მილანი დაიტბორა, წაქცეულმა ხეებმა ტრამვაის ლიანდაგები ჩახერგა და მოძრაობა შეაფერხა – ვიდეო

15 მაისს მილანში ნამდვილი წარღვნა მოხდა: ღამით მოსულმა თავსხმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა – წყლის სიმაღლემ ერთ წუთში  8 სანტიმეტრს მიაღწია. ქუჩების დატბორვის გარდა უამინდობამ ხეებიც წააქცია. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ათეულობით ოჯახს.

მილანელები გაფრთხილებულები იყვნენ ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელი ძლიერი ჭექა-ქუხილისა და თავსხმის შესახებ.

მდინარეები – სევეზო და ლამბრო, ჩვეულებრივ, სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რადგან ძლიერი წვიმის მოსვლისთანავე წყალდიდობის საფრთხე დგება ხოლმე.

სიტუაციას ორივე მდინარეზე სამოქალაქო დაცვა და მილანის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აკონტროლებენ. მათი განცხადებით, გუშინ დაახლოებით ღამის 3 საათზე მდინარე სევეზო კალაპოტიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა; 4:30 სთ-ისთვის მდინარე ლამბრომ სიგნალიზაციის დონეს მიაღწია.

საშუალოდ, მაისში მილანში დაახლოებით ცხრა დღის განმავლობაში წვიმს და ნალექების დონე  თვის განმავლობაში 95,5 მმ-ს აღწევს. წინა ღამით მოსული წვიმის დროს ნალექმა 100 მმ-ს გადაჭარბა, რაც ლომბარდიის მეტეოროლოგიური ცენტრის სხვადასხვა ინსტრუმენტმა დააფიქსირა.

ძლიერი ქარიშხლისგან წაქცეულმა ხეებმა ტრამვაის ლიანდაგები ჩახერგა და მოძრაობა შეაფერხა. გამთენიიდან მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო დაცვის თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ საცობების აღკვეთასა და ტრანსპორტის მიმოსვლის განახლებაზე. მილანის ჩრდილოეთ რაიონში ასევე ათობით მანქანა დაზიანდა.

დილით მილანის პერიფერია ტრიულციში წყალდიდობის შედეგად იზოლაციაში მოქცეული 3 ოჯახი, ბავშვებთან ერთად, დამცავი ქურთუკებით, ჩაფხუტებით და ნიღბებით აღჭურვილები, რეზინის ნავებით გამოიყვანეს დატბორილი სახლებიდან. წყალი სახლების შუამდე იყო მისული.

მაშველების დახმარება მორო დი ლოკატეშიც გახდა საჭირო. მათ პატარა ნავით გამოიყვანეს ყველა ოჯახი, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე.

მდინარე Seveso-ს კალაპოტიდან გადმოსვლამ პრობლემები შექმნა, აგრეთვე, ქალაქის ცენტრში. დღის 3 საათამდე მეტროს რამდენიმე ხაზი, აგრეთვე, ავტობუსი და ტრამვაი გაჩერებული იყო.

ღამით მაშველებმა 100-ზე მეტ ადგილას განმუხტეს სიტუაცია, ისინი წყალდიდობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე მთელი დღის მანძილზე აგრძელებდნენ მუშაობას.

ციცი ხაბელაშვილი, ნოსტალ ჯი