თინა ბოკუჩავა – „ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონის მობილიზება ოფშორების მიერ მოხდა“

თინა ბოკუჩავა - „ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონის მობილიზება ოფშორების მიერ მოხდა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა კოვიდ 19-თან ბრძოლის ფონდში ივანიშვილის შემოწირულობაზე საუბრობს.

_ პანდემიის წინააღმდეგ შექმნილ სამთავრობო ფონდში ივანიშვილმა 100 მილიონიანი შემოწირულობა გააკეთა. თქვენ პირადად როგორ უყურებთ ამ საკითხს?

_ პარასკევს გავრცელდა საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია და ამაზე შაბათს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში განცხადებაც შევიტანეთ, იმისათვის რომ მოხდეს ამ 100 მილიონი ლარის წარმომავლობის შესწავლა.

ჩვენ კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ თანხის მობილიზება მოხდა ოფშორული კომპანიის მიერ, რომელიც მონაწილეობს ხოლმე სარკინიგზო გადაზიდვებში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ივანიშვილი იღებს ფულს საქართველოს მოქალაქის ჯიბიდან და ვითომ ქველმოქმედების სახით რიცხავს ამა თუ იმ ფონდში. ამ შემთხვევაში კოვიდ 19-ის დაძლევის მიზნით შექმნილ ფონდში. ეს არის სრული ცინიზმი და ამას საქართველოს მოქალაქეებმა დაინახავენ სიმართლის გარკვევით. ეს არის მოპარული ფული, რომელსაც ქველმოქმედებად ასაღებს ივანიშვილი. ჩვენ გვინდა ამის გარკვევა და ამიტომ მივმართეთ მონიტორინგის სამსახურს.

ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებს როდესაც ჰკითხეს, რომ ვინ ჩარიცხა „ქართუში“ ფული იმისათვის, რომ შემდეგ გადარიცხულიყო კორონას წინააღმდეგ შექმნილ ფონდში, მათ თქვეს, რომ ივანიშვილის ოჯახმა. ოჯახი არ არის იურიდიული პირი და ის ან პირადი ანგარიშიდან უნდა გადაირიცხოს, ან კომპანიის ანგარიშიდან. თუ არ გაასაჯაროებენ კონკრეტულ ინფორმაციას და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას არ მიაწვდიან, მაშინ ჩვენი ეჭვები მხოლოდ გაიზრდება, რომ ეს მართლაც არაკანონიერად და კორუფციული გზით მობილიზებული ფული იყო, რომელიც ივანიშვილმა ქართველ ხალხს ერთი ჯიბიდან ამოაცალა და მეორეში ჩაუდო, ოღონდ ეს გაიფორმა, როგორც საკუთარი ქველმოქმედება.

_ „იმედის“ ინტერაქტივის თანახმად, სახელმწიფოს მტრობად გამოცხადდა, ვინც კმაყოფილებით არ შეხვდა ივანიშვილის შემოწირულობას.

_ „იმედი“ რუსულ პროპაგანდისტულ არხებსაც ეჯიბრება, მე მგონი, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით, სადაც კრიტიკული აზრის არა თუ გამოთქმა, ალბათ მისი გაელვებაც კი სახელმწიფო მტრობად გამოცხადდება და რაღაც მუხლსაც მოგვისჯიან ამის გამო. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს, როდესაც სახელმწიფო ამბოხებას თუ სახელმწიფო გადატრიალებას იმის გამო გვაბრალებენ, რომ კრიტიკული მოსაზრებები გვიჩნდება, ამიტომ ამ ტელეკომპანიაზე მე აქცენტს ვერ გავაკეთებდი.

ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ლეგიტიმურია კითხვების დასმა. ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ შეისწავლოს ამ ფულის წარმომავლობა. კითხვების დასმა დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია და ძალიან ვწუხვარ, რომ „იმედის“ ჟურნალისტებს, რედაქტორებს თუ ხელმძღვანელებს ნიკა ლალიაშვილის თაოსნობით ეს არ უსწავლიათ არც ჟურნალისტიკის სწავლებისას და არც პრაქტიკაში მიიღეს ეს გამოცდილება.

კრიტიკული აზროვნება ადამიანის ღირსებაა და არა პირიქით.