გედევან ფოფხაძე – “ოცნებამ” სააკაშვილის ხელისუფლებაზე ეფექტური სახელმწიფო სისტემის შეთავაზება ვერ შეძლო”

გედევან ფოფხაძე - "ოცნებამ" სააკაშვილის ხელისუფლებაზე ეფექტური სახელმწიფო სისტემის შეთავაზება ვერ შეძლო"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო გედევან, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ, არსებული მონაცემებით, ოქტომბერში არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება. ოპოზიცია მზად არის, პოლიტიკური პროცესი განაახლოს?  

– მთავარი ამოცანა არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებაა. თუ სრულფასოვნად ვერ ჩატარდა, მაშინ არც შედეგი იქნება სრულფასოვანი. ასეთი არასრულფასოვანი არჩევნები საბჭოთა კავშირში იყო, კომუნისტური პარტია ატარებდა. ადამიანებს თუ არ მიეცათ გააზრებული არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება.

ამომრჩეველი ოპოზიციურ სპექტრს საერთოდ ვერ ხედავს, პოლიტიკური სივრციდან არის გამქრალი. ამომრჩევლებიც, როგორც შინაური ცხოველები, ისე დასვეს სახლებში. თუ ასეთი კონფიგურაცია დგება, მაშინ არჩევნების თარიღზე საუბარი ცოტა უხერხულია. არჩევნები, პირველ რიგში, ადამიანებთან ურთიერთობას, ინტერაქციას გულისხმობს. თუ ამომრჩეველი არჩევნების თანამონაწილე ვერ გახდა, თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში, ამ შემთხვევაში არჩევნების დღე ფიქციაა.

– თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში ონლაინარჩევნები ვერ ჩატარდება.

– გეუბნებით, ეს არ იქნება სრულფასოვანი არჩევნები! როგორ ჩატარდება, როდესაც სოფლებში ხალხს ინტერნეტი არ აქვს.

– ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს. თქვენც იზიარებთ ამ მოსაზრებას?

– გარკვეულწილად, ეს ასეა. ხელისუფლებამ, ნაწილობრივ მაინც, ამ ვირუსით ბოროტად ისარგებლა. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ოდესღაც მაინც გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც უანგარო იქნება და სახელისუფლებო ბერკეტს თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებს, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასწარი განწყობა ნამდვილად შექმნა. მე ვთვლი, რომ მოცემულობა, რომელიც შეიქმნა ხელისუფლებამ, რაღაცა დონეზე სათავისოდ გამოიყენა და იყენებს. ასევე, ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციაში არავინ ვართ იმ შესაძლებლობის, ჯიბეზე ერთი ხელის გაკვრით 100 მილიონი გადავრიცხოთ. არც იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ მერე ბიუჯეტის ხარჯზე გარკვეული ბონუსები მივიღოთ. ეს არის არსებულო მოცემულობა, სამწუხაროდ. ამ ფონზე ვინ ჩანს პოზიტიურად? ისინი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნით ხეირობენ.

– ქვეყანაში, სანამ ეპიდემია იქნებოდა, სხვა პოლიტიკური განწყობები იყო. დღეს, როგორც ჩანს, ეს განწყობები შეიცვალა. “ოცნება” შეძლებს, ეს განწყობა არჩევნებში გამარჯვებაში გადაზარდოს?   

– თავისუფალი არჩევნები თუ ჩატარდება, მაშინ გაუჭირდება. მაშინ  შეფასების საგანი არ იქნება მხოლოდ ეპიდემიასთან გამკლავება. თუ შეფასდება 7-წლიანი მმართველობა, განვლილი პოლიტიკური პროცესები, შეუსრულებელი დაპირებები, მაშინ რთული იქნება. მოლოდინები ვერ გამართლდა. მე დღეს იმიტომ ვარ ოპოზიციაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩემი მორალური სტანდარტი დაანგრია. მან შექმნა სახელმწიფო, სადაც არ არის თავისუფალი ბიზნესი, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, სადაც არ არის ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი, მთელი სახელმწიფო ვერტიკალი აღრეულია. ხალხი, რომელიც ხელისუფლების წყაროა, საერთოდ გამქრალია პროცესიდან.

რეალურად ჩვენ ვიღებთ სახელმწიფოს, რომელიც, შეიძლება, მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ხალხი გამქრალია სახელმწიფოს ცხოვრებიდან. საკმარისია, ხალხი შემოვიდეს სახელმწიფოს ცხოვრებაში, ის ვერ პასუხობს მის მოთხოვნებს და არაადეკვატური ხდება. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ მე დღევანდელობაზე ვსაუბრობ. არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც ხალხის მიმართ აქვს ამ ხელისუფლებას. მან ვერ შეძლო სააკაშვილის ხელისუფლებაზე უფრო ეფექტური სახელმწიფო სისტემის შეთავაზება. ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ის თვითგადარჩენის ინსტინქტით მოქმედებს და ამაში ვირუსსაც იყენებს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არ დათმობს პოზიციას. ის იტყვის, მე არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემზე უკეთესი არავინ არისო.

– კვლავ ამ ჭრილში წაიყვანს წინასაარჩევნო პროცესს?   

– დიახ, ისევ იქნება პოლარიზება. ჩემზე უკეთესი არავინ არის და, თუ მე არ ამირჩევთ, ნაციონალური მოძრაობა მობრუნდება! ნაციონალური მოძრაობა კი ხალხს გამოცდილი აქვს. საუბარი იმაზე, რომელი მიტინგი უფრო სასტიკად დაირბა, 26 მაისის თუ 21 ივნისის, არა მგონია, რომელიმე ხელისუფლებას კარგად წარმოაჩენდეს.

გასაგებია, ისინი უფრო სასტიკები იყვნენ, მაგრამ ამათ მიერ ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრაც უკვე ისტორიაა. ამიტომ ობიექტური სტანდარტით არჩევნებში არც ერთს არ უნდა ჰქონდეს შანსი. თუ მაინც ნაცებთან შედარებითი დახასიათება უნდა დაიწეროს, მე ვიტყვი, რომ ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ამ ქვეყანასა და ხალხს სჭირდება. ჩვენ წინ წასვლა გვჭირდება და არა – უკან დაბრუნება და ჩხარტიშვილის სტანდარტი.