ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილს საუკეთესოს ვუსურვებ – ოპოზიციაში მშვიდობიან გადასვლას“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ივანიშვილს საუკეთესოს ვუსურვებ - ოპოზიციაში მშვიდობიან გადასვლას“„ოქტომბრის არჩევნებმა უნდა მოიტანოს ახალი, გარდამავალი კოალიციური მთავრობის შექმნა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ეს მოხდა საერთაშორისო ზეწოლის და დასავლეთში გაკეთებული უმწვავესი განცხადებების შედეგად, სადაც ზოგიერთმა სენატორმა და ევროპარლამენტარმა „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრეს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები.
ციხიდან გათავისუფლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
– გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ პირველი გაჯიუტების შემდეგ ასე მარტივად დათმობდა პოზიციებს. 2 დღეში მას მოუხდა გადაწყვეტილების შეცვლა, როგორ ფიქრობთ, რატომ?
– მე არ ვთვლი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე დათმო. მოხდა შეთანხმება და „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება და ამ ვალდებულების მიხედვით მას ჩვენი გამოშვება უკვე ნაკისრი ჰქონდა. შესაბამისად, მას ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა. ასე რომ, ეს პროცესი ამ შედეგით დასრულდებოდა. ეს არ იქნებოდა 15-ში, იქნებოდა 25-ში. მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ამ ვალდებულებას არ შეასრულებდა „ქართული ოცნება“, ეს არ გამოვიდოდა. ეს არ მოხდებოდა იმის გამო, რომ ამ ვალდებულების შესრულებაში არბიტრებად ჩართულები არიან უდიდესი მოთამაშეები – ჩვენი პარტნიორები როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. შესაბამისად, განცხადებები, რომ ეს ვალდებულება არ ამიღია, ეს პირობა არ დამიდია და ა. შ. იყო მასკარადი და „ქართული ოცნება“ ამ ვალდებულებების შესრულებისგან თავს ვერ დაიძვრენდა.
– მაშინ რას ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ თქვენ?
– ძალიან ბევრი ვერსია მოვისმინე იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის მიზეზი. იყო ვერსია, რომ ამ კორონავირუსის შედეგად ხალხმა ჩათვალა, რომ გაცილებით უფრო ეფექტურები არიან, იყო ვერსია, რომ ივანიშვილს აღარ უნდა ამ შეთანხმების შესრულება და რომ ჩაგდება უნდა საკონსტიტუციო ცვლილებების, რასაც ასევე არ ვეთანხმები. არც პირველ და არც მეორე ვერსიას არ ვეთანხმებოდი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ გაეზარდათ რეიტინგი, მით უმეტეს, არ სჭირდებოდათ საერთაშორისო პარტნიორებთან სიტყვის გატეხვა და სახელის შერცხვენა, რადგან რეიტინგის გაზრდის დროს შანსები გეზრდება და რატომ უნდა გააკეთო ეს და დაარღვიო შეთანხმება?!
მეორე, იმის გამო, რომ არ შეასრულო შეთანხმება და ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, დამოკლეს მახვილივით ივანიშვილისთვის დაეკიდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების მხრივ. გახსოვთ, რომ შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულით, მათ შორის, ვადამდელი. ეს არ არის სასურველი „ქართული ოცნებისთვის“.
ანუ, პირველი და მეორე ვერსია არარეალური იყო. მე მაინც მგონია, რომ სულ სხვა მიზეზი იყო აქ. არა მგონია, რომ ივანიშვილი იმდენად გულუბრყვილო ადამიანი იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს, რამხელა ფინანსური პრობლემის წინაშე დადგებოდა, ეს შეთანხმება რომ დაერღვია.
