მერკელი – “პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ” – გერმანიაში ყველა მაღაზია იხსნება

მერკელი - "პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ" - გერმანიაში ყველა მაღაზია იხსნებაგერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყნის მიზანი, შეენელებინა კორონავირუსის გავრცელება, მიღწეულია.

„ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო და ჯანდაცვის სისტემა დაგვეცვა. ასე რომ, შესაძლებელი გახდა, შეზღუდვების მოხსნის შემდგომ საკითხებზე შევთანხმებულიყავით“, – განაცხადა მერკელმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების ახალი პირობების თანახმად, გერმანიაში ყველა მაღაზიას გახსნის უფლება მისცეს, მათ ყველა შეზღუდვა მოეხსნათ, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება.

შესაბამისი გადაწყვეტილებები მერკელსა და 16 ფედერალური მხარის ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდა. ასევე, მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის მაისის შუა რიცხვებიდან განახლებას, სკოლები კი თანდათან ზაფხულიდან გაიხსნება.

ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გერმანიის 16 ფედერალური მხარე გააკონტროლებს ქვეყანაში სხვადასხვა დაწესებულებების გახსნას. ინფექციის ახალი საფრთხის შემთხვევაში კი, შესაბამისად მოიქცევიან.

ახალი ნორმების თანახმად, ორ ოჯახს შეხვედრისა და ერთად სადილობის საშუალება ექნება, თითო მნახველის მიღების უფლება ექნებათ მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს.

„ვფიქრობ, შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ პანდემიის სულ პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ. თუმცა საჭიროა ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე ვართ და მასში კიდევ დიდხანს ვიქნებით“ , – განაცხადა მერკელმა.

კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების მიზნით, გერმანიაში შეზღუდვები მარტში დაწესდა.

იპნ