„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მოღვაწეობას, შრომას, გარჯას ნამდვილად ახლავს იმის ცდუნება და სურვილი, რომ დაპყრობილი მწვერვალიდან ყველას გასაგონად დაიძახო, რომ შენ ეს შეძელი. ყველას გააგონო დაღლილი, აქოშინებული სხეულის მძიმედ სუნთქვის ხმა და აჩვენო დამსკდარი თუ მოყინული ხელფეხი, რომლითაც იქ, იმ სიმაღლემდე ააღწიე. გსურს სამყაროს მოუყვე, თუ რა ფასად დაგიჯდა ეს, რა რთული იყო და რა მოითხოვა შენგან ამ გამარჯვებამ.
რადგან, სხვა ათასგვარ ჯილდოსთან ერთად, მიწიერი, ამქვეყნიური გარჯის და გამარჯვების გვირგვინი სწორედ ესაა – აღიარება, ამქვეყნიური დაფასება.
მაგრამ, რელიგიური სიმაღლეების წვდომის საზომი, ნუგეშიცა და ჯილდოც სრულიად სხვაგვარია – არამქვეყნიურია, სამოთხისეულია და ეს უპირველესად შინაგანი მდგომარეობით მიიღწევა, სწორედ დაფარული და გაუცხადებელი ღვაწლით მოიპოვება, რათა მადლობა არა “აქ”, არამედ “იქ” მიიღო.
ამიტომ არ აცხადებდნენ წმინდანები თავის სათნოებას, არ ყვებოდნენ შრომის სიმძიმის და მიღწევების თაობაზე. და საერთოდ, მთავარი საზრუნავი იყო არა იმდენად ფორმა, რამდენადაც შინაარსი.
მთავარი იყო არა ფიზიკური სივრცე, მიდამო და ადგილი, არამედ გული, სადაც მიმდინარეობს კიდეც ადამიანის მეტამორფოზა, ამ სიტყვის დადებითი თუ უარყოფითი მნიშვნელობით.
გულისმიერი ღვაწლის, ფიზიკური სივრცის მნიშვნელობაზე უპირატესობის მაგალითია დავით გარეჯელი, რომელიც არ შევიდა იერუსალიმში და როგორც გარდამოცემა გვეუბნება, შორიდან რწმენით მლოცველმა იმაზე მეტი მადლი მიიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა მომლოცველმა.
ამის მაგალითია ბევრი წმინდანის ცხოვრება, თუნდაც მარიამ მეგვიპტელისა, რომელიც სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ეზიარა, თუმცა მისი სულიერი სიმაღლე წარმოუდგენლად დიდია, რადგან ეს სიმაღლე მოპოვებულ იქნა არა რიტუალებში ფიზიკური მონაწილეობის სიხშირით (რაც ასევე მნიშვნელოვანია ამისთვის სათანადო დროს), არამედ მოპოვებული იქნა ღმერთის დაუცხრომელი ძიებით, შემოქმედის მის გულში აღზრდით, შინაგანი ქრისტიანობით, რომელსაც, რა თქმა უნდა სჭირდება რიტუალები, მაგრამ სჭირდება არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსით. შინაარსი კი გვეუბნება, რომ ღმერთი იხილვება გულით.
მე მჯერა, რომ ახლა უპირატესობა გულისხმას, ღმერთის ნამდვილ და არა მოჩვენებით ძიებას და სხვათა მიმართ თანაგრძნობას მიენიჭება, იმ სხვათა მიმართ, რომლებთან ერთადაც, მოვა დრო და ვირუსთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების შემდეგ, აღდგომის იმ მშვენიერ ღამეს, სიხარულით ანთებული სახეებით, ეკლესიების ეზოებს კვლავ გადავავსებთ. რადგან, თუ ის სხვა აღარ იქნა, აბა რა სიხარული ექნება აღდგომის დღეს? თავად მკვდრეთით აღდგომილი ღმერთიც ხომ სწორედ იმ ერთისთვის და ყოველი ჩენგანისთვის ეცვა ჯვარს და აღდგა დიდებით”, – წერს გაბუნია.

