ნინო ბურჯანაძე – „ქართული ოცნება“ იმ მეთოდებით მუშაობს, რომლებითაც სააკაშვილი მუშაობდა”

ნინო ბურჯანაძე - „ქართული ოცნება“ იმ მეთოდებით მუშაობს, რომლებითაც სააკაშვილი მუშაობდა"„ოცნებამ“ იმდენი თხარა თაგვივით, რომ პოლიტპატიმრების აღიარება გამოთხარა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
აქვთ თუ არა კონსულტაციები ოპოზიციაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე? მისი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა თუ ერთობას შექმნის სხვა პარტიებთან? იყრის თუ არა კენჭს მაჟორიტარად? რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე და რას მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის იარაღად? რა პასუხი აქვს „ოცნების“ პროპაგანდაზე მის ინტერვიუსთან დაკავშირებით და რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც ოპოზიციას გოიმებს ეძახის? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს:
– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და განსაზღვრული თამაშის წესები, ალბათ, გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები გავა. ამ საკითხების გარდა, თუ გაქვთ ოპოზიციას დაწყებული მუშაობა სხვა საკითხებზე და უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობაზე?
– პირადად მე, ამ საკითხების გარდა, არავისთან არანაირი კონსულტაციები არ მაქვს. ხაზგასმით აღვნიშნე, ეს ფორმატი არის იმისთვის, რომ მივაღწიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები მივიღოთ. მე დღესაც ამ ფორმატში ვრჩები.
მე ვფიქრობ, რომ მოლოდინი იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, არა მარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოებასაც აქვს. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რათა მივიღოთ ისეთი სისტემა, როდესაც პარლამენტი უპასუხებს არსებულ რეალობას და ერთხელ და სამუდამოდ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ოპოზიცია ქუჩაში აღარ იყოს და პროცესი იყოს პარლამენტში გადატანილი. ეს მოგვცემს პოლიტიკის გაჯანსაღების შესაძლებლობას და იმის საშუალებას, რომ ეკონომიკაც ნორმალურად განვითარდეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სტაბილურობის გარეშე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა არ არსებობს.
– თქვენი ეს განცხადება, რომ არავისთან არ გაქვთ სხვა საკითხებზე კონსულტაცია, იმას ნიშნავს, რომ „ერთიანი საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვა?
– ჯერჯერობით ჩვენი ამოცანა ასეთია.
– რაიმე ერთობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხი რაზეა დამოკიდებული?
– შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ რეალობაზე. ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, ამიტომ სხვა პარტიებთან სხვადასხვა სახის თანამშრომლობა, შესაძლოა, გვქონდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.
– რაც შეეხება მაჟორიტარების საკითხს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს არ დაუყენოთ კანდიდატები და ხმები არ წაართვათ, ამის შესახებ რა სახის საუბრებია ოპოზიციაში?
– მაჟორიტარებზე თანამშრომლობა და კოორდინაცია საჭიროა იმისთვის, რომ ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც სხვა რომელიმე ძალამ ვერ შეძლოს ხელისუფლების უზურპირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი და სჭირდება ის, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი ან ერთი ძალა არ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი და გამოვიდეთ იმ წრიდან, რომელშიც ამდენი წელია, ვტრიალებთ. ამისთვის არის საჭირო მაჟორიტარებთან კოორდინაცია, რომელიც, არ არის აუცილებელი, რომ ყველა რაიონს მოიცავდეს. ჯერჯერობით ეს არ არის გამოკვეთილი, თუმცა მოლაპარაკებების დროს უფრო მკაფიო გახდება სურათი.
– თქვენ თუ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, იქნებით თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი?
– მე ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს.
– ამ მოლაპარაკებებზეც არის ეს საკითხი დამოკიდებული?
– არა, ეს ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
– სავარაუდოა, რომ თქვენი პარტია შევა პარლამენტში, სადაც დადგება საკითხი კოალიციის შექმნაზე. თუ დადგება რეალობა, რომ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა აქვს „ქართულ ოცნებასაც“ და ნაციონალურ მოძრაობასაც, თქვენ რომელს აირჩევდით და რომელთან შექმნიდით მას?
