მეგი გოცირიძე – „ივანიშვილი როცა ტიკტოკს ცეკვავს და ხეებს დაათრევს, რა დროს პრემიერობის კანდიდატების წამოყენებაა!“

მეგი გოცირიძე - „ივანიშვილი როცა ტიკტოკს ცეკვავს და ხეებს დაათრევს, რა დროს პრემიერობის კანდიდატების წამოყენებაა!“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, სამოქალაქო აქტივისტი მეგი გოცირიძე პასუხობს.
– მეგი, საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე მოიხსნება კომენდანტის საათიც, თუმცა გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. ავტომობილით გადაადგილებისას არ შეიძლება მძღოლის გვერდით ჯდომა, არ შეიძლება ორზე მეტი მგზავრი. რა ქნან მრავალსულიანმა ოჯახებმა? რისი მომცემია ეს შეზღუდვები?
– უაზრობაა ეს შეზღუდვები! თურმე ღამე გვერდით რომ გიწევს, შეიძლება და დღისით რომ გვერდით გიზის, ეს არ შეიძლება. ქალბატონი ტიკარაძისთვის ხომ შეიძლება?! სიკვდილის შიში ჩაგვინერგეს, ხალხს ნევროზი და ფსიქოზი დამართეს! 24 საათი კუბოებზე გველაპარაკებოდნენ. ხალხი დათრგუნა ფსიქოლოგიურად, თვითონ რა ენაღვლება, ძალიან კომფორტულად არის, ეტიკტოკება. არავინ არ აწუხებს, არც გამოსვლებია, არც პროტესტი, ასე არ ჯობია?!
– პოლიტიკური პროცესები მაინც გააქტიურდა, წინასაარჩევნო სამზადისი დაიწყო. ვანო მერაბიშვილი არ გვინდაო, ამბობენ. რამდენად ჯანსაღი პროცესები მიდის ოპოზიციაში?
– 9 წელთან ასოცირდება ვანოო და რა მერე?! სახელმწიფო დროშა ასოცირდება 9 წელთან, სახელმწიფო გერბი ასოცირდება 9 წელთან, სახელმწიფო ჰიმნი ასოცირდება 9 წელთან, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ასოცირდება 9 წელთან. მშიერი და დაძონძილი ჯარი ასოცირდება 9 წელთან. ევროპული დონის საპატრულო პოლიცია ასოცირდება 9 წელთან. საგადასახადო სისტემა ასოცირდება 9 წელთან. იუსტიციის სახლები და პირდაფჩენილი ჰილარი კლინტონის ფოტო ასოცირდება 9 წელთან, რომელიც ისტორიის კუთვნილებაა. ასევე ასობით ევროპული დონის საავადმყოფო ასოცირდება 9 წელთან! ეროვნული გამოცდები ჩაწყობის გარეშე ასოცირდება 9 წელთან! აშენებული გზები და ავტობანები, ყველა სახლში სინათლე, გამყარებული ლარი, აი რა ასოცირდება 9 წელთან და გაკუპონებული ლარი კი თაღლით ივანიშვილთან!
აშენებული საქართველო ასოცირდება 9 წელთან. სინათლე და შენება ასოცირდება იმ 9 წელთან, ხოლო სიბნელე და ნგრევა – “ოცნებასთან”! წარსულზე ის ადამიანები გვედავებიან, რომლებმაც შევარდნაძე სიცოცხლის ბოლომდე კომფორტში აცხოვრეს და კრემლის ხელშეწყობით კვლავ ხელისუფლებაში არიან. მიშასი გვეშინიაო და პუტინის არ ეშინიათ! ისინი რასთან ასოცირდებიან, გარდა ცოცხისა?!
ვანო კი ასოცირდება ამ ყველაფერთან! ვანოს თუ არა აქვს უფლება, იყაროს კენჭი სადმე, აბა ვის აქვს?! ეს რა დამოკიდებულებაა, ეს რას ნიშნავს საერთოდ?!
– მეგი, ისევ ოპოზიციონერი ლიდერები საუბრობენ ამის შესახებ. ოპოზიციაში აზრი ორადაა გაყოფილი. არ ვურჩევთ ვანოს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, მის გვერდით არ დავსხდებით და ასე შემდეგ – ეს განცხადებები ოპოზიციონერი ლიდერებისგან ისმის.
