“ამერიკის განცხადება, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, ამ მთავრობის განაჩენია”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრაზე რა გადაწყვეტილება მიიღეთ? რამდენად საფრთხის ქვეშ დგას 8 მარტის შთანხმება?
– შეხვედრა დასრულდა ისე, რომ ჩვენი ყველას პოზიცია არის ერთიანი. ყველა, ვინც ვიმყოფებოდით ამ შეხვედრაზე, ყველას პოზიცია არის ის, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო ორპუნქტიანი. აღარ დგას საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ იყო თუ არა იმ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე საუბარი, რადგან სენატორებმა, ევროპარლამენტარებმა, უკვე პირდაპირ იხმარეს ეს ტერმინი, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთმა აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები და ხელისუფლებას მოუწოდა მათი განთავისუფლებისკენ.
თუ ხელისუფლება ამ პირობას შეასრულებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესრულდება მეორე პუნქტი და ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
– ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, რომ ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ა.შ.
– თალაკვაძეს, კობახიძეს, მდინარაძეს და კიდევ დანარჩენებს ვურჩევ, კარგად წაიკითხონ სენატორების განცხადებები. ისინი აცხადებენ, რომ უნდა შესრულდეს შეთანხმების ორივე პუნქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკასაც და ევროპასაც სიტყვა პოლიტპატიმარი ათქმევინა. ივანიშვილმა მოახერხა ისიც, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულების მქონე ოპოზიციური პარტიები გაგვაერთიანა და მოახერხეს ისიც, რომ დასავლეთს ათქმევინეს ღიად, რომ ქვეყანაში ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ!
– თუ არ გაათავისუფლეს?
– ჩვენი შეხვედრის შედეგი არის ის, რომ თუ არ იქნებიან განთავისუფლებულები ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა, 8 მარტის შეთანხმება ჩაითვლება ჩაშლილად და ამ ჩაშლის ერთადერთი თავი და თავი იქნება მხოლოდ ხელისუფლება და არავინ სხვა.
– თუკი საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო კანონს, “ქართული ოცნება” ოპოზიციას დააბრალებს ამ კანონის ჩავარდნას და შეთანხმება 120/30-ზე გაუქმდება. არჩევნები კი ძველი სისტემით ჩატარდება. რამდენად არის მზად ოპოზიცია, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე?
– არანაირი პასუხისმგებლობის აღება ოპოზიციას არ მოუწევს და ვერავინ ვერაფერს დაგვაბრალებს, მათ შორის ხელისუფლება. ყველას კარგად ახსოვს ბიძინა ივანიშვილის პირობა. გამოვიდა და გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და იქნება ნულოვანი ბარიერი. ამის შემდეგ კანონი გაიტანეს პარლამენტში და ამავდროულად გამოაცხადეს, რომ გუნდში ვიღაცეები აუმხედრდნენ. ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, ეს კანონპროექტი მაინც ჩავარდა.
ახლა ვინმეს სჯერა, რომ ისეთი მაჟორიტარები აუმხედრდნენ ივანიშვილის, რომელთა სახელი და გვარი ოჯახის წევრების მეტმა არავინ იცის?! ამ ამბავს მეორეკლასელი ბავშვი არ დაიჯერებს. ასე რომ, ტყუილად ნუ შეეცდებიან, ოპოზიციას გადააბრალონ.
ოპოზიცაიმ მხარი რომც დაუჭიროს, ივანიშვილმა თუ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი უნდა ჩავარდეს, როგორმე მოახერხებს და მოძებნის 27 დეპუტატს, ახალ ამბოხებულებს, ვინც უარს იტყვის და მაინც ჩააგდებს ამ კანონს.
– ანუ ოპოზიცია არაფერ შუაშია?
– როგორც ორჯერ ორი ოთხია, ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალებს. თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ 120/30-ზე მისთვის მისაღებია, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშეც მიიღებენ, ხოლო თუ მოინდომეს, ოპოზიციის ხმის მიცემის მიუხედავად, მოძებნიან 27 უთავო მხედარს, ვინც ხმას არ მისცემს და ჩააგდებენ კანონპროექტს.
– ანუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ივანიშვილს სურს?
– რა თქმა უნდა. ივანიშვილი დაგვპირდა პროპორციულ სისტემასაც. შემდეგ მასთან მივიდნენ, წინ დაუწყვეს კვლევები და ნახეს, რომ კატასტროფულად აგებდნენ. სწორედ ამის გამო მოხდა ის დიდი გადაგდება. შემდეგ, როგორც იქნა, თქვეს, რომ მოდით იყოს 120/30-ზე, მაგრამ აქაც ეშინიათ, იციან, რომ ამ სისტემითაც გაუჭირდებათ და ამის ჩაგდება მოინდომეს. მათ მხოლოდ დღევანდელი სისტემის იმედი აქვთ, რომ რაც შეიძლება ბევრი მაჟორიტარი ჰყავდეთ და ამით დააბალანსონ.
– ხელისუფლება უტეხად ამტკიცებს, რომ არ ყოფილა შეთანხმება პოლიტპატიმრებზე. ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ?
– საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკვე ნახა. ჩვენ ვნახეთ სენატორ რიშის განცხადება, რომელიც არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ადამიანი არის ძალიან სერიოზული ფიგურა. ამ ადამიანმა დაწერა, რომ ეს არის შეთანხმების დარღვევა და მან ევროკავშირის ელჩების ერთობლივი განცხადება მიაბა თავის წერილს.
რიში არ ეყრდნობა ნაციონალურ მოძრაობას ან რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ის ინფორმაციას იღებს ამერიკის ელჩისგან. მან დაწერა ის, რა ინფორმაციაც მიიღო. ამერიკის ელჩი არის ის ადამიანი, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა და რომელიც იყო უშუალო მედიატორი ამ მოლაპარაკების. ეს იყო მათი ერთობლივი ნათქვამი.
ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ივანიშვილი მათ გადაგდებას კიდევ ერთხელ აპირებს. ყველა დონეზე გაკეთდა განცხადება და მეტი რაღა ქნან დიპლომატებმა და სენატორებმა?! უკაცრავად და ქუჩურ გარჩევებს ხომ არ მოუწყობენ ჩვენს ხელისუფლებას?!
– რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა?
– ივანიშვილს კატასტროფულად ეშინია ამ 120/30-ის. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, ისინი ამ სისტემით კატასტროფულად აგებენ არჩევნებს. აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი.
ივანიშვილი ცდილობს, რომ როგორმე დიდ დროში გაიწელოს ეს ყველაფერი. მას ჰგონია, რომ პანდემიაზეა გადართული მთელი მსოფლიო და არავინ მიაქცევს ყურადღებას ამ შეთანხმებას. არა, ბატონო, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. როგორც კი თალაკვაძემ და კობახიძემ გააკეთეს განცხადებები, იმ დღესვე, შუაღამეს, წამოვიდა ამერიკიდან კინზინგერის და რიშის განცხადებები. სხვა მეტი რა უნდა მომხდარიყო?!
კობახიძე უკვე სამი დღეა, ამბობს ერთ ძალიან მარტივ ტყუილს, რომ ოქრუაშვილი აპირებდა პარლამენტში შეჭრას და მას ხუთი წელი იმიტომ მიესაჯა, რომ ორგანიზებას აკეთებდა პარლამენტში შეჭრის.
– ეს ბრალდება ხომ მოუხსნეს ოქრუაშვილს?
– დიახ, ეს ბრალდება ოქრუაშვილს არ აქვს და კობახიძე უხეშად ტყუის. ოქრუაშვილს აქვს მხოლოდ იქ დგომისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდება, რასაც აკეთებდა იქ მყოფი 50 ათასი ადამიანი. კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამბობს, რომ ეს იყო ორგანიზება და ოქრუაშვილი შტურმით იღებდა პარლამენტს.
– რამდენად დაუშვებს დასავლეთი, ოპოზიცია და ქართველი საზოგადოება, რომ ივანიშვილმა თავისი გაიტანოს?
– რიშის, ამერიკის განცხადება, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, ამ მთავრობის განაჩენია.
შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება სანქციები, რომლებიც შეეხება ივანიშვილს და მის ანგარიშებს.

