სალომე სამადაშვილი: „ხელისუფლება ივანიშვილის ლობირებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავს“

სალომე სამადაშვილი: „ხელისუფლება ივანიშვილის ლობირებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავს“„ოპოზიციის კონსოლიდაცია ახალ თემებზე მოხდება“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს, თუმცა, მივა თუ არა პრემიერი, ეს გაურკვეველია, თანაც, იმ ვითარებაში, როდესაც პარლამენტი, ფაქტობრივად, უმოქმედოა და დაკარგული აქვს მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქციები.
რა ბერკეტებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ პრემიერი პარლამენტში მიიყვანონ, რას ამბობს ასეთ შემთხვევებში კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი და რას აკეთებს ოპოზიცია იმისათვის, რომ უკანა პლანიდან ისევ წინ გადმოვიდეს და დღის წესრიგის აქტიური შემქმნელი იყოს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს.
– თქვენი ფრაქცია გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებთ ინტერპელაციის წესით. როგორ წარმოგიდგენიათ ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება გეუბნებათ, რომ აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას ჯერ არ დაუბრუნდებიან. მოვა გახარია ამ ვითარებაში პარლამენტში და რა ბერკეტებს გამოიყენებთ ამის მისაღწევად?
– თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებსა და წინადადებებს იგნორირებით უპასუხებს, ამას საზოგადოება თავად განსჯის და, ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ უფრო ნათლად დაინახავს, კონკრეტულად კი იმას, რომ გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არა აქვთ არანაირი გეგმა იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმკლავდნენ იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. უამრავი ჩვენი მოქალაქე აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უახლოეს თვეებში.
ხელისუფლებას არა აქვს არანაირი ხედვა, როგორ უნდა გამოიყვანონ ქვეყანა მძიმე კრიზისიდან და სწორედ ამაში დაარწმუნებს გახარია ჩვენს მოქალაქეებს, თვითონ თუ უარს იტყვის იმ მოთხოვნაზე, რომ ის პარლამენტში მოვიდეს და ანტიკრიზისული გეგმისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების განხილვა დაიწყოს საკანონმდებლო ორგანოში.
– კონსტიტუცია ან პარლამენტის რეგლამენტი რას ამბობს ასეთ შემთხვევაზე? საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერს აქვს თუ არა ვალდებულება, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს პასუხი?
– კონსტიტუცია და რეგლამენტი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ბიურომ უნდა იმუშაოს და მან განსაზღვროს გრაფიკი. პარლამენტი სწორედ იმიტომ რჩება და სესია იმიტომ გრძელდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომ პარლამენტს ხელში ჰქონდეს ბერკეტები შესაბამისი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების თვალსაზრისით. პარლამენტის ფუნქციებს არავინ აუქმებს საგანგებო მდგომარეობის დროს. ამიტომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბერკეტები არის საპარლამენტო უმრავლესობის ხელში. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის უმრავლესობას, რათა შეადგინოს შესაბამისი სამუშაო გრაფიკი. თუ პარლამენტის ბიურო დღის წესრიგში შეიტანს ინტერპელაციის საკითხს, მაშინ, რა თქმა უნდა, პრემიერი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და უნდა შეიკრიბოს პარლამენტი. ეს არის პარლამენტის უმრავლესობის გადასაწყვეტი საკითხი.
– რატომ ამბობს ხელისუფლება უარს საპარლამენტო საქმიანობის სრულყოფილად დაბრუნებაზე? გასაგებია, რომ არაორდინარული ვითარებაა, მაგრამ ხომ შესაძლებელია ისეთი მექანიზმის მოძებნა, რომ პარლამენტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს?
– მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებას რეალურად არ აქვს შეკითხვებზე პასუხი. მაგალითად, მას არ აქვს პასუხი ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, არ აქვს რეალური პოლიტიკა სოციალური საკითხების გადასაჭრელად, არ აქვს რეალური პოლიტიკა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ამიტომ ამ ყველაფერზე საპარლამენტო განხილვა, სადაც ჩვენ შეგვეძლება, კითხვა-პასუხის რეჟიმში ვაწარმოოთ შესაბამისი დიალოგი, რა თქმა უნდა, ეს არ შედის მათ ინტერესებში. მათთვის უფრო კომფორტულია, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუქმებული პირობების შემთხვევაში თვითონ დაგეგმონ საკუთარი დღის წესრიგი.
– ანუ პოლიტიკურად მათთვის მომგებიანია ეს პოზა?
– რა თქმა უნდა, ეს პოზა მათთვის მომგებიანი რომ არ იყოს, ჩვენ ვნახავდით ძალიან აქტიურ დისკუსიას პარლამენტში. რეალობა არის ის, რომ მათ აქვთ არჩეული ტაქტიკა, რომ დააწესეს შეზღუდვები, მათ შორის საეჭვო ღირებულებების შეზღუდვები და საზოგადოება მოაქციეს ამ შეზღუდვების ქვეშ. ამ დროს პარლამენტი არ ფუნქციონირებს. ვხედავთ, რომ მთავრობა სპიკერებად იყენებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლის ზურგსაც არის ხშირად ამოფარებული. ამ ვითარებაში იზრდება ეკონომიკური სიდუხჭირე, ღარიბდება უამრავი ჩვენი თანამოქალაქე და ეს არის გრძელვადიანი პრობლემა. ამასთან დაკავშირებით კი ხელისუფლებას არა აქვს არც ხედვა, არც პროგრამა.
ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა საგრძნობლად გააღარიბა. ამ კრიზისის პირობებში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, ქვეყნის ეკონომიკური მომავალი ძალიან მძიმე იქნება. ამ ყველაფრის გამოაშკარავება და ამაზე დებატები ხელისუფლების დღის წესრიგში არ შედის. ისინი საკუთარი ტელეარხების საშუალებით ავრცელებენ პროპაგანდას, რომელიც ხშირად მოწყვეტილია რეალობას და ხარჯავენ უზარმაზარ თანხებს, მათ შორის საკუთარი ინტერესებისა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ლობირებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დასავლეთში. ვნახეთ გახარიას წერილი, რომელიც გამოქვეყნდა.
რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, ფაქტია, რომ „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაშია შესული და მარტო ატარებს მას. ოპოზიცია რას აკეთებთ იმისთვის, რომ დღეს, როდესაც უკანა პლანზე ხართ, კვლავ დღის წესრიგში იყოთ? გუბაზ სანიკიძემ თქვა, ოპოზიციასაც კრიზისი გვაქვსო. თუ მუშაობთ მის დასაძლევად?
– მე ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არაფერს უპირისპირებს არსებულ ვითარებას. თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ნაციონალურმა მოძრაობამაც წარადგინა ანტიკრიზისული მოსაზრებები და, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ძალიან აქტიურად ვეკონტაქტებით საზოგადოებას – რა უნდა გაკეთდეს და როგორ გვესახება კრიზისიდან გამოსვლის გზა. ვფიქრობთ, არსებულ ვითარებაში ეს არის ის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. შესაძლოა, ამას არ მოაქვს ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვინდა, მაგრამ რაღაც შედეგი მაინც მოაქვს.
– ბოლო პერიოდში აღარ ჩანს ოპოზიციის კონსოლიდაცია და ჩემს კითხვაში ამ პრობლემაზეც მივუთითებ.
– ოპოზიციის კონსოლიდაცია ხდება კონკრეტული საკითხების გარშემო. მაგალითად, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციას ერთიანი მოსაზრებები ჰქონდა და, მეორე მხრივ, მგონია, რომ ახლა გაიშლება ახალი თემები, რომლის გარშემოც მოხდება ოპოზიციური ერთიანობის კონსოლიდაცია. ძალიან ბევრი საკითხი დგას დღის წესრიგში, მათ შორის არჩევნები, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ოქტომბერში რა ვითარება იქნება, რა ცვლილებები იქნება გასატარებელი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს, რადგან, როგორც ჩანს, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები დღის წესრიგიდან ბოლომდე მოხსნილი მაინც არ იქნება.
– იმ გეგმასაც ამუშავებთ, რომ შესაძლოა, არჩევნები გადაიდოს?
– მე ვერ გეტყვით, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეული შეშფოთება წარმოიშვა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გამოწვევის თვალსაზრისით. ამაზე წერს დასავლური პრესა, რომ შექმნილი მდგომარეობა შესაძლოა გამოყენებული იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. მე ვფიქრობ, ეს ერთიანობა გაძლიერდება და გამყარდება უახლოეს მომავალში.
უბრალოდ, პანდემიის პირობებში სხვა საკითხებმა გადმოიწია დღის წესრიგში წინა პლანზე და ამან შეიძლება გადადო ერთიანი ოპოზიციური თანამშრომლობის ფორმატების აქტუალურობა, თუმცა ეს გრძელდება. ჩვენ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გვქონდა რამდენიმე პარტიის ერთიანი კონსულტაციები ევროპარლამენტთან, რა თქმა უნდა, დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, თანამშრომლობა გრძელდება. უბრალოდ, ეს ისე ხშირად არ ჩანს, რადგან დღეს დღის წესრიგი სხვა საკითხებს უჭირავს.