ოქრუაშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს

ოქრუაშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავსთავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბიშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას არც ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახის წევრები აპირებენ.

„ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ამით ხელი არ ეშლება, რომ შეიწყალოს. პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით მიმართვას არც ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება, როცა ოქრუაშვილთან ერთად სხვა პოლიტიკოსებიც პატიმრობაში რჩებიან, ჭაბაშვილი პასუხობს, რომ ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალებაა.

„ჩვენ წინ სააპელაციო, უზენაესი სასამართლო გვაქვს და დროში ჩატევა თუ უნდათ, პრეზიდენტს შეუძლია ოქრუაშვილი შეიწყალოს, ისევე როგორც გიგი უგულავა, მისი საქმე უზენაესშიც დამთავრებულია. ამ ორი ადამიანის შემთხვევაში, ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი პრეზიდენტის შეწყალება რჩება. საუბარი იყო ასევე, გიორგი რურუაზე, მისი საქმე სასამართლოში მიდის და პრეზიდენტი ვერ შეიწყალებს, გადაწყვეტილება სასამართლოს შეუძლია მიიღოს და აღკვეთი შეუცვალოს“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

თუ რამდენად რეალურად ეჩვენება, რომ პრეზიდენტმა დაკავებული პოლიტიკოსები შესაძლოა, შეიწყალოს, ჭაბაშვილი პასუხობს, რომ „დასასვლელი პარტნიორების რეაგირების ფონზე შანსი არის“.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

იპნ