მურმან დუმბაძე: “თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ყველაფერი თავდაყირა დადგება”

მურმან დუმბაძე: "თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებენ, ყველაფერი თავდაყირა დადგება"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობს.
– ბატონო მურმან, რამდენად სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა მოგეცემათ?
– თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდა და ხელისუფლებამ მისი დასრულება არ გამოაცხადა, მაშინ გამოდის, ჩვენ, ოპოზიცია, არათუ სრულყოფილად, სანახევროდაც ვერ ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას. მანქანით მოძრაობაც კი აკრძალულია, არათუ ადამიანებთან შეხვედრა. არ ვიცი, ამ ფონზე როგორ უნდა ჩავატაროთ კამპანია?! ძალიან რთული ვითარებაა.
მე მაინც ვფიქრობ, თუ 22 მაისის შემდეგ ხელისუფლება გააგრძელებს საგანგებო ვითარებას ქვეყანაში, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ატარებს არჩევნებს მხოლოდ სათავისოდ კიდევ ერთი ვადით დასარჩენად. ასეთი არჩევნების პირობებში ოპოზიცია არაფერ შუაში აღარ იქნება, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, ამას სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვება! მე ვურჩევ ხელისუფლებას, ამაზე არ წავიდეს!
რას იზამთ?
– არ გავჩერდებით. ისე არ გამოვა, რომ არჩევნები დისტანციურად ჩაატარონ. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებზე მიიყვანოს მხოლოდ ის ხალხი, ვინც მას აწყობს და ჩვენ შორიდან ვუყუროთ, ეს არ გამოუვათ. საზოგადოება ცვლილებას ითხოვს, ეს რეალობაა და ეს ვნახეთ. ამ რეალობას კორონავირუსი ვერ შეცვლის.
– რამდენად ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად?
– ეს ჯერ არ ჩანს. ამისკენ “ქართულ ოცნებას” ჯერ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და, თუ გადადგა, გვითხრან.
– საკონსტიტუციო ცვლილებები რეალურია?
– რეალურია იმ შემთხვევაში, თუ ეს უნდა ხელისუფლებას. აუცილებელი პირობაა საკონსტიტუციო ცვლილებები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული შეთანხმება არ შესრულდება და დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, არ მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებები ანუ 120/30-ზე არ იქნება საარჩევნო სისტემა, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
– თუ არ შეასრულა შეთანხმება, რა იქნება?
– ოპოზიციას ხელისუფლების გამოცვლის პრაქტიკა აქვს.
– როგორ გამოცვლით?
– როგორც აქამდე გამოგვიცვლია არაერთი ხელისუფლება. შევარდნაძის ხელისუფლება რევოლუციით გამოვცვალეთ, ასლან აბაშიძის ხელისუფლება – ასევე რევოლუციით, სააკაშვილის ხელისუფლება – არჩევნების გზით. ეს ხომ საუკუნეების წინ არ მომხდარა, სულ ახლახანს მოხდა და ეს გამოცდილება არსებობს. დიდი ოპოზიციური გაერთიანება ცვლის ხელისუფლებას. ყველა ოპოზიციური ძალა ვთანხმდებით, რომ ერთიანი ფრონტით გავალთ არჩევნებზე.
– მაჟორიტარებზე შეთანხმებას გულისხმობთ?
– დიახ. ეს შეთანხმება ძალაშია. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, სალაპარაკო არ უნდა მოგვცეს, ვნახოთ, რას იზამენ. შეთანხმება ბოლომდე უნდა იყოს დაცული, გაცურება არ გამოვა.
– პოლიტოლოგები ამბობენ, რომ არსებული რეალობა კარგ ფონს ხელისუფლებას უქმნის და არა ოპოზიციას, რომ ოპოზიცია რთულ მდგომარეობაშია. აპირებთ რამის შეცვლას?
– ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, კარანტინია, ჩვენ ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს. ჩანს მხოლოდ ხელისუფლება რამდენიმე ექიმის ფონზე, რომლებიც მართლაც კარგად ებრძვიან ეპიდემიას. ეს კარგია, მაგრამ ექიმებისა და კარანტინის გამოყენება დროებითი ამბავია. ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ. ასე სულ ვერ იქნება.
ოპოზიცია არსად ჩანს. ეს ძალიან მოსწონთ “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ, მერწმუნეთ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. დრო მოვა და ყველაფერს ვიტყვით.
– რას იტყვით?
– 22 მაისს უნდა დაველოდოთ. რას იზამს ხელისუფლება, გამოჩნდება. თუ ისევ სახლში უნდა გამოგვკეტონ, ასე არ გამოვა. ევროპა, სადაც სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, ნელ-ნელა შერბილებისკენ გადადის. ჩვენთან მსგავსი არაფერი შეიმჩნევა. ვართ თუ არა პიკში, ისიც კი ვერ გაგვირკვევია.