„სრულყოფილი მართლმსაჯულებისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო გიორგი რურუას საქმე, რომელიც პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, მათ შორის ზოგიერთი სენატორისა და ევროპარლამენტარის მხრიდან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ის ისევ პატიმრობაში დატოვა.
ამ საქმესა და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და გიორგი რურუას ერთ-ერთი ადვოკატი ლევან სამუშია საუბრობს.
– თავდაპირველად შეაფასეთ სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით. თუ იყო მოსალოდნელი და რა ზომებს მიიღებთ?
– გიორგი რურუას საქმეს რაც შეეხება, მის შესახებ ქვეყანაშიც ცნობილი იყო, რომ მის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და ამ მოტივით აღიძრა მის წინააღმდეგ საქმე. ამასთან, უკვე ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც აღიარეს ის პოლიტპატიმრად. შეიძლება ითქვას, უკვე ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი. სასამართლოსა და ზოგადად ბრალდების მხარის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ამაზე, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ ეს მოტივები. ფაქტი ერთია, რომ შეთანხმება ვერ იქნება შესრულებული. მხედველობაში მაქვს ის შეთანხმება, რომელიც ჩვენი დასავლელი მეგობრების მონაწილეობითა და მათი შუამავლობით მოხდა. ეს შეთანხმება იქამდე ვერ იქნება მიღწეული, სანამ გიორგი რურუა არ დატოვებს საპყრობილეს და არ გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. ეს შემიძლია გითხრათ.
– ვნახეთ, რომ გარკვეული ნაბიჯები დასავლეთის ზეწოლის შემდეგ გადაიდგა და პრეზიდენტმა ოქრუაშვილი და უგულავა შეიწყალა. დღეს კი ისევ ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. რა პოლიტიკურ თამაშშია ჩართული „ოცნება“?
– „ქართული ოცნება“ არის გამოუვალ მდგომარეობაში, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებმა მას უკვე გამოუტანეს განაჩენი და ეს განაჩენი გაფორმდება საპარლამენტო არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ის ქაოსურად მოქმედებს.
ფაქტი ერთია, რომ მათ ქვეყანას უკვე ძალიან სერიოზულად შეულახეს იმიჯი. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არ მახსენდება შემთხვევა, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების შესახებ ღიად გაეკეთებინათ განცხადება. ეს ცუდია არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის და ეს მაღელვებს, თორემ, „ოცნების“ საქმე როგორ იქნება, ნაკლებად მაინტერესებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლურ ვექტორს და მიგვაქანებს ჩრდილოეთის ვექტორისკენ – პუტინისკენ. ეს არის მისი ქმედებების მიზანი, მაგრამ ეს მიუღწეველ მიზნად დარჩება, ამაში დარწმუნებული ვარ.
– რურუასთან დაკავშირებით ქაოტური გადაწყვეტილებები ახსენეთ, მაგრამ ამ საქმეშიც ხომ არ დაინახეთ რუსეთის ინტერესები და ამით ხომ არ არის განპირობებული ბიძინა ივანიშვილის ქმედება ამ საქმის ნაწილშიც?
– როგორც გითხარით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სწორედ რუსეთის პოლიტიკის ინტერესებისკენ სავალი გზაა. ამის მიღწევა უნდათ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს. სენატორებისა და კონგრესმენების წერილში ღიად არის საუბარი, რომ „ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს. ეს არის ერთი საკითხი, მეორეა ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ასევე რუსული ინტერესების გატარება მოხდა. შემდეგ აღნიშნულია ისიც, რომ ამერიკის მტრული სახელმწიფოების ინტერესებს ატარებს და ასევე უდიდესი ბრალდებაა შავი ფულის გარეცხვა საქართველოში, ირანთან კავშირში და გარკვეულწილად კონკრეტული ფაქტები იყო მოყვანილი მტკიცებულებების სახით. ამაზე უმძიმესი ბრალდება, ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს, სხვა რა შეიძლება იყოს?!
– უკრაინასთან მიმართებით გაჟღერებული პოლიტიკაც ამით უნდა აიხსნას?
– ზოგადად, ყველანაირი პოლიტიკა ასეთია. ხედავთ, რომ დღითიდღე ვშორდებით დასავლურ ღირებულებებს. „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკით დღითიდღე დისტანცირებას აკეთებს დასავლეთისგან და მიემართება პუტინისკენ.
მას ეს სურვილიც აქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასავლეთმა თქვას ჩვენზე უარი და თქვას, რომ თქვენგან არაფერი გამოვა. მაგრამ ეს არ გამოუვათ. დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის პარტნიორი. მას დიდი შრომა აქვს ჩადებული საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, როგორც აშშ-ს, ისე ევროპას. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სურვილს ასრულება არ უწერია.
– რურუას საქმეს მივუბრუნდეთ. ოპოზიცია ცალსახად ამბობთ, რომ თუ არ გაათავისუფლებენ რურუას, არ დაიწყება პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში?
– თუ არსებობენ ერთეული პარტიები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, ნამდვილად არ ვიცი. ეს პოზიცია გაცხადებულია და, ვინ რა პოზიციაზეა, ყველასთვის ცნობილია.
ცალსახად შემიძლია ერთი რამის თქმა, რომ იშვიათია ისეთი საქმე, სადაც სიყალბე ზედაპირზევე დევს, ისე, როგორც ამ საქმეში. პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი და უკვე თავიდან ბოლომდე ნათელია, რომ ეს საქმე არის გაყალბებული.
– სასამართლოს მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება?
– დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია, დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. შეზღუდული არ ვართ ამაში, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ნება. ის, რომ სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არ ერევა სასამართლოსა და პროკურატურის საქმეებში, ეს, უბრალოდ, ზღაპარია. აქ ითხოვენ იმას, რომ როგორც მოხდა პოლიტიკური დაპატიმრება, ასევე მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს ადამიანი გაათავისუფლონ.
– ანუ მოსამართლე ელოდება მითითებას პოლიტიკური ხელისუფლებისგან?
– მე არ ვიცი, ვინ რას ელოდება. მთავარი ის არის, რომ პოლიტპატიმარი, რომელიც ქვეყანაში გვყავს, იმყოფება ციხეში. ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და არ ათავისუფლებენ ამ ადამიანს. ხელისუფლებაზე რომ არის დამოკიდებული სასამართლო, პროკურატურა… მოშლილი რომ არის ეს სისტემა, ჩემთვის ახალი ფაქტი ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ვერც ერთ ეტაპზე, ვერც ერთი ხელისუფლების ეტაპზე ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს დეპოლიტიზაციის ნიშნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს უნდა ვაღიაროთ.
– სასამართლო რეფორმა ნულიდან არის დასაწყები თუ არის რაღაც, რაც შეიძლება დარჩეს?
– სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით ადრე შესაძლებელი იყო, თერაპიული მეთოდებით წინ გადადგმული ნაბიჯები ყოფილიყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ დონეზე მიიყვანა სასამართლო სისტემა, რომ იმის თქმაც კი არ შეიძლება, რომ სასამართლო არსებობს. აქედან გამომდინარე, ქირურგიული ჩარევები იქნება საჭირო საკანონმდებლო დონეზე იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში გვქონდეს სრულყოფილი მართლმსაჯულება.
– ანუ რა სისტემაც იყო სააკაშვილის მმართველობის დროს, „ოცნების“ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტად გამოშიგნა?
– წინა ხელისუფლების დროს ეს მოსამართლეები უვადოდ არ იყვნენ გამწესებული, ახლა კი ყველანი უვადოდ არიან. თქვენმა მკითხველმა განსაჯოს, რა უბედურებასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში.

