მიხეილ ბენიძე – „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ყალბ ანგარიშებზე ჩვენ 2018 წელს ვსაუბრობდით“

მიხეილ ბენიძე - „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მხარდამჭერ ყალბ ანგარიშებზე ჩვენ 2018 წელს ვსაუბრობდით“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ფეისბუქმა აპრილის მონიტორინგის შედეგად საქართველოში ათასამდე არააუთენტური ანგარიში დაბლოკა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა, მათ შორის კოკა ყანდიაშვილის სახელთან დაკავშირებული სააგენტო „ესპერსონას“ გვერდი. ასევე დაიბლოკა ოპოზიციის მხარდამჭერი ანგარიშებიც, კერძოდ კი საუბარია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა არაუთენტურ ანგარიშებზე, რომელთა რაოდენობაც 150-ზე ოდნავ მეტია. დაბლოკილია რუსული ნარატივის შემცველი ანგარიშებიც.

რამდენად მნიშვნელოვანია ყალბი გვერდების დაბლოკვა წინასაარჩევნოდ, რა ახსნა აქვს იმას, რომ როგორც ირკვევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდებიც ჩართული ამ ფორმით და რა ინფორმაციას აწვდის ორგანიზაცია ფეისბუქის ადმინისტრაციას? – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არასამათავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე საუბრობს.

_ ფეისბუქის მხრიდან „ტროლებისა“ და „ბოტების“ დაბლოკვის მორიგი სერია ვნახეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების თვალსაზრისით და თქვენ, როგორც არჩევნებზე მომუშავე ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი, თუ აწვდით ინფორმაციებს ფეისბუქის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს?

_ „ტროლები“ და „ბოტები“ ისეთი ტერმინებია, რომ ამას ჯერ ვერ დავადასტურებ, ესენი იყვნენ თუ არა ამ კატეგორიაში. „ბოტები“ ნიშნავს, რომ ავტომატიზებულია. ფეისბუქს ამაზე არაფერი უწერია, მაგრამ არააუთენტური, საეჭვო ანგარიშები ნამდვილად წაიშალა დიდი რაოდენობით. ეს არის ძალიან სერიოზული ოპერაცია. ამჯერად ფეისბუქმა 1.880-ზე მეტი ანგარიში გააუქმა და მათგან ნახევარზე მეტი საქართველოში ოპერირებდა, მათი დიდი ნაწილი კი შიდა აქტორების მიერ ორგანიზებული იყო. აქ იგულისხმება, როგორც ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი, ასევე ოპოზიციასთან დაახლოებული ჯგუფები.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ანგარიშები ხუთჯერ მეტი იყო ოპოზიციასთან შედარებით და აქაც მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს _ ორივე მხარე ჩართულია ამაში, თუმცა ხელისუფლების რესურსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოპოზიციის.

ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ არჩევნების პერიოდში ნაკლებად მანიპულირებადი იყოს საარჩევნო გარემო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით გამოწვევები აღმოიფხვრა და დეზინფორმაცია თუ დისკრედიტაციის შემცველი გზავნილები აღარ გაგრძელდება ფეისბუქის საშუალებით. გამოწვევები ამ არჩევნებზე სერიოზული იქნება და ძალიან შემაშფოთებელია, რამხელა კამპანიები ორგანიზდება არააუთენტურად. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაციის ნაკადი და ძალიან რთულია გაარჩიო, რომელია რეალური და რომელი ყალბი, რაც შესაძლოა საზოგადოების განწყობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენდეს.

_ ეს რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ასეთი მეთოდებით იბრძვიან და დაბლოკილი ანგარიშების ნახევარზე მეტი საქართველოზე მოდის?

_ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო. დეკემბრის ბოლო განხორციელდა საქართველოში სხვადასხვა ანგარიშების დაბლოკვა, შემდეგ სხვა ქვეყნებში გააუქმეს, ამჯერად ისევ საქართველო მოექცა მათი ყურადღების ცენტრში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში როგორც შიდა, ისე გარე აქტორები მანიპულაციებს მიმართავენ საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად.

აქ შემაშფოთებულია ისიც, რომ მაგალითად „ნიუსფრონტი“, კრემლის სააგენტო, ასევე საეჭვო ქცევის გამოყენებით ცდილობს მანიპულაციებს. ჩვენ გვქონდა კვლევა, რომლის მიხედვითაც 12 არააუთენტური გვერდი ავრცელებდა მის მასალებს. რუსული აქტორები ცდილობენ საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირების გაღვივებას. ბუნებრივია ეს შემაშფოთებელია და ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი მცდელობებია იმის, რომ ქართველ ამომრჩეველზე გავლენა მოახდინონ.

