თამარ ჩხეიძე – „თუ ჩვეულებრივ გრიპზე 650.000 ადამიანი იღუპება და რეაქცია არ აქვთ, ახლა რატომაა ასეთი პანიკა?!”

თამარ ჩხეიძე - „თუ ჩვეულებრივ გრიპზე 650.000 ადამიანი იღუპება და რეაქცია არ აქვთ, ახლა რატომაა ასეთი პანიკა?!"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოში დაგეგმილია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 10 მაისამდე. რა ხდება ამ პირობებში? როგორ იქცევა ოპოზიცია? როგორი დამოკიდებულება ყალიბდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ? რომელი ზომა უქმნის საფრთხეს საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლეს? ვის აწყობს საქართველოს სუსტი ეკონომიკის მთლიანად დანგრევა? ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს, თამარ ჩხეიძეს.

_ ყოფილი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2019 წლის ივნისის მოვლენებში მონაწილეობისათვის. არსებობს მოსაზრება, რომ ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტი 26 მაისისთვის შეიწყალებს. ეს მოსალოდნელია?

_ ამით დაირღვა შეთანხმება, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს. ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობით მიღწეული შეთანხმება. კარგი იყო, მაშინდელ ტექსტში ყოფილიყო უფრო მკაფიო ფრაზები პოლიტპატიმრებზე და არა ზოგადი განცხადებები. ასეა თუ ისე, შეთანხმება პოლიტპატიმრებზე დაირღვა. ხელისუფლებას მოუწევს გამოსავლის ძებნა. რა ფორმით გააკეთებს ამას, მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა, ეს იყოს შეწყალება.

_ ხელისუფლება აპირებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას 10 მაისამდე. საპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის დეტალურად წარმოდგენის შემთხვევაში.

_ ინფექციის წინააღმდეგ ზომების მიღება აუცილებელია, მაგრამ ოპოზიციამ თავიდანვე შეცდომა დაუშვა, როცა უპირობოდ და უტყვად, ერთსულოვნად  მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას 21 აპრილამდე. მეტაფორულად თუ ვიტყვით, ეს მოხდა ტაშის გრიალში. არ იგრძნობოდა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია საერთოდ არსებობს. თვითონ ოპოზიციას რაღაც წინადადებები ჰქონდა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებისაგან არანაირი გეგმა არ მოუთხოვია, შეკითხვები არ დაუსვამს.

არადა, ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა, სამარშრუტო ტაქსებით დაწყებული, მაღაზიებითა და ავტოგასამართი სადგურებით დამთავრებული. ადამიანები დარჩნენ პურის ფულის გარეშე. ეს არის დიდი დარტყმა ქვეყნისთვის და საფრთხის შემცველი ამ ადამიანებისათვის. საშიშროება ექმნება მათ სიცოცხლეს. სანიტარული და ჰიგიენური ზომები, დიდი თავშეყრის აკრძალვა აუცილებელია, მაგრამ ყოველთვის მოსაძებნია ოქროს შუალედი. ზომა არ უნდა აღემატებოდეს იმ საფრთხეს, რომლის წინააღმდეგაც მას იღებენ. თვითონ ზომა საფრთხედ არ უნდა იქცეს. მასობრივი ფსიქოზით ადამიანები არ უნდა დათრგუნო იმის გამო, რომ მათ შეიძლება შეეყაროთ გრიპის ტოლფასი დაავადება. მით უმეტეს, როცა ცნობილია სტატისტიკა.

_ რომელი სტატისტიკა?

_ ყოველწლიურად სეზონური გრიპებისაგან დახლოებით 650.000 ადამიანი იღუპება. ეს მაჩვენებელი მასშტაბურია, მაგრამ ამ გრიპების სეზონის დროს ხალხს არ აშინებდნენ, არ უჩვენებდნენ კუბოებს, არ აჩერებდნენ ეკონომიკას. კაციშვილი არ ამახვილებდა ამაზე ყურადღებას. ეს ჰგავს ერთ ანეკდოტს. კაცს ეკითხებიან, ცოლი რითი დაეღუპა. ის პასუხობს, გრიპისგანო. მაი არაფერიაო, ამშვიდებენ ჭირისუფალს. ჩვენც ასე ვართ _ თუ სეზიონური გრიპისგან, ან სისხლძარღვათა დაავადებისაგან იხოცება ხალხი, ეს არაფერია. მთავარია, კორონაინფექცია არ შეხვდეს.

