გიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდებაკორონავირუსის პრევენციის გამო, დაწესებული კომენდანტის საათის შეზღუდვა ხვალ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პასუხისმგებლობა იზრდება როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოებისაც, პირბადეების ტარება და ჯანდაცვის წარმომადგენელთა სხვა რჩევები კი ძალაში რჩება.

„რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება – ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, ყოველდღიური ცხოვრების მხრივ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი“, – განაცხადა პრემიერმა.