– ორად გაყოფილი არაა, ორად გაყოფილი ნიშნავს, როცა აზრი შუაზე იყოფა. ხოლო აქ არის ორი-სამი ადამიანი და მათ ვურჩევ, რომ თავიანთ საქმეს მიხედონ რა! თვითონ რა აუშენებიათ და რა გაუკეთებიათ? ერთი მაინც დაასახელონ!
– რატომ არის ვანო მათთვის წამგებიანი ფიგურა? რა ინტერესები ამოძრავებთ?
– ყველას თავისი პირადი ინტერესი აქვს. როცა პირად ინტერესს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებ, აი, ეს არის პრობლემა. დიდი ბოდიში, მაგრამ ვანოს არავისთან არ უთანამშრომლია. ვანოს რაც მიუსაჯეს, სამართლიანი იყო ის თუ უსამართლო, მოიხადა ბოლომდე. ვერ გატეხეს! ვერ დააშინეს! ვერ მოისყიდეს და ვანოს არა აქვს უფლება?! პოლიცია არის სახელმწიფოს სახე და ამ პოლიციას რომ უყურებენ, არ ახსენდებათ ვანო?! სად იყო ვანოს დროს ასეთი კრიმინალი, ახლა რომ არის?! სწორედ ამისთვის სჭირდებოდათ კომენდანტის საათი, თორემ კორონა საღამოს 9-დან დილის 6-მდე დადიოდა ქუჩებში?! სწორედ ამ ქურდებისთვის იყო ეს შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან, რომ არ მოეპარათ და ღამე ქუჩაში არ ევლოთ.
– ანუ ეს კრიმინალის შესაჩერებელი სანქცია იყო?
– რა თქმა უნდა! აბა 9-დან 6-მდე, ივანიშვილს რომ სძინავს, მაინცდამაინც მაშინ დადის კორონა?! ეს გაკეთდა კრიმინალის შესაჩერებლად, რომ მასობრივი ქურდობა არ დაწყებულიყო, დაამშიეს და გააუბედურეს ხალხი. ცხადია, რომ ეს დამშეული ერთი ნახევარი მეორე ნახევარს მოპარავს რაღაცებს.
– ოპოზიციაში ყველას უნდა, რომ თავისი პრემიერობის კანდიდატი დაასახელოს. დაასახელეს უკვე გიორგი ვაშაძე, ნაციონალებს არ მოსწონთო. რას იტყვით ამაზე?
– ნაციონალებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ამაზე აზრი არ დაუფიქსირებიათ. მე არც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და არც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მე ვარ უბრალოდ სამოქალაქო აქტივისტი. უბრალოდ მხარდამჭერი ვარ, ნაციონალური მოძრაობის წევრიც კი არ ვარ.
ბოლო ორი დღეა, მართლა სამარცხვინო კომენტარებს ვკითხულობ სოციალურ ქსელში. მართლა სირცხვილია, ხალხო! გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და დღეს მას მოღალატეობას აბრალებს ის ხალხი, ვინც გასულ არჩევნებზე ლამის აღმერთებდა მას, უბრალოდ, სირცხვილია ეს და არასწორია.
– ვიღაცამ მიზანმიმართულად ხომ არ შეუწყო ამ პროცესს ხელი? სერიოზული დაპირისპირება გაჩაღდა მხარდამჭერებს შორის და შუაზეა გაყოფილი აზრი. ეს ვის აძლევს ხელს?
– შესაძლოა, მიზანმიმართულად ხდება. არ დაგიმალავთ და მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მაჟორიტარებზე უნდა შეჯერდეს. ასევე კონსულტაციები უნდა დაიწყოს კონკრეტულ მიმართულებებზე, ვის რა ხედვა აქვს და ვინ ვის კანდიდატურას შესთავაზებს ამომრჩეველს და არა – ერთმანეთს!

– რამდენად არის იმის საფრთხე, რომ ოპოზიცია დაიქსაქსოს?
– არ ვიცი, იმედია, ეს არ მოხდება. კოალიციური მთავრობა რომ იქნება, ეს გარდაუვალია. არც ისაა გასაკვირი, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი თუ ეყოლება, თუნდაც პრემიერობის, მაგრამ პრაიმერიზი ჩატარდება და საბოლოოდ ისე გამოვლინდება. ასე გაირკვევა, ვის მეტი მხარდაჭერა ექნება.
მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში, როცა ქვეყნის მომავალი გაურკვეველია, ხალხი შიმშილით იხოცება სახლებში გამომწყვდეული და ქვეყნის მმართველი ტიკტოკს ცეკვავს და ხეებს დაათრევს, ამ საკითხის წამოწევა და ერთმანეთთან დაპირისპირება, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალ რეგულაციებს იღებს და წინასაარჩევნოდ ქალაქებს გიკეტავს და მოსახლეობასთან შეხვედრას გიკრძალავს, ასეთი წიოკი მხარდამჭერებს შორის, უბრალოდ, ამაზრზენი საყურებელია!
ქოცებს დავცინით, იმიტომ, რომ მართლა დასაცინები არიან, მაგრამ ეს სერიოზული ხალხი რომ წიოკობს და ქოჩრით ათრევს ერთმანეთს, თითქოს, არიქა, ყველაფერი დამთავრდა, ივანიშვილი გავაგდეთ, ამ დროს ამხელა ბრძოლა გვაქვს მოსაგები, სირცხვილია და არასერიოზულია, რაც ხდება! რა დროს კანდიდატები და რა დროს პრემიერია, როცა კუთხეში მომწყვდეული ვირთხა ივანიშვილი რას იზამს, არავინ ვიცით!
– ახალ შეზღუდვებზეა საუბარი, რომელთაც ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დააწესებს, რას ისახავს ეს ყველაფერი მიზნად?
– ზუსტად ეგ არის, რასაც ზემოთ ვამბობდი, რომ ქალაქების ჩაკეტვა, აქტიურობა საარჩევნოდ, ხალხი ქუჩაში ვერ გამოვა. ეს მოლები რომ გახსნეს დიდის ამბით და ტრანსპორტს რომ არ ხსნიან, რით მივიდეს ეს ხალხი ამ მოლებამდე?! ტრანსპორტს არ ხსნიან იმიტომ, რომ არ მოხდეს ხალხის მობილიზება, ხალხის ჩამოყვანა, მიტინგების ჩატარება და ასე შემდეგ.
ყველაფერი ყირაზე დააყენეს, ყველაფერი დაკეტეს. ხალხი გააღატაკეს. სამი თვით გადავუვადებთ საბანკო ვალდებულებებსო, მერე რა?! ამ სამი თვის მერე გაცილებით მეტი რომ უნდა გადაიხადოს და დღეს თუ უსამსახუროდ დარჩა, სამი თვის შემდეგ საიდან გადაიხდის?!
– რა იქნება საარჩევნოდ?
– რაც არ უნდა ქნას ივანიშვილმა, არაფერი აღარ გამოუვა, უბრალოდ, ქვეყანა უნდა გამოვიდეს მინიმალური ზარალით და დანაკარგებით ამ სიტუაციიდან. კონკრეტულად ქვეყანას ემუქრება სანქციები, თორემ ივანიშვილისთვის დამთავრებულია ყველაფერი. ის ამ არჩევნებს ვეღარ მოიგებს. რა თქმა უნდა, მცდელობაც ექნება მოსყიდვის, მაგრამ აღარაფერი გამოუვათ!
ქვეყანას რომ პოლიტპატიმარი ჰყავს, იქ უკვე დამთავრებული ამბავია! ეს თალაკვაძე და ძმანი მისნი, საკრებულოს ყოფილი ოროსანი აქტივისტები, გამოდიან და ამერიკელ სენატორებს არიგებენ ჭკუას. ძალიან სასაცილოა. ეს უპრინციპო და უიდეო ადამიანები, წინ და უკან რომ დახტუნავენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ.
სენატორებმა როგორც ეს შეთანხმება დაიცვეს ბოლომდე, ისე მიიყვანენ ბოლომდე ამ პროცესს. ივანიშვილი კი არა, ისეთი რეჟიმებისთვის მოუგრეხიათ კისერი… უბრალოდ, მართლა არ მინდა, ჩემს ქვეყანაში სარზე წამოცმული დიქტატორი ვნახო, ეს ქვეყანას არ წაადგება და დააზარალებს.