პაატა ზაქარეიშვილი: „ოპოზიციის შანსები დიდი არ არის“

პაატა ზაქარეიშვილი: „ოპოზიციის შანსები დიდი არ არის“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ახალი თაობის კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების შესახებ კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს

– ბატონო პაატა, როგორ უმკლავდება ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პრობლემებს?

– ავტორიტარული ქვეყნები უკეთესად მართავენ და აკონტროლებენ სიტუაციას პანდემიასთან მიმართებაში, ვიდრე დემოკრატიული ქვეყნები. დემოკრატიას თავისთავად თავის პლიუსები და მინუსები აქვს. ის, რომ ჩვენთან პანდემიას უმკლავდებიან, ცუდი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემოკრატიული მეთოდებით ხდება ყველაფერი.

ხელისუფლებამ ბოლომდე მისდია მედიცინის რეკომენდაციებს და ამან გაამართლა, თუმცა ამას არაფერი საერთო არა აქვს იმასთან, რაზეც ლაპარაკობს ფრიდომ ჰაუსი. ფრიდომ ჰაუსი არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ ძალიან ცუდად გაყიდა ხელისუფლებამ თავის თავი, როდესაც აღშფოთებული ლაპარაკობდა, რომ ეს შეფასება არ ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების და ასევე ევროკავშირის დასკვნასო. რატომ უნდა დაემთხვეს, ეს ხომ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

– ეს ორგანიზაცია ყოველთვის კრიტიკულობით გამოირჩევა.

– დიახ, ასეა. იდეალური სიტუცია არსად არაა. ყველა ქვეყნის მთავრობა შეიძლება რომ აკრიტიკო. ჩვენი ხელისუფლების შეფასება უცნაურია და ამოვარდნილია კონტექსტიდან.

– ამ ყველაფერს ფეისბუქის ადმინისტრაციის სანქციები დაემთხვა.

– ფეისბუქის სანქციები მიმართულია არა მარტო “ქართული ოცნების” არამედ ნაიონალური  მოძრაობის მიმართაც და სამართლიანობა მოითხოვს ეს აღვნიშნოთ. აშკარაა, რომ გამოიკვეთა ორი ლიდერი ძალა, რომელიც არაფერზე უკან არ იხევს, მაგრამ ცალსახაა, რომ ხელისუფლებას მეტი მოეთხოვება.

– ხელისუფლება აჭიანურებს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანას. რამდენად ცდილობს “ოცნება”, შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენოს?

– მეც მგონია, რომ ასეა. ამაზე მეტყველებს რამდენიმე უცნაური ფაქტი.

– კერძოდ?

– თუნდაც კომენდანტის საათი, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შანსებს. მაღაზიები იკეტება 8 საათზე, ხალხი ჩქარობს, რომ მოასწროს ყიდვა და არის უშველებელი რიგები. კომენდანტის საათი რომ მოხსნილი იყოს, ეს ამბავი არ იქნება. ძალიან ცუდად მუშაობს კომენდანტის საათი ადამიანების ნერვიულ სისტემაზე, ყველას ეშინი,ა არ დააგვიანდეს, არ დააჯარიმონ და იქმნება ქაოსი.

ძალიან ცუდია, რომ ჩაკეტილია ქალაქები და არ არის კონტაქტები. აშკარად ჩანს, რომ ამით უნდათ შექმნან დაძაბულობის იმიტაცია. ჩვენი ექიმები ბრწყინვალედ უმკლავდებიან სიტუაციას. თუმცა ხელისუფლებას არ აწყობს, რომ მალე დასრულდეს კორონავირუსი და დაიწყოს საარჩევნო კამპანია.

– მაქსიმალურად გაწელეს დროში შეზღუდვები?

– კი, ასეა. ჩვესნ ხელისუფლებას უნდა, რომ მაქსიმალურად გვიან დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია.

– არჩევნების გადადება არ უნდა?

– არა. მისი მიზანი სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარდეს არჩევნები.

– და ოპოზიცია გვიან ჩადგეს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში?

– დიახ, ძალიან ცოტა დრო უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. “ქართულ ოცნებას” მოუწევს დიდი ფულის დახარჯვა, რათა მოისყიდოს ამომრჩეველი. რაც უფრო მოკლე დრო იქნება, მით უფრო ცოტა ფულს დახარჯავს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ახლა ცდილობენ, მაქსიმალურად გაწელონ დრო, რათა ბოლო მომენტში დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია, ფულის ხარჯვა და ამომრჩევლის მოსყიდვა. ამიტომ ამ დროს მაქსიმალურად წელავენ.

თუ არ მოხდა საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანა, ეს მათ წინააღმდეგ იმუშავებს. ძალიან მალე ეკონომიკური კრიზისი ცუნამივით წამოვა. იქნება უმუშევრობა, სიღარიბე. ამიტომ ხელისუფლებას აწყობს, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს არჩევნები, არ გადავადდეს და მის სასარგებლოდ იყოს.

მის სასარგებლოდ კი ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ცოტა დრო იყოს საგანგებო მდგომარეობის დამთავრებიდან არჩევნებამდე დარჩენილი. ოპოზიცია დღეს არ არის სახარბიელო მდგომარეობაში.

– ძალიან წამგებიან პოზიციაშია.

– დიახ, ასეა. მას გაუჭირდება მოსახლეობის მობილიზება, მითუმეტეს საზოგადოებისთვის ეს ძალები დიდად სიმპატიური არაა. პირადად მე არ ვიცი, ვის უნდა მივცე ხმა.

ხელისუფლება შეედება, 200-300 ლარიანი დახმარებებით გაწელოს დრო არჩევნებამდე. მაგრამ მერე რა ეშველებათ, არჩევნების მერე?! მერე გაცილებით რთული პერიოდი დადგება.

მე ვურჩევდი, რომ გადაანაწილონ პასუხისმგებლობა სხვა ძალებზე და ერთად მართონ სიტუაცია, რადგან ეს ტვირთი ძალიან მძიმე იქნება.

ქვეყანას არჩევნების შემდეგ ძალიან გაუჭირდება და, პირველ რიგში, ეკონომიკურად.