“ნეკა დოროყაშვილმა ნიკა ბასილაშვილის სახლიდან ბავშვი ძალით წაიყვანა” – ირმა ჭკადუას განმარტება

"ნეკა დოროყაშვილმა ნიკა ბასილაშვილის სახლიდან ბავშვი ძალით წაიყვანა" - ირმა ჭკადუას განმარტებანიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი და ბავშვი პრაქტიკულად ძალით წამოიყვანა – ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა.

ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენს სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღე მიაკუთვნა. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ჩაშალა.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური. ვინაიდან, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები, რომ შესაძლოა მის მიმართ გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს, რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე აქვს გამოყოფილი, ხუთშაბათი და შაბათი, ამ დღეებში მას სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება მისცა. იმ დღეს, როდესაც ბასილაშვილს ბავშვი თავის სახლში ჰყავდა წამოყვანილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი არ მივიდა თავის ყოფილ მეუღლესთან, თავისი დრო როცა უნდა გამოეყენებინა და ბავშვთან ერთად ეთამაშა კორტებზე. დაახლოებით 40 წუთში მოაკითხა საკუთარ სახლში, ნიკოლოზის სახლში თვითონ ეს ქალბატონი მიბრძანდა და პრაქტიკულად იქიდან ძალით წაიყვანა ბავშვი. ჩვენ გამოკითხული გვყავს ის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც დაურეკა ნიკოლოზმა და სთხოვა, რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. სოციალური სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის ვერ დაესწრებოდა მეორე მხარის თანხმობის გარეშე, მეორე მხარე კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა.

მანამდე მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

იმედინიუსი