– არასერიოზულია ასე საუბარი. ნაციონალურ მოძრაობასთან ჩემი დამოკიდებულება სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანია. მე სრულიად გასაგებად ვთქვი არაერთგზის, რომ ჩემი თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან იწურება იმ ფორმატში, რომელ ფორმატშიც გვაქვს თანამშრომლობა და ეს ეხება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობას.
– სააკაშვილის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მან მოახდინოს დისტანცირება ქართული პოლიტიკისგან ან, პირიქით, აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში?
– იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი დაკავდება უკრაინის პრობლემებით. სააკაშვილის აქტიურობა მთელი ამ წლების განმავლობაში განაპირობებდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ახერხებდა მისგან პოლიტიკური საფრთხობელას შენარჩუნებას და ახერხებდა იმ არჩევანის დაყენებას საზოგადოების წინაშე, რომ თუ ბიძინა არ მოგწონთ, ესე იგი მიშა მოგწონთ. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. პოლარიზება უნდა დავტოვოთ წარსულში და საზოგადოებას უნდა მივცეთ მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სერიოზული აქტიურობით. იმედი მინდა ვიქონიო, რომ საზოგადოება აღარ წამოეგება ივანიშვილის ანკესზე იმ მხრივ, რომ თუ ბიძინას არ უჭერს მხარს, ეს სააკაშვილის მხარდაჭერას ნიშნავს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში, თუმცა სააკაშვილი თავისი აქტიურობით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობდა. იმედი მაქვს, რომ ასე აღარ მოხდება.
– პანდემიამდე ვხედავდით, რომ „ოცნების“ რეიტინგი უფრო და უფრო იკლებდა. როგორ გგონიათ, დღეს რა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი იარაღი?
– ბიძინა ივანიშვილის ხელში მთავარი იარაღი არის ფული, რომელიც მას აქვს. სამწუხაროდ, ასევე არის საზოგადოების არცთუ საკმარისი აქტიურობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ერთმა ადამიანმა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს, მაგრამ ჯერჯერობით საკმარის პროტესტს არ გამოხატავენ. ამის იმედი აქვს ივანიშვილს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის ცდება. საზოგადოება ახლაც იტყვის თავის სიტყვას, ისე, როგორც ყოველთვის ამბობდა.
– ამ ფულით პოლარიზაციას არ ეცდება? თუნდაც რაც იყო თქვენთან მიმართებით, როდესაც პოლიტპატიმრების საკითხზე დამახინჯებული ციტატები გაგივრცელათ „ოცნებამ“ და თქვენ მოგიხდათ შემდეგ განმარტებების გაკეთება…
– ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, ცდილობს ამ თამაშს და დიდი ხანია, ამაზე ლაპარაკობს. ამის ნათელი დადასტურება იყო ბატონი ვოლსკის განცხადებები, რომ თურმე სააკაშვილის კლასტერია მთელი ოპოზიცია.
ჩემს ინტერვიუს რაც შეეხება, მას არანაირი განმარტება არ სჭირდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ობიექტურად, მშვიდად და აზრიანად მოუსმენენ. ინტერვიუდან პირდაპირ გაყალბებული ამონარიდები დადეს „ფეისბუქზე“ და ამის ფოტოები არსებობს. გამოიყენეს სიტყვები, რომელიც მე საერთოდ არ მქონდა ნათქვამი. „ქართული ოცნებაც“ ზუსტად იმ მეთოდებით მუშაობს, რა მეთოდებითაც სააკაშვილი მუშაობდა, როდესაც იმას დაგაბრალებდა, რაც შენთვის ყველაზე მიუღებელია. ეს ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდიას აქვს თავის ნაწარმოებში და არა მარტო მას, რომ ადამიანს უნდა დააბრალო ის, რასაც ებრძვის და კატეგორიულად მიუღებელია მისთვის.
ამიტომ ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაზე უკეთესი არაფრით არ არის. „ქართული ოცნება“ კადრულობს და ზუსტად იმავე მეთოდებით ებრძვის თავის კოლეგებს, რა მეთოდებითაც – სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ვინმეს მოუვა თავში, რომ ნინო ბურჯანაძესთან დაკავშირებით პოლიტიკური ინსინუაციები აწარმოონ, ეს ადამიანები ადრე თუ გვიან ძალიან მწარედ დაისჯებიან, იმიტომ, რომ ეს არის უზნეობა. პოლიტიკაზე აღარაფერს ვლაპარაკობ. უბრალოდ, ადამიანურობის კატეგორიიდან ვლაპარაკობ ამ საკითხზე.