შეთანხმების დარღვევა იმას კი არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ფასი უნდა გადაიხადო ოპოზიციასთან, რომელთანაც მოხდა შეთანხმების დადება, არამედ ფასი უნდა გადაიხადო საზოგადოებასთან, ოპოზიცია გარკვეულ საზოგადოებას წარმოადგენს. ასევე ფასის გადახდა მოუწევთ იმ აქტორებთან, ვინც იყვნენ ამ შეთანხმების ფასილიტატორები და რომლებიც ესწრებოდნენ ამ ყველაფერს.
– როდესაც ფასის გადახდაზე საუბრობთ, კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი გაქვთ მხედველობაში?
– არა მხოლოდ. ეს შეეხება მხოლოდ ბიზნესის თავისუფლების საკითხებს, რომელიც „ფრონტერასთან“ დაკავშირებით არის. მაგრამ თავისუფლების შეზღუდვის, დემოკრატიის შეზღუდვის პრობლემებიდან გამომდინარე შეიძლება ცალკე აქტი შეიქმნას. აქედან გამომდინარე ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს და ესმოდა, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყოლოდა ამ შეთანხმების დარღვევას.
მე მაინც მგონია, რომ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. მას ვიღაც აიძულებდა, რომ მაგიდა აეყირავებინა. ამ შემთხვევაში ის მაგიდას არ ააყირავებდა არც ბოკერიასთან, არც ბურჯანაძესთან ან ზოგადად ოპოზიციასთან, ის მაგიდას ააყირავებდა ზოგადად დასავლეთთან. დასავლეთთან მაგიდის აყირავება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო მას.
– პუტინის როლზე საუბრობთ?
– კი. ამ შემთხვევაში ვიღაც ისეთი აიძულებდა, რომ მას ეს ყველაფერი უღირდა. თუ რამე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ეს ვერსიაა ყველაზე რეალური. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვერსია გამიჩნდა.
მაგრამ, მოდით მთავარ რამეზე შევთანხმდეთ. მთავარი არის შედეგი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა აქამდე, მთავარია, რომ შედეგი დადგა და კიდევ უნდა დადგეს. უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ. ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამშვიდდეს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, რომელიც შეიქმნა „ქართული ოცნების“ გაჯიუტების შედეგად.
კორონავირუსის პანდემიის გამო უდიდესი ეკონომიკური პრობლემები ელის ჩვენს ქვეყანას უახლოეს თვეებში და შეიძლება წლის განმავლობაშიც. ჩვენს ეკონომიკას ელის რეცესია და მინუსში გადავდივართ 5.5 თუ 6%-ით, ამას კიდევ ზემოდან თუ დაემატა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა „ქართული ოცნების“ პირობებში კიდევ შეიქმნას, მაშინ ეს ყველაფერი ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას. თუ ვინმე გონიერი ადამიანია, შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი.
– როდესაც ციხე დატოვეთ, თქვენგან ბევრი ადამიანი ელოდა უფრო რადიკალურ განცხადებებს, მაგრამ თქვენ სულ სხვა რიტორიკა აირჩიეთ. ისაუბრეთ, რომ ქვეყანა უნდა დამშვიდდეს და არ აპირებთ რევანშისტულ და ნიშნის მოგებით საუბარს. ქვეყნის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე აირჩიეთ ეს გზა, რაზეც ახლა საუბრობთ?
– რა თქმა უნდა. მოთხოვნილებაა, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ განსაკუთრებულ პროცესებს, რომლებიც განვითარდება ქვეყანაში. ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთთან კინკლაობის და პირადი წყენების უფლება.
ამ შემთხვევაში მე უსამართლოდ მომექცნენ და უნდა მქონდეს წყენა, მაგრამ საქმე ეხება ქვეყანას. შესაბამისად, ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი რამე – ჩვენ ვართ ერთი პატარა პროვინცია დედამიწის ზურგზე, სადაც ერთმანეთს ვეკინკლავებით და ჩვენს კინკლაობას აკვირდება კაცობრიობის ყველაზე პროგრესული ნაწილი ევროპის და ამერიკის კონტინენტზე. ამდენი ევროპარლამენტარი, ამდენი კონგრესმენი, ამდენი სენატორი… ეს ადამიანები ყოველდღე რესურსს კარგავენ ჩვენს დაშოშმინებასა და ჩვენს შერიგებაში, მაშინ როდესაც, მათ ძალისხმევას უნდა მივმართავდეთ შესაძლო ოკუპაციისა და ბორდერიზაციის შესაჩერებლად, ჩვენი ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.
