ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმესბათუმში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 26 პირი 1.000-1.000 ლარით დააჯარიმეს, მათ შორის არიან ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა.

30 პირი გუშინ, 27 მაისს, ბათუმში დააკავეს ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციაზე. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული ახლობლების – რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაკავებულთაგან 9 წუხელვე გაათავისუფლეს ხელწერილით.

მოსამართლე როინ კახაძემ რამდენიმე დღით გადადო ბრალდებულ რეზო წულუკიძის მამის საქმის განხილვა. მოსამართლემ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ირაკლი ჭელიძის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა.

„გადაწყვეტილი აქვთ, ფინანსურად შეგვზღუდონ. ჩვენ ჯარიმებით ვერ შეგვაშინებენ, გავაგრძელებთ მაქსიმალურად მშვიდობიანად პროტესტს,“ – უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო განხილვის შემდეგ ფირუზ წულუკიძემ. ის ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმაა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს პოლიციელებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯერ უცნობია, როდის ან რა ფორმით გაგრძელდება საპროტესტო აქცია.

ბრალდებულების ახლობლები მიიჩნევენ,  ისინი უკანონოდ დააკავეს, რადგან, მათივე თქმით, 7 მაისს, ჩხუბის დროს დაკავებული 2 პირი მხოლოდ თავს იცავდა, ხოლო ვინც მათ სცემა და დანით დაჭრა, დაკავებულები არ არიან.

ბათუმელები