– ვინ დასჯის მათ?
– პოლიტიკური ცხოვრება და ზოგადად ცხოვრება ისეთია, რომ როდესაც ადამიანი უზნეობას კადრულობს, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად ისჯება. ეს სააკაშვილის ხელისუფლებამაც კარგად აჩვენა. ისინი დაისაჯნენ, მაგრამ – არასაკმარისად, ბევრი მათგანი – ისევ ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ბიძინა ივანიშვილის გარიგებითა და კოჰაბიტაციით, მაგრამ ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანები უზნეობისთვის ადრე თუ გვიან აუცილებლად ისჯებიან. საზოგადოება მაინც იგებს სიმართლეს.
უზნეობაა ის, რასაც „ქართული ოცნება“ კადრულობს ჩემთან მიმართებით, 26 მაისის მონაწილეებთან მიმართებით, არჩევნების საკითხებთან მიმართებით და ა.შ. ჩვენი ქმედებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ ქვეყანამ თავისუფალი არჩევნები მოიპოვოს და, როცა ამ მეთოდებს იყენებენ, რა თქმა უნდა, ამის გამო ისინი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯებიან.
– ის განცხადებები რაზე მეტყველებს, რომლებიც „ოცნებისგან“ გვესმის? ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ამ მხრივ განსაკუთრებულად. მან ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ ასეთი გოიმი ოპოზიცია არ ახსოვს. მმართველი გუნდი ქმნის ამ პოლიტიკას და როგორი იქნება თქვენი შეფასება?
– არა, მე ამის შეფასებას ნამდვილად არ ვაპირებ. როდესაც ადამიანები ისეთი უსუსურები არიან პოლიტიკაში, როგორიც „ოცნება“ და მისი ლიდერები, ისინი გადადიან ისეთ ტერმინოლოგიაზე, რომელი მაგალითიც თქვენ მოიყვანეთ. უბრალოდ, ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა, როდესაც ეს ხდება საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მოსახლეობამ თვალები გაახილოს, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას მესიებზე, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც ან ფულით, ან გაყალბებით, ან პოლიტიკური ინსინუაციებით მანიპულირებს. თუ ეს აღარ იქნება, მერე პოლიტიკური ცხოვრებაც ნორმალური იქნება.
რაც შეეხება 26 მაისს, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, ამაზე ვინც დღეს ლაპარაკობს, მათი 90% ის ადამიანები არიან, რომლებიც 26 მაისს სოროებში იმალებოდნენ, 26 მაისს არ იბრძოდნენ, არათუ არ იბრძოდნენ, მერე ჩვენს ნაბრძოლზე მოვიდნენ და იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ებრძოლათ და სამართლიანობა აღედგინათ, ჩვენ დაგვიწყეს ბრძოლა. დღეს რომ 26 მაისზე ლაპარაკობენ, რომელს გაახსენდა 26 მაისის მონაწილეები თუნდაც მეორე დღეს?! რომელს გაახსენდა, რომ იმ ადამიანებს ელემენტარული გვერდში დგომა და თანადგომა სჭირდებოდათ?! „ოცნებიდან“ ვის გაახსენდა ეს ადამიანები, რომლებიც კარზე არ მიადგნენ „ქართულ ოცნებას“, არც ერთი ეს ადამიანი ღირებული არ აღმოჩნდა. არც ერთი ამ ადამიანისთვის არც „ქართულ ოცნებასა“ და არც ბიძინა ივანიშვილს არ მოუცლია. ახლა ცდილობენ, რომ ამ თემის უსინდისო მანიპულირებით აქეთ მოგვცხონ ჩირქი, რაც არ გამოუვათ!
დღეს რომ მთელი ოპოზიცია ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, რომელმაც გადააგდო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება. მისი მთელი პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის გარდა პოლიტიკური პარტიები გაეკრიფა და ნაციონალური მოძრაობა საკვებად ჰყოლოდა იმისათვის, რომ 30 წელიწადი დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ივანიშვილმა როგორც 2016 წელს გაყალბებით პარლამენტს გარეთ დაგვტოვა, მისი ამოცანა იყო, რომ ახლაც ეს გაეკეთებინა, რასაც მე შევეწინააღმდეგე სამართლიანი მეთოდებით. ვის რა უფლება აქვს, ასეთი პრეტენზიები წამოაყენოს, როდესაც ვიბრძვი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ერთი ადამიანის ჯიბეში არ იდოს.
