საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდებასაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე უნდა გახანგრძლივდეს. პრემიერის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ამ წინადადებით უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს.

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. პრემიერის თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით“, – განაცხადა გახარიამ.