„ისევ დასავლეთის ზეწოლის იმედი გვაქვს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის განახლებას ითხოვს, რამდენად გამოვა ეს?
– ახლა, როცა პარლამენტი გაგანია მუშაობაში უნდა იყოს, იგი მკვდარია. როდესაც ქვეყანაში სრულყოფილად არ მუშაობს კონსტიტუცია, შეჩერებულია მისი ზოგიერთი ნორმა, გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან, სწორედ ახლა არის საჭირო პარლამენტის გაორმაგებული და გასამმაგებული მუშაობა. სწორედ ახლაა პარლამენტის მაკონტროლებელი როლის გამოყენება აუცილებელი. ქვეყანაში შემოდის რამდენიმე მილიარდი დოლარი, ძირითადათ ეს არის სესხების სახით და მისი განკარგვა არ უნდა იყოს მხოლოდ 2 ან 3 ადამიანის პრეროგატივა. მის ხარჯვაზე კონტროლის გაძლიერბა არის პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია.
– უკონტროლოდ იხარჯება ეს თანხები?
– მთავრობის მიერ უცხოეთიდან მოზიდული თანხების 85% არის კრედიტები. ამ ფულს კი მთავრობა უკონტროლოდ და თავის ნებაზე ხარჯავს. წარმოადგინა რაღაც “ანტიკრიზისული გეგმა” და აქეთ-იქით აფრიალებს მილიარდებს. არავის არაფერს ეკითხება, ბიუჯეტიც კი არ შემოუტანია პარლამენტში დასამტკიცებლად.
– საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლებას აქვს ამის უფლება.
– საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით, მთავრობას პარლამენტმა მისცა უფლება, 700 მილიონი ლარი დახარჯოს ყველასგან დაუკითხავად. ასევე ერთი მუხლიდან მეორეში შეუზღუდავად გადაათამაშოს ხარჯები.
არაა ეს სწორი,ა ხლა საჭიროა კონტროლი. დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს პარლამენტის სხდომები და კომიტეტების მუშაობა. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ფიზიკური დისტანცია იქნას დაცული და ანტივირუსული ზომები იქნას გატარებული. ას ეუკონტოროლოდ სიტუაციის მიშვება აღარ შეიძლება.
მაჟორიტარმა დეპუტატებმა რაღაც ფონდი შექმნეს, აიძულებენ ბიზნესმენებს, რომ ფული შეიტანონ ამ ფონდში. შემდეგ დადიან მაჟორიტარები სოფელ-სოფელ, არიგებენ ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილ ფულს და მთავრობის მირ მოზიდულ უცხოურ კრედიტებს. ამ ფულით არიგებენ დახმარებებს და იძახიან, რომ ეს არის “ქართული ოცნების“ დამსახურება.
– საარჩევნო კამპანია წამოიწყეს?
– წამოიწყეს კი არა, გაგანია საარჩევნო კამპანიაში იმყოფებიან.
– ამ ფონზე ცუდ დღეში არ ვარდება ოპოზიცია?
– ოპოზიცია გამომწყვდეული ჰყავთ სახლში. გადაადგილების საშუალებაც კი არ აქვთ, ქალაქები არის ჩაკეტილი, თავად კი გაჩაღებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან ისევ ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით და საგარეო ვალებით იწონებენ თავს. არსად არ ჭაჭანებს ოპოზიცია.
– ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობდით, არ გაამართლებს ეს გეგმა?
– თვითდასაქმებულთა მესამედზე ნაკლებს მთავრობა აძლევს 300 ლარს ერთჯერადად, რაც ჯამში შეადგენს 75 მილიონ ლარს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ოფისის მშენებლობა.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით, პირდაპირი სოციალური დახმარების სახით სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის გამოიყოფა 618 მილიონი ლარი, რაც 193 მილიონი დოლარის ტოლია. ამით ორი რამ ჩანს ნათლად _ რას დაამსგავსეს ლარი და რა მწირი თანხებია გამოყოფილი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის მომავალი 6 თვის განმავლობაში.
– ბატონო რომან, ხელისუფლება არ აპირებს, გამოუშვას პოლიტპატიმრები. ოპოზიციას კი ამის გასაპროტესტებლად თავს ზევით ძალა არა აქვს. ასეა?