ჩვენ ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც ანგარიშის სახით ვაქვეყნებთ. მას ვუგზავნით ფეისბუქს. ისინი რიგ შემთხვევებზე რეაგირებას აკეთებენ, თუმცა ზოგჯერ მათი რეაგირება იმდენად ეფექტური არ არის, მაგრამ ვცდილობთ, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდოთ და შემდეგ მათზეა დამოკიდებული. მათ აქვთ დიდი რესურსი იმის, რომ გამოიძიონ და შეისწავლონ, რასთან გვაქვს საქმე.

_ ეს კარგია, როცა ხდება ანგარიშების დაბლოკვა, მაგრამ მეორე მხრივ რა გარანტიაა იმის, რომ ასეთი ჯგუფები ახალ ანგარიშებს არ შექმნიან და ხელახლა არ დაიწყებენ მანიპულაციას? რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამას?

_ ამის გარანტიები არ არსებობს. ერთი მხრივ ფეისბუქი ცდილობს, რომ იგივე პიროვნებებმა ვეღარ გააკეთონ ანგარიშები, მაგრამ შესაძლებელია, რომ ერთი ქსელი მეორით ჩანაცვლდეს და სხვადასხვა აქტორებმა ახალი ქსელის აშენება კიდევ სცადონ. ამისგან დაზღვეული არავინ არის და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ სოციალური მედიის მონიტორინგს.

_ ახალია ის, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდებიც დაიბლოკა. ამას რა ახსნა აქვს?

_ არა, ესეც არ არის ახალი. ჩვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვსაუბრობდით ჩვენს ანგარიშებში. ჩვენ ვსაუბრობდით ქსელებზე, როგორც ხელისუფლების კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, ასევე ოპოზიციური კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ. უბრალოდ შესამჩნევი იყო, რომ მაშინ მეორე ტურში 2-3-ჯერ მეტი იყო ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდები, ვიდრე ოპოზიციის.

დღესაც იგივე სურათს ვხედავთ, ეს ინფრასტრუქტურა ორივეს აქვს. ფეისბუქმა ოპოზიციის რომელი მხარდამჭერი გვერდებიც ახლა გააუქმა, ამაზე ჩვენ 2018 წლის ანგარიშებში ვსაუბრობდით.

_ ახლოვდება არჩევნები და სოციალური ქსელების ყალბი გავლენების გარდა, რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ?

_ წელს პირველ რიგში ეს არის კორონავირუსი და ამ პირობებში შეჩერებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ ცვლილებების მიღება. ამაზე დიდ გავლენას ახდენს პანდემია. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ეს ცვლილებები გატარდეს, სანამ არჩევნებამდე მივალთ, ხოლო შემდეგ ეს არის პოლარიზაცია. ვირუსის დაწყებამდეც საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მომზადებას, რათა გარემო იყოს სამართლიანი. იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსი სერიოზულ საფრთხეს არ შეუქმნის.

_ დისტანციის დაცვაა საჭირო და ეს გარკვეულ კორექტირებას ხომ არ შეიტანს დაკვირვების თვალსაზრისით და ლეგიტიმაციაც ხომ არ დადგება გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ?

_ ლეგიტიმაციაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს ახლა. ეს არასერიოზული იქნება ახლა. რაც შეეხება კონკრეტულ რეგულაციებს, დისტანციის დაცვას და ა. შ. ეს არ იქნება სერიოზული პრობლემა, რადგანაც ვხედავთ, რომ საზოგადოებას ამას კარგად ახერხებს მაღაზიებში, აფთიაქებში და ა. შ. უბნებზეც შეიძლება ეს იყოს კარგად გამოყენებული.

_ რისკს ხომ არ ხედავთ, რომ მმართველმა პარტიამ ეს სათავისოდ გამოიყენოს?

_ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ დავაკვირდებით, ახალი რეგულაცია თუ ნებისმიერი შეზღუდვა რამდენად პროპორციული და ადეკვატურია ქვეყნის რეალობის. ვნახავთ რეკომენდაციებს სპეციალისტებისგან და ამის ფონზე შეიძლება შეფასდეს, ოღონდ არა დღეს. 6 თვის მერე როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ამაზე საუბარი ახლა რთულია.

2-3 თვეში კი ამაზე მსჯელობა სერიოზული გახდება.