იმის მაგივრად, რომ მათი ძალისხმევა მიმართული იყოს ჩვენი ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ა. შ. ჩვენ გვიწევს მათი ძალისხმევის მიმართვა ბავშვური შიდა თამაშებისთვის. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. ეს იყო ჩემი ემოციური გზავნილი, რომ რაც იყო, იყო. მთავარია, რომ კიდევ რაღაც არ გავაფუჭოთ.
– თქვენი ეს გზავნილი ოპოზიციის მისამართითაც ხომ არ იყო? მხედველობაში მყავს ის ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს კი დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ახლაც სხედან, მაგრამ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა აქვთ და ამას ღიად გამოხატავდნენ. ეს გზავნილი ხომ არ იყო, რომ ახლა ამის დრო არ არის?
– ჩვენმა ისტორიამ დაგვანახა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ძალა არის ერთობაში. ერთობამ მოიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების შეთანხმება, ერთობამ მოიტანა ჩვენი გათავისუფლება, ერთობა მოიტანს ჩვენ გამარჯვებას და არჩევნების გზით ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვებას.
ვინც ამ ერთობას დაარღვევს თავისი პირადი ამბიციების გამო, თავისი ემოციების თუ გაუაზრებელი ადამიანური ინსტინქტების გამო, ის ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. ის ითამაშებს ბიძინა ივანიშვილის თამაშს, ასე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს.
– რა გზით ეცდებით ოპოზიციის კონსოლიდაციის გაგრძელებას და ოპოზიციის შიგნით თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას უნდა ველოდოთ თუ არა?
– მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია თანამშრომლობის გაცილებით მაღალ საფეხურზე ავა უახლოეს პერიოდში. მით უმეტეს მაშინ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. საარჩევნო პროცესის დროს ოპოზიციას საარჩევნო სტრატეგია გაცილებით უფრო ეფექტური ექნება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, წინასწარ რას გავაკეთებთ და როგორ იქნება ეს ყველაფერი – ერთიანი სიით, ერთიანი ბლოკით თუ მაჟორიტარებზე შეთანხმებით და ა. შ. ჯერ არ მაქვს რეალური ინფორმაცია.
– თქვენი ხედვა საით იხრება?
– მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებმა მოიტანოს ახალი, გარდამავალი კოალიციური მთავრობის შექმნა და ამის პერსპექტივა გააჩინოს.
– უნდა მოემზადოს ივანიშვილი ოპოზიციაში გადასასვლელად?
– აუცილებლად. მას აქვს სამი არჩევანი და მე მისთვის ვისურვებ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო არჩევანს. საუკეთესო არჩევანი არის, რომ ის ხელისუფლებიდან გადავიდეს ოპოზიციაში, ცუდი არჩევანი არის, ის რომ ის მიდის პოლიტიკიდან და ქვეყანას ტოვებს, ხოლო ძალიან ცუდი არჩევანი არის ის, რომ ის მიდის იქ, სადაც მე ვიყავი გუშინ. მე მისთვის მსურს მხოლოდ კარგი არჩევანი – ოპოზიციაში გადავიდეს მშვიდობიანად.
– ჯერ კიდევ აქვს ამის შანსი?
– რა თქმა უნდა. ჯერ წითელი ხაზები გადაკვეთილი არ არის. ამ წითელი ხაზების გადაკვეთა ქვეყანასთან ახლოს არის, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩატარდება არჩევნები. სასურველია, თუ ის ამ ხაზებს არ გადაკვეთს და გადავა ოპოზიციაში მშვიდობიანად.