„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თანამდებობას ბოროტად იყენებენ, როდესაც უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უგულებელყოფენ.
სალომე სამადაშვილმა მთავარ პროკურატურას დღეს განცხადებით მიმართა.
„როდესაც ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია ყველანაირი მიმოსვლა ქვეყანაში, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო, ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და უკვე მეორე კვირაა იგნორირებას უკეთებს ჩვენს თხოვნას თანამშრომლობის შესახებ. ეს არის არა მარტო ამორალური საქციელი, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება შესაბამის კანონმდებლობას და ატარებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნებს, იმიტომ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი გახარია, ეკონომიკის მინისტრი თურნავა და სხვები ფაქტიურად, ბოროტად იყენებენ თანამდებობას და უგულებელყოფენ საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესებს. ამიტომ ჩვენ დღეს შევდივართ პროკურატურაში შესაბამისი მოთხოვნით, რომ აღიძრას საქმე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

