ლაშა ჩხარტიშვილი: “ხელისუფლებას ქვეყანა ნინიას ბაღად აქვს გადაქცეული”

ლაშა ჩხარტიშვილი: "ხელისუფლებას ქვეყანა ნინიას ბაღად აქვს გადაქცეული"“ჩრდილოკორეული ჟანრის აგიტაცია-პროპაგანდის ფარგლებში მთავრობა აყვავებულ ეკონომიკაზე საუბრობს. თურნავამ ამაყად გვითხრა, შარშან ეკონომიკა ყვაოდაო. ამ მშიერ ქვეყანაში მთავრობა არაფერს იკლებს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.
– ლაშა, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს და ამ პროცესში ოპოზიცია არაფერში სჭირდება. ხელისუფლებას ექნება მცდელობა, პოლიტიკური კომფორტი გაიხანგრძლივოს?
– ბიძინა ივანიშვილს მშიერი კორონადიქტატურის დამყარების მცდელობა რომ ექნება, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ამის არდანახვა შეუძლებელია. მთავრობამ შეზღუდა მრავალი ის ქმედება, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის ეპიდემიასთან. ჩვენი პარტია ბრიფინგის ჩატარების გამო, ჯამში, 9 ათასი ლარით დაჯარიმდა. ეს პირდაპირი ზეწოლაა ოპოზიციაზე, ასევე – სიგნალი სხვებისთვის, ნაკლებად იაქტიურონ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ, უახლოეს მომავალში აქციებსაც არ გამოვრიცხავთ, რადგან, შეიძლება, სამწუხაროდ, ეს დაგვჭირდეს. ამ ფონზე ვხედავთ სოციალურ ქსელებში აღვირახსნილ პროპაგანდას. ამას მოჰყვა მეორე ტალღა ცუკერბერგის მხრიდან, როდესაც მან წაშალა “ოცნების” პრომოუტერების ქარხანა. მათი უსტაბაში კოკა ყანდიაშვილი საერთოდ გააქრო სოციალური სივრციდან. ეს არის აგიტაციური ომი, რომელიც გამოგვიცხადა ხელისუფლებამ.
ჩრდილოკორეული ჟანრის აგიტაცია-პროპაგანდის ფარგლებში მთავრობა აყვავებულ ეკონომიკაზე საუბრობს. მეგონა, მომესმა, როდესაც თურნავამ ამაყად გვითხრა, შარშან ეკონომიკა ყვაოდაო. ამ მშიერ ქვეყანაში მთავრობა არ იკლებს არაფერს, არც ათიათასიან ხელფასებს, არც პრემიებს, არც მანქანებს.
– ქამრების შემოჭერაზე საუბრობენ.
– ქამრებს გვიჭერს ჩვენ ყელზე და არ იჭერს საკუთარ გასიებულ წელზე. ადამიანები შიმშილის პირისპირ დგანან. მთავრობამ ხალხი საშიმშილოდ გაწირა.
– მთავრობის სოციალური პაკეტი არ არის მისაღები?
– ისე მთავრდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, რომ ადამიანებს სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება ჯერ არ მიუღიათ. თუ მიიღებენ, მხოლოდ სიმბოლური იქნება. 200-ლარიანი კომპენსაცია მხოლოდ სიმბოლურია. მთავრობის მოვალეობაა, ადამიანები თანაბრად დაიცვას ვირუსისგანაც და შიმშილისგანაც. ამიტომ 200-ლარიანი დახმარება ყველა მოქალაქეზე თანაბრად უნდა გაიცეს 6 თვის განმავლობაში. ამას კატეგორიულად მოვითხოვთ.
– 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა დასრულდება თუ შეიძლება, გაგრძელდეს?
– შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელონ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პოლიტიკურად აწყობთ ეს მოცემულობა. მთავრობას, რომელიც ისედაც ავტორიტარული ბუნებით ხასიათდებოდა, გაუტკბა კარანტინი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას მოსწონს, როდესაც ნინიას ბაღად აქვს გადაქცეული საქართველო, სადაც მხოლოდ საკუთარ ბიზნესებს ამუშავებს, სადაც იპარავს ათასს და ხარჯავს ერთს. ამ ფონზე, ცხადია, ერთადერთ მხსნელად საკუთარი თავი გამოჰყავს და ეს მოსწონს. ამ მდგომარეობაში თავი მოსწონს. თუკი რამე შედეგი გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით, ეს მხოლოდ ექიმების დამსახურებაა, მათ შორის, საზოგადოების, რომელიც ძალიან შეგნებულად და გაცნობიერებულად მიუდგა ეპიდემიის საფრთხეებს. შეზღუდვისა და დამშევის ხარჯზე ხდება ვირუსის შეკავება. აქ არაფერ შუაშია ხელისუფლება. განსაკუთრებული მათ არაფერი გაუკეთებიათ. ადამიანებმა გამოავლინეს ძალიან მაღალი შეგნება სწორედ საკუთარი გაკოტრებისა და უსამსახუროდ დარჩენის ხარჯზე.
სრულ ეკონომიკურ, ბიზნესმონოპოლიზაციას ახლა პოლიტიკური მონოპოლიზაცია დაემატა. ქვეყანაში ავტორიტარიზმის ეპიდემიაა. ამის მაქსიმალური გამოყენება სახეზეა.
– რას აპირებთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება იტყვის, რომ კიდევ ერთი თვით უნდა გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა?
– თუ ხელისუფლება ხელოვნურად გააგრძელებს საგანგებო მდგომარეობას, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ქუჩაში გამოსვლებს, საპროტესტო აქციებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავრობა ხელოვნურად ვერ შეძლებს სიტუაციის დამძიმებას.
– რატომ ვერ შეძლებს?
– იმიტომ, რომ ჩვენც არ გვძინავს. ეს მას, შეიძლება, ძალიან უნდა, მაგრამ ვერ მოახერხებს. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვიბრძოლებთ, თუ, რასაკვირველია, რეალურად არ დამძიმდა ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა და რეალურად არ მოიხსნება ვირუსის გავრცელების საფრთხე. დღევანდელი მონაცემებით, ეპიდემიური სიტუაცია აღარ უნდა დამძიმდეს, პირიქით. პროგნოზი ასეთია. გონივრულ შეზღუდვებს ჩვენ ვემხრობით, მაგრამ შეზღუდვები სიგიჟეების ზღვარზე უნდა გაუქმდეს.