ნიკა ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის, ცემისთვისაა დაკავებული

ნიკა ბასილაშვილი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის, ცემისთვისაა დაკავებულისაქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკა ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკა ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.

ინფორმაცია ნიკა ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის დაშორების შესახებ გასულ წელს გავრცელდა.

წყვილი 2013 წელს დაქორწინდა, მათ 2015 წლის 4 მაისს ვაჟი შეეძინათ.

იპნ