ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, ვნახეთ, რა რეაქცია მოჰყვა “ოცნების” ლიდერების განცხადებებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვისმენთ სენატორებისა და დიპლომატების განცხადებებს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს. ახლა რაღას იტყვის “ოცნება”?
– ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკური გაშიშვლება. ორ დღეზე მეტია, ვისმენთ “ქართული ოცნების” ლიდერების, გახარიას, თალაკვაძის, კობახიძისა და კალაძის განცხადებებს, სადაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, რომ მათ არ ჰქონდათ არავითარი შეთანხმება მათ გამოშვებაზე.
– რის იმედად აკეთებდნენ ამ განცხადებებს?
– სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. როდესაც მე და თქვენ რაღაცაზე კონფიდენციალურად ვთანხმდებით, ორივე ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ ეს არ გავა ჩვენი პირიდან. თამაში წამოიწყეს, თითქოს დივიდენდების მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თავზე ჩამოემხოთ.
“ოცნებამ” იცოდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა იმ პირების გამოშვება, ვისზეც შეთანხმება დაიდო. მას როგორმე უნდა შეეპარებინა ეს საზოგადოებისთვის, თუმცა ასე პირდაპირ ოპოზიციის მხილებითა და მასზე გადაბრალებით ეს შეპარება აღარ გამოვა. აქ რჩება ერთადერთი გზა, რომ ეს პირები გამოუშვან. თუ დემოკრატიული გზა აქვს არჩეული ამ ხელისუფლებას, მაშინ უნდა გამოუშვან.
– როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ ამ პანდემიის ფონზე ასეთი რეაქცია ექნებოდა დასავლეთს და ეგონათ, მარტივად გამოძვრებოდნენ. ასეა?
– მეც ეგრე მგონია, რომ მაგის იმედი ჰქონდათ, ამ პანდემიის ფონზე, ამ ქაოსისა და ჩაკეტილობის გამო, ჩვენთვის ვერ მოიცლიდნენ ამერიკელი თუ ევროპელი დიპლომატები. არადა, პირიქით მოხდა. ეს არის პირდაპირი შეტევა “ქართულ ოცნებაზე”. “ქართულ ოცნებას” უტევს არა მარტო ოპოზიცია, სამწუხაროდ, უტევს მთელი ცივილიზებული სამყაროც.
– ივანიშვილს უკვე ღიად ემუქრებიან სანქციებითა და ანგარიშების დაყადაღებით.
– ასეა, ამის თქმას ვაპირებდი ზუსტად. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა სენატორმა მოაწერა ხელი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებზე სანქციების დადებას. ეს პირდაპირ არის იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურად ტიტვლდება.
ორი გზა აქვს დარჩენილი “ქართულ ოცნებას”. ერთი გზაა, რომ წავიდეს და საერთოდ დაიკარგოს, არათუ ოპოზიციაში გადავიდეს, არამედ აორთქლდეს პოლიტიკური ველიდან, ხოლო მეორე გზაა რადიკალური ზომების მიღება პარტიული ფეისების მიმართ. რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი რაღაც ახალ ფეისებზე, თუმცა არც ამის იმედი მაქვს, რომ ეს უშველის “ოცნებას”.
– ასეთი ვერსია გავრცელდა, რომ რადგან სააკაშვილი უკრაინაში დაინიშნა თანამდებობაზე და ეს ამერიკელების გარეშე ვერ მოხერხდებოდა, ივანიშვილმა სამაგიერო გადაუხადა და აღარ უშვებს პატიმრებს. ამაზე რას ფიქრობთ?
– არა მგონია, რომ ასე იყოს. მე თუ მკითხავთ, “ქართულ ოცნებას” უნდა აწყობდეს კიდეც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამწესება.
– რატომ, უკეთ შექმნის მისგან ბუას?
– ბუასაც შექმნის და თან მიშა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვერ მოიცლის. მე ვუყურე სააკაშვილის ბოლო ეთერს გვარამიასთან და ვხედავდი, რომ ეს ადამიანი ბევრად უფრო გაწონასწორებულად და დალაგებულად საუბრობდა, მისი წინა ეთერებისგან განსხვავებით. სხვათა შორის, ამ რეფორმების კომისიის თავმჯდომარეობა ძალიან სერიოზული თანამდებობაა და ტყუილად ცდილობენ აქ მის დაკნინებას. ყველა ბიზნესს, ყველა მინისტრს, ყველა ორგანიზაციას აკონტროლებს და უთითებს მათ, როგორ მოიქცნენ. რეფორმების კომიტეტი როგორ შეიძლება იყოს ხელწამოსაკრავი!
– რით დასრულდება “ქართული ოცნებისა” და ცივილიზებული მსოფლიოს ჭიდილი? ღია და დაუფარავი განცხადებები კეთდება. რას ელოდებით?
– სანამ სენატორები კინზინგერი და რიში ამ განცხადებებს გააკეთებდნენ, ერთი პერიოდი ეჭვიც შემეპარა ნაციონალური მოძრაობის განცხადებებში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და დავიჯერე კიდეც “ქართული ოცნების”, იქნებ სიმართლეს ამბობენ-მეთქი. არ მეგონა, ასე უტიფრად თუ შეეძლოთ ხალხის მოტყუება, მაგრამ, იმის მერე, რაც სენატორების განცხადებები მოვისმინე, გაოცებული ვარ.
კინზინგერი ის სენატორია, რომელთანაც არჩილ თალაკვაძე იყო ჩასული და ძმობა შეჰფიცა. ახლა ეს ადამიანი გამოდის და ამბობს, გამოუშვით პოლიტპატიმრები, ჩვენი შეთანხმება ეს იყოო. კინზინგერი ხომ არ მოიტყუება?! როდესაც სამი მხრიდან ორი ამბობს, “ოცნება” იტყუებაო, ე.ი. ის იტყუება.
როგორ დავიჯერო, რომ სენატორები შეკრულები არიან ჩვენს ოპოზიციასთან. ეს ხომ ზღაპარია, არა?! სენატორები სახელმწიფოებრივად საუბრობენ და თავიანთ სახელმწიფოებრივ ინტერესებს ატარებენ. არა მგონია, ასეთი დონის შეთქმულებას ჰქონდეს ადგილი. მე მიჩნდება განცდა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებს გადადებს.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– თუ არ გადადებს, მაშინ წააგებს. ახლა დროის გაწელვა “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო მანდატებთან მიმართებით უნდა მიიღონ, რა თქმა უნდა, ეს პირები უნდა გამოუშვან. სამ პოლიტპატიმარზეა საუბარი, მაგრამ აქედან მინიმუმ ორი მაინც უნდა გამოუშვან.
არჩევნების გადადება შეუძლიათ სამიდან ხუთ თვემდე და, ალბათ, ასეც მოიქცევიან. საგანგებო მდგომარეობა მათ ამის შესაძლებლობას აძლევს.
პანდემია და საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, ვიფიქრე, ამ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებენ-მეთქი, რადგან ყველა გონიერი მთავრობა ასე მოიქცეოდა, დროს იხელთებდა და ხალხს მაქსიმალურად მოაწონებდა თავს. თუმცა უკვე მესამე თვე მიილევა და რა გააკეთეს?! ხალხი გამოკეტეს სახლებში და აშიმშილებენ, საჭმლის ფულსაც კი არ აძლევენ.

