ფოთში ტოიოტას ორსული მძღოლი ჯერ ქალსა და მამაკაცს დაეჯახა, მერე – შენობას

ფოთში,აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს, შემდეგ კი შენობას დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა.

„ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა რამდენიმე დაშავებული ადამიანი, რის გამოც დამატებით, მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.შედარებით მძიმეა ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მდგომარეობა, მას ტრავმები მიღებული აქვს თავისა და მუცლის არეში. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულე ქალსა და მანქანაში მყოფ ორსულ ქალბატონს, მათ აღენიშნებათ მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამივე დაშავებული გადაყვანილია სენაკში, კლინიკა „სენამედში“- განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერმა, კესო გელენიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

პირველი არხი