იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ კრიზისს ებრძვიან, მათ შორის ასეთი ვითარება არის საქართველოშიც, რომელიც კრიზისს ამ ეტაპზე კარგად უმკლავდება. ამის პარალელურად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება და მოწინავე ექიმების ავტორიტეტს პიარისთვის იყენებს.
ამას გარდა იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით ვერ ატარებს ხისტ პოლიტიკას ეკლესიასთან მიმართებაში, ვინაიდან არჩევნებზე მისი მხარდაჭერა დასჭირდება.
დაიწყო თუ არა მმართველმა გუნდმა წინასაარჩევნო პიარზე მუშაობა და რაზეა დამოკიდებული მოპოვებული რეიტინგის შენარჩუნება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, პოლიტოლოგია კორნელი კაკაჩია საუბრობს.
– მიმდინარე მოვლენებს ცოტა პოლიტიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, ხომ არ დაინახეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისის პარალელურად წინასაარჩევნო პიარზეც მუშაობს?
– კრიზისის ფონზე საკმაოდ ხელსაყრელი ვითარებაა „ქართული ოცნებისთვის“. იმისათვის, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით აქტივობა. იქიდან გამომდინარე, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ე. წ. ერთი დროშის გარშემო გაერთიანება. ასე უწოდებენ ამ ფენომენს და აქედან გამომდინარე საკმაოდ ხელსაყრელი ვითარებაა „ქართული ოცნებისათვის“.
ოპოზიციამაც შეარბილა კრიტიკა „ქართული ოცნების“ მისამართით, ვინაიდან საერთო კრიზისია და ყველა ცდილობს კონსოლიდაცია მოახდინოს. ბუნებრივია ეს ხელს უწყობს მის წინ წარმოჩენას და ეს არის უნიკალური შანსი იმისათვის, რომ წარმოჩინდნენ ლიდერები, რადგანაც „ქართული ოცნების“ მმართველობისას ისინი ჩრდილში იყვნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ალბათ მოხდება პოსტკრიზისულ პერიოდში და ყველაზე მთავარია, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ მოპოვებული რეიტინგის შენარჩუნებას.
– დღეს წინ პლანზე საკმაოდ სოლიდური ასაკის სამეულია წამოწეული – გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე. იმასაც ხომ არ ხედავთ, რომ პიარის პროცესში ამ ადამიანების ავტორიტეტი ჩართოს საკუთარი გუნდის წარმატების წარმოსაჩენად?
– რა თქმა უნდა. ამას ცდილობენ და ეს ცუდიც არ არის. თუ გავითვალისწინებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, იქ ხელისუფლებებმა ვერ დათმეს ეს ინსტრუმენტი. ჩვენთან არის არაფორმალური მმართველობა და რისკები ძალიან დიდი იყო და დღეს ეს ადამიანები არიან მთავრობის სახელით სპიკერები ვირუსის მართვის თვალსაზრისით და ეს პრინციპში კარგია. რეალურად ამ კრიზისის მმართველები ისინი არიან.
ამით მოხდა ისიც, რომ თუ რამე სერიოზული შეცდომა მოხდებოდა, ეს აირიდა „ქართულმა ოცნებამ“ და პირდაპირი დარტყმა არ აიღო საკუთარ თავზე, მეხამრიდის როლს მაინც ეს ადამიანები შეასრულებენ და მეორე მხარეა ის, რომ ჩანს, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს და ამით მოვახერხეთ სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ კრიზისთან უკეთესად გამკლავება.
– ის კამპანია რამდენად გამართლებულია, რომ აი როგორი მაგარი კრიზისმენეჯერია გახარია და ა. შ?
– ამას „ქართული ოცნება“ დიდი ხანია მიმართავს. თავის დროზე იგივეს აკეთებდნენ კვირიკაშვილთან დაკავშირებით. ახლა უნდათ, გაავრცელონ მოსაზრება, რომ გახარია შეუცვლელია, მაგრამ მას ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი. არ უნდა დაგვავიწყდეს გახარიასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც 20 ივნისს უკავშირდება. აქედან გამომდინარე „ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებით საზრდოობდეს საზოგადოება, რათა გადაფარონ ის ნეგატივი, რომელიც გახარიას აქვს ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ვინაიდან არჩევნების დროს შესაძლოა გახარია იყოს კამპანიის ლიდერი.
– გამოჩნდა, რომ ეკლესია გავლენას ახდენს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. ეს საარჩევნო წლით ხომ არ არის განპირობებული, რომ რაღაცნაირად ეშინიათ თუ ანგარიშს უწევენ მღვდელმთავრებს?
– არა მარტო ხელისუფლებაზე, არამედ ოპოზიციაზეც და პრინციპში ჩვენ აქამდეც ვიცოდით ეს. ხელისუფლებაც და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ერიდება ეკლესიასთან პოლემიკას. იქიდან გამომდინარე, რომ მათ იციან, რომ ბუმერანგივით შეიძლება დაუბრუნდეთ საარჩევნო პერიოდში და მათ შეიძლება დაკარგონ ეკლესიის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ერიდებიან ამ პროცესს.
– თუმცა, ოპოზიცია მაინც უფრო თამამია.
– კი, მაგრამ ისინიც ვერ ბედავენ თამამად საკუთარი პოზიციის გამოხატვას და იმას, რომ თქვან ის, რაც საჭიროა. ბუნებრივია ეს ესმის ხელისუფლებასაც და ცდილობენ, რომ ორაზროვანი ფრაზებით ისაუბრონ და პოლემიკაში არ შევიდნენ მასთან.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალ-კონსერვატიული მიმდინარეობის ამომრჩეველია. ამიტომ ნამდვილად არ წაადგება მათი განაწყენება „ქართულ ოცნებას“.

