რომ ღვთიური ცეცხლის გადმოსვლა გადაიდოს?!

სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, ამ ზიარების კოვზით შიდსიანი, ტუბერკულოზიანი, ც ჰეპატიტიანი, ყველა არ იღებდა ზიარებას? მაშინ აქამდე გაწყვეტილები და დაავადებულები უნდა ვიყოთ ყველანი! ათას ავადმყოფს აზიარებენ და მერე ამ კოვზით თავად მამაოები იღებენ ზიარებას, მაშინ დახოცილები უნდა იყვნენ მამაოები!

არც სამედიცინო სფერო არ იციან, არც საეკლესიო ცხოვრება და აკეთებენ უაზრო განცხადებებს. ამ სიტუაციაში ასეთი დარტყმები არის ქვეყნის მტრობა!

ერთსაც ვიტყვი _ სანამ ეს მარგინალური ძალა იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე, მანამ იქნება “ქართული ოცნება” ხელისუფლების სათავეში.”

აი, ასე იქნება!