ბოლნისი 18-დან 22 მაისამდე ჩაიკეტება

ბოლნისი 18-დან 22 მაისამდე ჩაიკეტება18 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ზომები მკაცრდება და მოქალაქეებს შიდა გადაადგილებაც ეზღუდებათ.

შეზღუდვების შესახებ დადგენილება მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე, 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერილ დადგენილებაში ნათქვამია:

მუნიციპალიტეტში იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა;
იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.
შეზღუდვები არ ეხება:

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;
სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;
იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.
შეზღუდვები ეხება ეკონომიკურ საქმიანობასაც და ჩერდება ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – გეტასა და მუშევანში, კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დადასტურდა. ბოლნისში ზომების გამკაცრება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

მთავარი