რომან გოცირიძე – „პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე უარს „ოცნებას“ მწარედ ვაზღვევინებთ“

რომან გოცირიძე - „პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე უარს „ოცნებას“ მწარედ ვაზღვევინებთ“„ხელისუფლებას 120-30-ზე შეთანხმების ჩაშლაც უნდა“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, “ქართული ოცნება” პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს. მისი ლიდერები ამბობენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ არსებობს. რა ჩაიფიქრა “ოცნებამ”?
– ივანიშვილმა გადაწყვიტა, ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით, როცა მთელი ქვეყანა გადართულია ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებისკენ, რასაც პანდემია ჰქვია. გარდა ამისა, ჩამოიშალა მთელი ეკონომიკა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა. ივანიშვილმა კი იფიქრა, მოდი, კიდევ ერთხელ მოვატყუებ მთელ მსოფლიოს და ჩემს მოსახლეობასო. ოღონდ ჯერ არ არის გარკვეული, მთლიანად ამ შეთანხმების გაუქმებას აპირებს თუ შეთანხმების ერთი ნაწილის. პირველ ნაწილს რომ არ ასრულებს, გავიგეთ. აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ.
– არც პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ მათ.
– ოღონდ გამოუშვან და გინდ პოლიტპატიმრებად მოიხსენიონ და გინდ, არა. ისინი აპირებენ მხოლოდ შეთანხმების ამ ნაწილის გაუქმებას თუ მთლიანი შეთანხმების გაუქმებას, ამას ვნახავთ მომავალში. როგორც ჩანს, აპირებენ რომ 120/30-ზე გადასვლაზეც უარი თქვან.
– ამას ოპოზიციას დააბრალებენ, თუკი განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებთ.
– დიახ, სწორედ მაგ საბაბით, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობაო. თუმცა ჩვენი დამოკიდებულება თავიდანვე ნათელი იყო. კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი ოპოზიცია უარს იტყვის კენჭისყრაში მონაწილეობაზე, მათ სარეზერვო ვარიანტები აქვთ.
– ამაში რა იგულისხმა?
– ამაში იგულისხმება ის ფრაქციები, რომლებიც ოპოზიციაში არიან და ერთ დროს “ქართულ ოცნებაში” იყვნენ. ბევრმა მათგანმა უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ პროცესში. ასე რომ, ხმები საკმარისი იქნება და უჩვენოდაც შეძლებენ მიღებას.
ხოლო თუ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ამ საარჩევნო კანონის ჩაგდება, მაშინ ამას ჩააგდებს “ოცნების” დეპუტატების ხელით. თუ გადაწყვეტილი არა აქვს, რომ ჩააგდოს, მაშინ სხვანაირად შეძლებენ ამის დაბალანსებას.
დღეს უკვე დავინახეთ, რომ არ აპირებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან.
– “ოცნება” საკმაოდ თავდაჯერებულია საკუთარ განცხადებებში. ელჩებს სთხოვენ ამ შეთანხმების დეტალების გასაჯაროებას. აცხადებენ, რომ იმ შეხვედრაზე პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. რეალურად იყო თუ არა?
– რა თქმა უნდა, იყო ამაზე საუბარი. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს მიუსაჯეს, ელჩებმა გააკეთეს საკმაოდ მწვავე განცხადებები, სადაც იყო საუბარი, რომ ეს ქმედება, ფაქტობრივად, იყო შეთანხმების დარღვევა. ეს უკვე იყო დიპლომატების მხრიდან არცთუ დიპლომატიური ენით ნათქვამი სიტყვები.
– მაშინ რისი იმედი აქვთ, როდესაც გამოდიან და ასე ღიად აცხადებენ, რომ მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა?
– იმედი აქვთ, რომ კიდევ ერთხელ გაუვათ, რომ კიდევ ერთხელ მოატყუებენ მთელ მსოფლიოს. მათ ჰგონიათ, რომ ყოველთვის ასე გაუვათ, თუმცა ეს ყველაფერი დაგროვდება და ივანიშვილი გაიზიარებს სხვა ქვეყნების ოლიგარქების ბედს, რომელთაც ეგონათ, რომ ხელშეუხებლები იყვნენ, დღეს კი ზოგი იმალება და ზოგიც ციხეშია.
– “ოცნებამ” ღიად დააფიქსირა, რომ იმ სამი პირიდან არც ერთი არ გათავისუფლდება, რომ ისინი დამნაშავეები და კრიმინალები არიან.
– ამის საპასუხოს აუცილებლად მიიღებს ეს ხელისუფლება. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და მერე ერთიანად მოუბრუნდებათ და წალეკავთ.
– რა იქნება ოპოზიციის პასუხი ამ ყველაფერზე?
– ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ხმა ამოიღონ და მოახდინონ ამაზე რეაგირება. ჩვენს ქვეყანაში რეალურად უზურპირებულია ხელისუფლება და გაუქმებულია კონსტიტუცია. ივანიშვილმა უზენაესი სასამართლო დააკომპლექტა მისი ყურმოჭრილი მონებისგან. არ არსებობს არ ერთი ინსტიტუტი, რომელიც უზურპირებული არ იყოს ერთი ადამიანის მიერ.
ამიტომ ეს ყველაფერი უკვე საერთაშორისო მასშტაბის პრობლემაა და მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სანქციები გამოიყენონ “ოცნების” ლიდერების და, პირველ რიგში, ივანიშვილის წინააღმდეგ.
– ხალხის რეაქციაზე რას იტყვით?
– მეორე მხრივ, ამას საკადრის პასუხს გასცემს ხალხი, ვინაიდან დღეს ჩვენს ქვეყანაში შიმშილია. დღეს ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომლის მოსახლეობასაც დახმარების სახით არც ერთი თეთრი არ მიუღია. ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ დაარიგა მოსახლეობისთვის დახმარებები. ჩვენმა ხელისუფლებამ საცოდავი 200 ლარი უნდა დაარიგოს და ისიც კი ვერ მოხერხდა ამ დრომდე.
დამთავრდება საგანგებო მდგომარეობაც და ვნახოთ, მერე რას ეტყვიან ამდენ მშიერ ჩვენს მოქალაქეს.
– როგორია თქვენი პოზიცია, არ მიიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას?
– არა, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში, ასევე გამოვიყენებთ პოლიტიკურ ტრიბუნალს, რომ ვამხილოთ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” სიცრუეში. თუმცა მხარს არ დავუჭერთ.
– ბატონო რომან, თალაკვაძემ და კობახიძემ გაიხსენეს გიგი უგულავას და გიორგი რურუას განცხადებები საპყრობილედან გაკეთებული, რომ ჩვენ გამო ნუ შეუშლით ამ პროცესს ხელს და გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონიო. მაინც უარს ამბობთ მხარდაჭერაზე?
– ეს ადამიანები საკითხს მიუდგნენ ზნეობრივად და სახელმწიფოებრივად. მათ იციან, რომ ქვეყანაში უკეთესი საარჩევნო სისტემა ნიშნავს მეტ შანსს, რომ ეს ოლიგარქიული რეჟიმი შეიცვალოს. ამიტომ მათ მძევლებად დაუტოვეს საკუთარი თავი ივანიშვილს ამ განცხადებით.
ეს განცხადება მათი მხრიდან იყო ვაჟკაცური განცხადება, მაგრამ დღეს პოლიტიკური დევნა არ ეხება მხოლოდ მათ. დღეს ისინი არიან ციხეში, ხვალ სხვები აღმოჩნდებიან, რომელთა მიმართაც არის უკვე საქმეები აღძრული, პოლიტიკურ პირებზე, მედიასტრუქტურების ხელმძღვანელებზე და, გარდა ამისა, კიდევ ბევრი სხვა მოხვდება ამ დასაჭერთა სიაში.
– ანუ ამ განცხადებით ითქვა, რომ არ შეწყდება პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრება?
– დიახ. მათ თქვეს, რომ ამ პირების არგამოშვებით პოლიტიკური დევნა გაგრძელდება და მალე სხვებიც გახდებიან პატიმრები. აი, დაახლოებით ეს სიგნალია.
– თუკი საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო კანონპროექტს, ის შეიძლება ჩავარდეს. შესაძლოა, ეს ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც, მაგრამ ეს თქვენ თუ გადმოგაბრალეს, მზად ხართ ამ პასუხისმგებლობისთვის?
– შესაძლოა, ამის მცდელობა იყოს, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. თუ ამ კანონის მიღება უნდა “ოცნებას”, ჩვენი მხარდაჭერის გარეშეც მიიღებს და თუ ჩაგდება უნდა, ისედაც ჩააგდებს ივანიშვილი. ამას უჩვენოდაც გააკეთებს.