მინეაპოლისსა და სენტ პოლში კომენდანტის საათი გამოცხადდა

მინესოტის შტატის ქალაქებში მინეაპოლისსა და სენტ პოლში, სადაც ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო არეულობა არ წყდება, კომენდანტის საათი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინეაპოლისში კომენდანტის საათი 29 მაისს ადგილობრივი დროით საღამოს 08:00 საათზე დაიწყება და შაბათ-კვირას გაგრძელდება. სენტ-პოლში კი, კომენდანტის საათი 30 მაისის დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

პოლიციელის მიერ ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მინეაპოლისი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრანტთა ნაწილმა დაარბია და დაწვა შენობები. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. გასულ ღამეს მათ მინეაპოლისის პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქში შეყვანილია ეროვნული გვარდიის დანაყოფები.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე დღეს პოლიცის ყოფილი ოფიცერი დააკავეს. მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.

პირველი არხი