დიტო როსტომაშვილს ძმები ჩეკურიშვილების მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიესაჯა

დიტო როსტომაშვილს ძმები ჩეკურიშვილების მკვლელობის მცდელობისთვის 17 წელი მიესაჯაბრალდებულს, რომელსაც წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

ძაღლების ჩხუბის საფუძველზე, ბრალდებულ დიტო როსტომაშვილს და  არასრულწლოვან ძმებს, ერეკლე და დათო ჩეკურიშვილებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც, განაწყენებულმა ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძმებს დამიზნებით ესროლა.

„2020 წლის 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ბრალდებულ დ. რ.-ს მიმართ და მას წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, თბილისში, 2019 წლის 9 აგვისტოს ღამის საათებში, ძაღლების ჩხუბის საფუძველზე, ბრალდებულსა და არასრულწლოვან ძმებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, განაწყენებულმა ბრალდებულმა მოკვლის განზრახვით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, დამიზნებით ესროლა ძმებს. ბრალდებულმა ერთ-ერთ დაზარალებულს სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები თავის არეში მიაყენა.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა საქმეში არსებული და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ბალისტიკური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია დ. რ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