გარდა ამისა, თქვენც და საზოგადოებასაც გაგახსენებთ, რომ საზოგადოება ყოველთვის გამოთქვამდა გულის ტკივილს, რატომ ხართ ყველანი ცალ-ცალკე, რატომ ჭამთ ერთმანეთს და რატომ არ შეგიძლიათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე გაერთიანდეთ, ერთიანი პოზიცია გქონდეთ და ერთობლივად იბრძოლოთ სწორი მიზნის მისაღწევადო. ეს მოხდა ახლა. რა არის მიუღებელი?! უნდა გავჩუმებულიყავით და ივანიშვილისა და ნაცმოძრაობის თამაში გვეთამაშა?! იმიტომ, რომ ის სისტემა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყოს „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა. ეს ის სისტემაა, სადაც მხოლოდ მოძლიერებულ პარტიებს აქვს, მეტ-ნაკლები შანსი. დანარჩენი ყველა პარტია ივანიშვილმა პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა, უბრალოდ, ბოლომდე ვერ გაგვანადგურა, იმიტომ, რომ საკმარისი გამოცდილება გვქონდა, რათა პოლიტიკურად დავპირისპირებოდით ამას. თუ ამას გააანალიზებენ ადამიანები, მაშინ ვერავის ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნება ჩვენთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ტროლებისა და ბოტების აზრი ნამდვილად არ მაინტერესებს. არც იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს, რომლებიც ეგუებიან, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს, ვინც არ უნდა იყოს ის, დანარჩენი ადამიანების გასაგონად კი, რომლებმაც არასწორი ციტატები წაიკითხეს ან არასწორი ინფორმაცია მიიღეს, ახლა გაძლევთ ინტერვიუს და ვფიქრობ, რომ ბევრ რამეზე მათ სწორ ინფორმაციას მიაწვდის.
– პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არ შეუთანხმებია ივანიშვილთან. თქვენთვის ეს დამაჯერებელი იყო?
– რა თქმა უნდა, არა, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია შედეგი. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ეს ივანიშვილთან შეთანხმებული არ ყოფილა. წულუკიანმა თქვა, ჩვენ გადავწყვიტეთ, უგულავა და ოქრუაშვილი გამოგვეშვაო და ესეც ამაზე მეტყველებს. ეს არ არის მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ოცნებამ“ იმდენი ირბინა და იმდენი თხარა თაგვივით, რომ ამდენი ხნის შემდეგ ოფიციალური ტერმინი პოლიტიკური პატიმრების თაობაზე გამოთხარა თავისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.
– ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ბრალია თუ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგისა და აქტიურობის შედეგადაც მოხდა? გვახსოვს, რომ ბევრი მძიმე შემთხვევა იყო სააკაშვილის მმართველობის დროსაც, თუმცა მაშინ ასეთი ტერმინი არ იყო გამოყენებული.
– მე ესეც ვთქვი იმ ინტერვიუშიც და სხვა დროსაც არაერთგზის მითქვამს, რაც „ოცნების“ წარმომადგენლებმა დამალეს და ამის ტირაჟირება არ გააკეთეს. მე ვთქვი, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ისე მუშაობდა, არავის უწოდებია პოლიტიკური პატიმრები. მათ შორის მე გადაცემებშიც ვთქვი, პირდაპირ ეთერში, რომ ჩემი პარტიიდან იყო 41 პოლიტპატიმარი და მე, სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოვახერხე, პოლიტპატიმრის სტატუსი აღიარებული ყოფილიყო და ჩვენს პარტიას, რომელსაც ყველაზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავდა, ვერ მოვახერხეთ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი ყურადღება დაემსახურებინა. ეს „ოცნებამ“ არ გაახმოვანა და ჩემი ნათქვამი უკუღმა დაატრიალა. მე დიდი ხანია, მათზე ჩემი წარმოდგენა მაქვს, ასე რომ, არ გამკვირვებია მათი მოქმედება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაშინ ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი უსუსურობა გამოიჩინა, რომ ვერ მოახერხა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტპატიმრებზე არ აელაპარაკებინა. ივანიშვილი ცდილობს, მისი სამიზნე ვიყოთ, მაგრამ, არა უშავს, ცხოვრება რთულად, მაგრამ ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს.