უკრაინაში რუსების ნების შემსრულებელი გენერალი „შაიტანი“ დააპატიმრეს

უკრაინაში რუსების ნების შემსრულებელი გენერალი „შაიტანი“ დააპატიმრესვის მკვლელობას გეგმავდა მოღალატე გენერალი

ბოლო დღეებია, უკრაინაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად უკრაინელი გენერლის ღალატი და ჯაშუშური თამაშები იქცა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საკუთარი უწყების მაღალჩინოსანი-გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააპატიმრა. მას ბრალად რუსეთის სპეცსამსახურებზე მრავალწლიან მუშაობას და ტერორისტული აქტის ორგანიზებას  უყენებენ. ბრალდებების გასამყარებლად და ერთ-ერთი სამხილის სახით უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა აუდი ფაილები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც, შაიტანოვი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან კონკრეტული მკვლელობის დეტალებს განიხილავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ივან ბაკანოვის თქმით, „სამწუხაროდ, ადამიანი, რომელმაც „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ გენერლის წოდება მიიღო და რომელსაც უკრაინა უნდა დაეცვა, სინამდვილეში მის წინააღმდეგ მუშაობდა.“

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, შაიტანოვი რუსების დავალებით, ცნობილი, ეთნიკურად ჩეჩენი მებრძოლის ადამ ოსმაევის მკვლელობას გეგმავდა, რომელიც წლებია უკრაინის მხარეზე, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. სხვათა შორის, 2017 წელს ოსმაევის ლიკვიდაცია ორჯერ სცადეს, ბოლო და განსაკუთრებით რეზონანსული თავდასხმის დროს მისი მეუღლე-ამინა ოკუევა დაიღუპა.

რაც შეეხება გენერალ-მაიორ შაიტანოვს, ის უკრაინულ სპეცსამსახურებში წლებია მუშაობდა და საკმაოდ დიდი წონაც ჰქონდა. იგი სპეციალური ოპერაციების ერთ-ერთ ცენტრს ხელმძღვანელობდა და როგორც გამოძიების მასალებიდან მკაფიოდ ჩანს-პირდაპირ კონტაქტზე იყო „ეფ-ეს-ბე“-ს პოლკოვნიკ იგორ ეგოროვთან. ამ კურატორის დავალებით, გენერალმა შაიტანოვმა ადამ ოსმაევის მკვლელობა დაგეგმა და შემსრულებელიც აიყვანა, რომელიც სპეცდანაყოფების ყოფილი მებრძოლი იყო. ეგოროვი კი ამ ყველაფრის საფასურად 200 ათას დოლარს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს და თადარიგის ოფიცრის მოწმობას პირდებოდა. რამდენიმე საუბრის დროს, მათ ოსმაევს „მარადონა“, „კაპიტანი“ შეარქვეს და „უსასრულო ნადირობის ქვეყანაში“ გაშვება დაუგეგმეს.

აუდიოფაილები უკრაინელმა სამართალმდაცმველებმა უკვე გამოაქვეყნეს. მკვლელობის დაგეგმვის დროს საუბარია იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს კვალის დაფარვა, წილების გადანაწილება და სხვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „პოლკოვნიკი ეგოროვი „ეფ-ეს-ბე“-ს კონტრდაზვერვის ოპერაციების  სამსახურის თანამშრომელია, რომლის სპეციალობაში სადაზვერვო და ტერორისტული აქციების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება შედიოდა, როგორც უკრაინის, ისევე სხვა ქვეყნების ტრიტორიებზე.“ ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2014 წლამდე ეგოროვი ხშირად ჩადიოდა სამსახურეობრივ საქმეებზე უკრაინაში, ორი ქვეყნის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. თუ როგორ „გააღრმავა“, ესეც ახლა გამოჩნდა. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ მოახერხა მან უკრაინელის „დავერბოვკება“. ასევე, გამოძიებამ შაიტანოვის და ეგოროვის შეხვედრების აღბეჭდვა ევროპაშიც შეძლო. ბოლო წლებში ისინი საფრანგეთის, გერმანიის და ხორვატიის ტეროტიროაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ასევე, უკრაინელი თავის კურატორს სხვადასხვა ღირებულ, საიდუმლო ინფორმაციასაც აწვდიდა, მათ შორის „ატო“-ს (ანტიტერორისტული ოპერაციების რაიონი) ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი ოპერაციების შესახებ.

მოღალატე გენერალს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას სახელმწიფო ღალატის გარდა, ტერორისტული აქტის დაგეგმვასაც ედავებიან.

ბუნებრივია ეს თემა რუსეთის სახელისუფლებო მედიისთვის და ექსპერტებისთვის დიდი განხილვის საგნად იქცა. პროპაგანდისტულმა არხებმა ამას მთელი გადაცემები მიუძღვნეს და ყველანაირად სცადეს აბუჩად აეგდოთ უკრაინელების გამოძიებაც და მტკიცებულებებიც. რუსული საინფორმაციო საშუალებები და კრემლის მესვეურები კვლავ უმტკიცებენ მსოფლიოს, რომ არც ერთი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან, არ აგზავნიან მკვლელებს და არ ცდილობენ ქაოსის, დესტაბილიზაციის შექმნას. თუმცა, არც თუ ისე შორეულ წარსულში სწორედ რუსული სპეცსამსახურების კვალი დაფიქსირდა და თანაც არაერთხელ-ინგლისში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, სერბეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში. სწორედ კრემლს ედავებიან სკრიპალის მოწამლვას, სწორედ რუსეთის საელჩოების მაღალჩინოსნები გააძევეს რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, სწორედ კრემლის კვალი გამოჩნდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბერლინში და ჩეჩენი ბლოგერის იმრან ალიევის მკვლელობაში-საფრანგეთში; ეს კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქმედებებიდან, რომელსაც „კეთილისმყოფელი“ და „მსოფლიოს გადამრჩენელი“ რუსეთი მუდმივად სჩადის.

ქეთევან სანიკიძე

https://www.facebook.com/SecurSerUkraine/videos/845866269245021/?__tn__=-R