ლადო სადღობელაშვილი – „თეა წულუკიანი „ოცნების“ სიის პირველ სამეულში იქნება“

ლადო სადღობელაშვილი - „თეა წულუკიანი „ოცნების“ სიის პირველ სამეულში იქნება“„მას საკუთარი არასამთავრობო აქვს შექმნილი, რომელსაც „რეფორმერ-დრო“ ჰქვია“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ცუდ დღეშია. გახარია აცხადებს, დროულად გადმოგვეცით სიები, რომ მოხდეს კომპენსაციების გაცემაო. რა ქნას ამ ხალხმა, ვისაც არც ხელფასი აქვს და არც დახმარება?

– ჩემი მეუღლის მაგალითზე გეტყვით, რომელმაც დაკარგა სამსახური. მას უნდა ჩარიცხვოდა ხელფასი აპრილში, არ ჩაერიცხა. ახლა ეუბნებიან, ჯერ არ გამოხვიდე სამსახურშიო. აქედან გამომდინარე, არც მაისის თვის ხელფასი ჩაერიცხება.

ფინანსთა მინისტრი კომპანიებს მოუწოდებს, სიები გადმოგვეცით, ვინც სამსახური დაკარგაო და ჩემი მეუღლის ორგანიზაცია არ აძლევს ამ სიებს. შესაბამისად, სახელმწიფო დახმარებას არ ურიცხავს. ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია.

იცით, როგორ უნდა ყოფილიყო? არ ჰქონდა ხელფასი აპრილში და მაისში, ამ ორი თვის უნდა ჩაერიცხოს, ხოლო თუ აღდგება მისი სამუშაო ივნისში და ექნება ხელფასი, მაშინ აღარ ჩაერიცხოს კომპენსაცია. დღეს გახარია ძლიერი ხელის როლს თამაშობს, მაგრამ ასე არ არის. სერიოზული პრობლემები აქვთ. თავს ვერ ან შეგნებულად არ ართმევენ ამ პრობლემებს.

– საკმაოდ ცუდი ფონია ქვეყანაში. ამავდროულად, წინასაარჩევნო კამპანიაა დაწყებული. ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს “ოცნების” იმიჯზე?

– ალბათ შეამჩნევდით, რომ სოციალურ ქსელებში ჩნდება სერიოზული უკმაყოფილება. ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაწყებული საარჩევნო კამპანია, მამუკა ხაზარაძეს აქვს საარჩევნო კამპანია დაწყებული, რატომ არ იწყებს საარჩევნო კამპანიას “ქართული ოცნებაო”?! აი, ასეთი შეკითხვებია.

საზოგადოებას ვუპასუხებდი: საიდან მოიტანეთ, რომ 100%-ით არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება?! მე მაინც იმ აზრზე ვარ და იმ იდეას ვემხრობი, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. რაღაც მიზეზით არჩევნები გადაიდება რამდენიმე თვით. დღეს ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ მოახლოვდება არჩევნების დრო და ვნახავთ, რომ ასე იქნება.

– პოლიტპატიმრების გამოშვებამ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა ხელისუფლება და „ოცნებაში“ დაიწყო ერთმანეთზე გადაბრალება. რა პროცესები მიმდინარეობს?

– დღეს რომ მესიჯები გამოდის, რომ “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირებაა, უკაცრავად, მაგრამ ერთი თავიანთ ხალხს გადახედონ, რა! საიდან მოვიდნენ ეს ადამიანები, ვინ არიან, შემთხვევით, წარსულში ნაციონალურ მოძრაობაში ხომ არ იყვნენ?!

– ერთმანეთში აირივნენ ნაცები და ქოცები?

– ასეა. ეს იმიტომ მოვაყოლე, რომ არ მჯერა ამ დაპირისპირებების. ამას შეგნებულად აკეთებენ, კეკლუცობენ, თორემ რეალურად ახალი არაფერი ხდება. აქ სანახაობრივად ყველაზე სერიოზული დაპირისპირება, იცით, როდის გველის?!

– როდის?

– მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სიაში ვეღარ მოხვდება. “ოცნების” დეპუტატებში 100 ადამიანია ისეთი, ისინი ისევ სიაში რომ მოხვდნენ, “ოცნება” ბარიერსაც ვერ გადალახავს.

ჯერ სიების ფორმირება ნაადრევია. საარჩევნო კანონიც კი არ არსებობს, რომელი სისტემით ჩატარდება არჩევნები. მცირდება მაჟორიტარების ოლქებიც. ადრე თუ ისნის რაიონში სამი მაჟორიტარი იყო, ახლა უწევს ერთი და ეს სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

იმ ადამიანებში, რომლებიც ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ქომაგობდნენ “ქართულ ოცნებას”, ახლა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა წავა. აქ ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესია გასათვალისწინებელი.

სულ რომ 30-ვე მაჟორიტარი მოიგოს “ოცნებამ”, მაქსიმუმ 85 კაცი გაიყვანოს. ეს ყველაფერი კი იქნება იმის ფონზე, რომ გაყალბებას ვერ მოახერხებენ. აგერ კინზინგერი ამბობს, დიდი ალბათობით, არჩევნებზე ჩამოვალო. აქ უკვე ისეთი მწვანეები აქვს ანთებული ოპოზიციას რევოლუციისთვის, რომ ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს.

– ამ ფონზე რა ხდება ოპოზიციაში? ერთსულოვნება აღარ შეინიშნება. არ მოსწონთ ერთმანეთის პრემიერობის კანდიდატები და ასე შემდეგ. რამდენად დააზარალებენ ერთმანეთს?

– მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპოზიცია ერთიანი სიით არ წარდგებოდა არჩევნებზე. ვინც ამ ვერსიას ათამაშებს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ან დებილია, ან ჩვენ ვგონივართ დებილები! ისეთი ადამიანები დასხდნენ ერთმანეთის გვერდით, ახლა უკვე რომელ დაპირისპირებაზეა საუბარი. ბურჯანაძე და ბოკერია დასხდნენ გვერდიგვერდ და ვინ დაიჯერებს მათ დაპირისპირებას?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გაიყოფენ ამ 30 მაჟორიტარულ ოლქს და სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ხელისუფლებას.

ეს არჩევნები დაახლოებით იქნება ისეთივე, როგორიც იყო 2012 წელს, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მაშინდელ “ქართულ ოცნებას” აწყობდა ერთიანი სია და ახლა ერთიანი სია არ აწყობს. რაც უფრო ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას, მით მეტად დააზარალებენ “ოცნებას”. სადაც საჭიროა, რომ ერთიანები იყვნენ, ვგულისხმობ მაჟორიტარებს, იქ ერთიანები გამოდიან. ეს კი ძალიან სერიოზული საფრთხეა “ოცნებისთვის”.

ამას იაზრებს ხელისუფლება და სწორედ ამიტომაც არ იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას, ეტყობა, მართლა რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ დასჭირდათ, რუსეთთანაც დაიწყებენ სამხედრო კონფლიქტს.

– ექსპერტები საუბრობენ იმაზეც, რომ ნაციონალები ბუას როლს ვეღარ ითამაშებენ და ესეც დააზარალებს “ოცნებას”.

– ზუსტად, ეს ფაქტორიც არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაცების “ვერხუშკა”, რომლებიც ამ პარტიის სახეები იყვნენ, უფრო ინტელექტუალები, ეს მხარე წავიდა უკრაინაში. ეს ბუას როლი, რომ მიშა დაბრუნდება, ამ არჩევნებში ვეღარ გაჭრის. დღეს მიშა გაცილებით უკეთეს სიტუაციაშია, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია საქართველო. ისედაც ამბობს, მე უკრაინელი ვარო. ადეიშვილი იქ ჰყავს, ვარშალომიძე, აგერ ხატია დეკანოიძესაც შს მინისტრის მოადგილედ ნიშნავენ.

ახლა მაქსიმალურად უნდა გაამარგინალონ გიგა ბოკერია, რომელთანაც ჩახუტებული არიან, სხვა გზა აღარ აქვთ. თუმცა ბოკერია იმის ჩიტია, რომ თავი გაიმარგინალოს?!

– არ გამოჩნდებიან ახალი ძალები, რომლებიც არც ერთ მხარესთან არ ასოცირდებიან?

– ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. ახლა უკვე ძალიან გვიანია.

– ანა დოლიძე, რომელიც შემოდის პოლიტიკაში, ვის თამაშს თამაშობს, “ოცნების”?

– რა თქმა უნდა. ორი აზრი არ არსებობს, რომ “ოცნების”. არა მარტო ანა დოლიძე, ის ადამიანები, რომლებიც ვითომ “ქართულ ოცნებას” გაეყარნენ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველანი “ქართული ოცნების” თამაშს თამაშობენ. ამას რად უნდა ბევრი საუბარი.

– ცვლილებებია “ოცნებაში”. შეცვალეს ელჩები, ასევე ციხელაშვილმა დატოვა თანამდებობა და ელჩად უშვებენ. რა ხდება, რატომ დაიწყეს ეს გადალაგება?

– ეს საარჩევნო ტრიუკებია. ასევე ქალბატონი წულუკიანიც წამოვა მალე დაკავებული თანამდებობიდან. მას სპიკერად ამწესებენ პარლამენტში.

უკეთესს გეტყვით, ფაქტობრივად, ექსკლუზივს გეუბნებით, რადგან ამაზე ჯერ არსად გაუჟონავს ინფორმაციას. თითქმის ერთი წელია, ქალბატონ თეა წულუკიანს თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰყავს ამოქოქილი. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელია “რეფორმერ-დრო”. უზარმაზარი თანხებია ამ ორგანიზაციაში ჩადებული. ძალიან საინტერესოა ამ ფულის წარმოშობა, თუ საიდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია.

– საიდან ფინანსდება?

– ეჭვი მაქვს, რომ სახელმწიფო გრანტებით ფინანსდება, თუმცა ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. ის კი ცხადია, რომ თეა წულუკიანი სერიოზულ გავლენებს ფლობს, ახლა საპარლამენტო ცხოვრებისთვის ემზადება და აპირებს კონტროლირებადი არასამთავრობოების ქსელის შექმნას. ამას უკვე ვაკვირდები ერთი წელია და დღეს თქვენ გეუბნებით. ეს ჯერ არსად დაწერილა.

ეს გადანაცვლება- გადმონაცვლებები კი არის წინასაარჩევნო ტრიუკები. გადაჯგუფება ხდება.

– წულუკიანი მალე დატოვებს თანამდებობას?

– როგორც კი საარჩევნო მარათონი ოფიციალურად გამოცხადდება და თუ იგი სიაში იქნება, მას აღარ ექნება უფლება, იყოს მინისტრი. თუზე არ არის საქმე, როგორც მე ვიცი, წულუკიანი სიაში იქნება. პირველი თუ არა, პირველ სამეულში მაინც.

ამ ქალბატონზე რატომღაც დიდ იმედებს ამყარებს ივანიშვილი, თუმცა მე ეს იმედი კი არ მგონია, სერიოზული კომპრომატები უჭირავს ამ ქალბატონს ბევრ ადამიანზე და მას ამიტომ ვერ ეხებიან. ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და მოგვარებული მათთვის, დღეს კი ძაფებით ჰყავს გამობმული თითებზე, როგორც თოჯინები და მარიონეტებივით ათამაშებს.