სამწევრისში მეზობლის მკვლელობისთვის ნ.ბ.-ს 9 წელი მიუსაჯეს

სამწევრისში მეზობლის მკვლელობისთვის ნ.ბ.-ს 9 წელი მიუსაჯესრუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მსჯავრდებულმა პირმა სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეზობელს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ბ.-მ 2020 წლის 1 თებერვალს, ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.