ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო და ალბათ, ამაზე კიდევ ერთხელ შედგება შეხვედრა, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საპატრიარქოსთვის დამაჯერებელი იქნება ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, ისინი ამას დაეთანხმებიან.
„თავისთავად, ეს გადაწყვეტილება, როგორც საპატრიარქომ აღნიშნა, შეთანხმებული არ იყო და ალბათ, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შედგება შეხვედრა და აღნიშნულის შესახებ საუბარი იქნება. თუ ჩვენთვის დამაჯერებელი იქნება ის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რასაკვირველია დავეთანხმებით, თუ არადა, ჩვენს მოსაზრებებს ვეტყვით“,-განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12:00 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია,“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
იპნ