_ გვიცხადებენ, რომ 14 აპრილიდან უკვე პიკია. დიდი ქალაქები დაიკეტა. ელით სხვა ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას?

_ არ გამოვრიცხავ. კიდევ ვფიქრობ, რომ ყურადღების ცენტრში იქნება ეკლესია.  ანტიეკლესიური ძალები ამ სიტუაციას ისევ გამოიყენებენ კამპანიისათვის ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ.

ეკლესიის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ის წარმატებულია და მასში მონაწილეობენ ისინიც, ვინც ეროვნული იდეისა და დემოკრატიის ერთგულად თვლის თავს. ერთი მხრივ, სარწმუნოებას ეს ძალები უტევენ. მეორე მხრივ, სასურველია, რომ საპატრიარქოს მხრიდან იყოს უფრო მოქნილი გადაწყვეტილებები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო მეფის რუსეთისა და ბოლშევიკური რუსეთის პირველი მტერი და სამიზნე. მათ ჩვენს ეკლესიას ვერაფერი დააკლეს. ვერც ახლანდელი ანტიეკლესიური ძალები ვერაფერს დააკლებენ. საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც არ უნდა მისცენ საბაბი ამ ძალებს თავისი აღმაშფოთებელი ბრძოლის საწარმოებლად.

_ აშშ-მ დაფინანსება შეუჩერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციამ არ მიაწოდა მსოფლიოს საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსზე და დაეყრდნო მხოლოდ ჩინეთის მონაცემებს. თქვენც გაგიჩნდათ კითხვები?

_ დიახ. უფრო სწორად, ასე ვიტყოდი _ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არანაირი აკვიატებები არ გამაჩნია. მინდა, მჯეროდეს, რასაც გვეუბნება, მაგრამ კითხვები თავისთავად ჩნდება. თუ ჩვეულებრივი სეზონური გრიპების დროს ამდენი ადამიანი იხოცება და არავინ ზომებს არ იღებს, ახლა რატომ ხდება შეტევა მსოფლიო ეკონომიკასა და ადამიანის უფლებებზე?  ხომ არ არის ეს მიმართული დასავლური სამყაროს და მისი ფასეულობების წინააღმდეგ?

მანამდე დასავლეთი ჩვეულ კალაპოტში ვითარდებოდა თავისი დემოკრატიული ღირებულებებითა და თავისუფალი ეკონომიკით. საქართველოში ამ სიტუაციას  პრობლემები ემატება.

_ რა პრობლემები?

_ საქართველოს ხელისუფლება იყენებს შექმნილ მდგომარეობას თავისი ანტიდემოკრატიული მისწრაფებებისთვის. ამ ხელისუფლებას რომ აქამდე ეკონომიკის გაძლიერებაზე ეზრუნა, ანაკლიის პროექტს არ ჩაშლიდა. საქართველოს ისედაც პატარა და სუსტი ეკონომიკა აქვს. რუსეთს მისი დანგრევა ყოველთვის უნდოდა. ახლა ამისათვის პირობები შეიქმნა. ამდენი ადამიანი დატოვეს უმუშევრად იმის გამო, რომ ამ ადამიანებს სიცხემ არ აუწიოს და ხველა არ დააწყებინოს. ყოველდღე რომ აშინებენ და კუბოებს აჩვენებენ, მათ ტვინებზე ზემოქმედებენ, ეს არ უნგრევთ მათ იმუნიტეტს? ამაზე ვერც ერთი მედიკოსი ვერ ფსიქოზი აქვეითებს იმუნიტეტს, ისევე, როგორც უმოძრაობა და შიმშილი.

_ უმოძრაობაში რა იგულისხმება?

_ 70 წელს  ზემოთ მყოფ ადამიანებს გარეთ გასვლა აუკრძალეს. არადა, მოძრაობა აუცილებელია სისხლის მიმოქცევისათვის. უძრავად მყოფი ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს.

შემოსავლის გარეშე ხალხის დატოვება, ასევე 70 წელს ზევით ხალხის გარეთ გასვლის აკრძალვა მომაკვდინებელია. არის კიდევ არამომაკვდინებელი და ნახევრად კომიკური აკრძალვები.

მაგალითად, ცოლ-ქმარი მანქანაში ერთმანეთის გვერდით ვერ დაჯდება.