სასწრაფოს დასახვედრად გამოსული პირი 3.000 ლარით დააჯარიმეს – ჯარიმების გასაჩივრება 2 ივნისამდე შეიძლება

სასწრაფოს დასახვედრად გამოსული პირი 3.000 ლარით დააჯარიმეს - ჯარიმების გასაჩივრება 2 ივნისამდე შეიძლებასაგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯარიმების გასაჩივრების ვადის ათვლა 23 მაისს დაიწყო, როცა საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და 10 დღეს გრძელდება უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. შესაბამისად, ამ ჯარიმების გასაჩივრება შეიძლება 2 ივნისამდე.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ანუ 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები არ იყვნენ ვალდებული, ჯარიმა გადაეხადათ. დაჯარიმებულებს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ ჯარიმა გადაიხადონ. გასაჩივრება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ჯარიმა უკვე გადახდილი აქვთ.

დაჯარიმებულების ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებს, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ასაჩივრებს საგანგებოს დროს გამოწერილ ჯარიმებს. 22 მაისის მონაცემებით, 23,9 მილიონ ლარს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დროს გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ.

„რამდენიმე აბსურდული შემთხვევა იყო, რაზეც ჩვენ მოქალაქეებს სარჩელი შევუდგინეთ,“ – გვიყვება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, შორენა ლოლაძე. – „მაგალითად, ძმების დაჯარიმება საკარანტინო სივრცეში იმის გამო, რომ პოლიციელებს თანხმობის წერილზე არ მოუწერეს ხელი. მათ სურვილი ჰქონდათ და საშუალებაც, რომ ყოფილიყვნენ იზოლაციაში. მოითხოვეს იზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ მაინც დატოვეს საკარანტინო სივრცეში, სადაც სპეციალურ ფორმას ავსებენ ადამიანები, რომ თანახმაა დაიცვას კარანტინის პირობები. ძმებმა ამ ფორმას არ მოაწერეს ხელი და პოლიციამ 3 – 3 ათასი ლარით დააჯარიმა,“ – იხსენებს იურისტი.

საია-ს იურისტის, შორენა ლოლაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 10-მდე სარჩელია მომზადებული თბილისში, მათ შორის, იმ შემთხვევაზე, როცა მეზობლის ყვირილზე მეზობელმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახური გამოიძახა.

„სასწრაფოს პოლიციაც მოჰყვა, რომელმაც ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად გამოსული მეზობელი დააჯარიმა… ასევე დააჯარიმეს 3 ათასი ლარით კაცი, რომელსაც კომენდანტის საათის დროს დედასთან მიჰქონდა მედიკამენტები. მას აქვს მტკიცებულება, რომ რეკავდა 144-ზე, ასევე 112-ზე, მაგრამ დაკავშირება ვერ შეძლო. დააჯარიმეს მეუღლეებიც, რომლებიც ავტომანქანაში გვერდიგვერდ ისხდნენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საია-ს იურისტმა, შორენა ლოლაძემ.

ოცამდე სარჩელი მოუმზადეს მოქალაქეებს საია-ს აჭარის ფილიალშიც. ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ჯარიმები ძირითადად ეხებოდა კომენდანტის საათის დარღვევას, ასევე ავტომანქანით გადაადგილების წესებს საგანგებო მდგომარეობის დროს, 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

ბათუმელები