ლევან ბერძენიშვილი – „ოცნება“ გააფთრებულ ახალ ტალღას ვეღარ გადაიტანს“

ლევან ბერძენიშვილი - „ოცნება“ გააფთრებულ ახალ ტალღას ვეღარ გადაიტანს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ბოლო 2 დღეა, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ არის. მიზეზი ისევ ჩაგდებული დაპირება და შეთანხმების დარღვევაა. მრავალთვიანი მოლაპარაკების ორპუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ ჯიუტად ამტკიცებს, რომ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების შესახებ მათ არ უსაუბრიათ. საელჩოებმა ამასთან დაკავშირებით უკვე მეორედ გააკეთეს დიპლომატიური გზავნილები, თუმცა ხელისუფლებამ ესეც სათავისოდ თარგმნა, სენატორები კი უფრო მკვეთრები იყვნენ.
რას ნიშნავს ხელისუფლების ეს პოლიტიკა და მოუწევს თუ არა არჩევნებამდე ამ დაპირების შესრულება „ქართულ ოცნებას“? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პასუხობს.
– ერთი კამპანიაა ატეხილი „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტპატიმრების თემაზე, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ სენატორებისა და საელჩოების განცხადებები. როგორ აფასებთ ამ ვითარებას?
– „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ საქართველოში მხოლოდ ის ხალხი ცხოვრობს, ვინც „იმედს“ უყურებს, მაგრამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ტყუიან. ეს თვითონაც მშვენივრად იციან. ელჩმა გააკეთა განცხადება, რაც სავსებით საკმარისია და ნებისმიერი მიხვდება იქიდან, რა და როგორ იყო. იყო შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებენ. ჰგონიათ, რომ კორონა წამოეხმარა და ვერ მოიცლიან მათთვის სხვა ქვეყნები, მაგრამ, სიტყვას გაძლევთ, რომ აუცილებლად მოიცლიან და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
მოუწევს „ქართულ ოცნებას“ იმ დაპირების შესრულება, რომელიც უკავშირდება პოლიტპატიმრებს და ამის გაკეთება მოუხდებათ არჩევნებამდე?
– დიახ, მე ვფიქრობ, რომ მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წააწყდებიან გააფთრებულ ახალ ტალღას, რომელსაც ვეღარ გადაიტანენ.
– საელჩოების განცხადების შემდეგ როდესაც ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ეს განცხადება არის ის, რასაც ჩვენ ვიძახდით, კონკრეტულ სახელებზე საუბარი არ ყოფილაო, ეს რას ნიშნავს?
– უტიფარია და დეგენერატი, თორემ… ვინც მას უსმენს და მაგის სჯერა, ის მაგაზე დეგენერატია. ესაა სულ. გასაგებია, რომ საელჩოებმა თქვეს სათქმელი – ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად… ყველა ენაზე გასაგებად, რომ საკითხი იყო დასმული და დადებითად გადაწყდა. იყო ხსენებული გვარები. ეს ყველაფერი ითქვა ბევრჯერ. ხომ გეუბნებით, მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, მოატყუონ მოსახლეობა.
– ხომ არ გგონიათ, რომ თავის დროზე ოპოზიციამაც დაუშვა შეცდომა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს, წარსული გამოცდილების მიუხედავად, მაინც ენდო და კონკრეტული გვარები და დათქმები არ ჩაუწერა სიაში?
– არა. უკაცრავად, მაგრამ ახლა ეგ მე როგორ გითხრათ?! როდესაც ამ საკითხს არკვევდნენ უცხოელი პარტნიორები, მაშინ ოპოზიციას რა შეეძლო?! კონკრეტული გვარები ჩავწეროთო და ა.შ. ცოტა არადამაჯერებელი იქნებოდა. ის, რასაც მაშინ მივაღწიეთ, სრულიად საკმარისი იყო.
რაც შეეძლო გაეკეთებინა, ის აღარ გააკეთა. საერთოდ, თავად თქვეს, პროპორციულ სისტემას გავაკეთებთო და იმაზე თქვეს შემდეგ უარი… არანაირი შეცდომა ოპოზიციას არ დაუშვია.