– სხდომების განახლების შემდეგ, ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ პარლამენტში. თუ საჭირო იქნება, ისევ ბოიკოტის რეჟიმში დავბრუნდებით. ჩვენ კომბინირებულად გამოვიყენებთ პოლიტიკური ზეწოლის სხვადასხვა ფორმას. ხელისუფლებამ რომ დაარღვია შეთანხმება და პოლიტპატიმრები არ გამოუშვა, ამის შესახებ ილაპარაკა ამერიკის ელჩმა. მათ განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ შეთანხმებას ჰქონდა ორი მხარე _ ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება თუ არა შესრულებული, ესეც არავინ არ იცის და მეორე _ პოლიტპატიმრები.
– შესაძლოა, კიდევ გადააგდონ ხალხი?
– ივანიშვილმა ერთხელ უკვე მოატყუა როგორც საკუთარი ხალხი, ისე საერთაშორისო საზოგადოება. გაეროს ტრიბუნიდან გამოაცხადეს, პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამის მერე მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ 120/30-ზე არ იქნას შესრულებული.
– სწორედ ამაზეა საუბარი, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოიყენებენ მიზეზად და არ შეიტანენ ამ ცვლილებებს.
– მათგან არაფერია გამორიცხული. მეორე ვალდებულება არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, შეჩერება ყველა იმ საქმისა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იყო ინიცირებული. დღემდე ნიკა მელიას გამობმული აქვს სამაჯური და სახლიდან ვერ გამოდის. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე ციხეში არიან. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ორივე მოთხოვნა ხელისუფლებამ.
– რომ არ უჩანს იმის პირი, რომ შეასრულებს? არც ეშინია არანაირი სანქციების ივანიშვილს, ფიქრობს, რომ ვირუსიდან გამომდინარე მისთის არავის სცალია და პასუხს არავინ მოსთხოვს.
– თუ ასე ფიქრობს, ძალიან ცუდად დაუმთავრდება ეს ყველაფერი ხელისუფლებას. მორალურად ატერორებს ხელისუფლება ოპოზიციას. როგორც კი ხმას ამოიღებს ოპოზიცია, გამოვარდებიან და რა დროს კრიტიკაა, როდესაც ასეთი ვირუსი მძვინვარებსო. თურმე ჩვენ უნდა ვიყოთ პირში წყალჩაგუბებულები და ყველა მათ შეცდომაზე თვალი დავხუჭოთ თურმე.
საგანგებო მდგომარეობა მოირგეს საკუთარ გეგმებზე. აფინანსებენ თავის კოორდინატორებს და მათ საქმიანობას. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამის საშუალება.
– რა ბერკეტი გაქვთ საამისოდ? როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნებიც ძველი სისტემით ჩაატაროს და არც პოლიტპატიმრები გამოუშვას.
– თუ ასე მოიქცევა ხელისუფლება, საბოლოო ჯამში ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ. იმიტომ, რომ მათი ბედი დამოკიდებულია საერთაშორისო დახმარებაზე. თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები, მაშინ ძალიან მწარედ დაისჯებიან. არ არის გამორიცხული, სერიოზული სანქციები დაუწესონ, მათ შორის ეს დახმარებებიც შეუწყვიტონ, რასაც პირდებიან.
დახმარების შეწყვეტა კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს ხალხი. ხალხი ამას არ აპატიებს ხელისუფლებას თუნდაც საერთაშორისო დახმარებების რაიმე ფორმით შეფერხებას.
– ანუ მაინც საერთაშორისო ზეწოლის იმედი გაქვთ?
– რა თქმა უნდა.
– საერთოდ არჩევნების გადადების საკითხი ხომ არ დადგება დღისწესრიგში?
– გააჩნია ვითარებას. იმოქმედებენ ისე, როგორც შექმნილი სიატუციის დროს აწყობთ. აუციელებელია, ამ ეტაპზე გაიხსნას ქალაქები, აღდგეს პარლამენტის მუშაობა, გაუქმდეს კომენდანტის საათი.
ოღონდ მკაცრად უნდა იყოს დაცული ვირუსის საწინააღმდეგო ნორმები.

