სოსო ცინცაძე – “ოპოზიცია რუსთაველზე 100 ათას კაცს თუ გამოიყვანს, “ქართული ოცნება” დათმობაზე ულაპარაკოდ წავა”

სოსო ცინცაძე - "ოპოზიცია რუსთაველზე 100 ათას კაცს თუ გამოიყვანს, "ქართული ოცნება" დათმობაზე ულაპარაკოდ წავა"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ოპოზიცია იმუქრება, თუ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდა, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– ახლა, ყველაზე მთავარი არის საკონსტიტუციო ცვლილება. საარჩევნო სისტემის შეცვლა. თუ “ქართულ ოცნებას” მართლაც უნდა ამ ცვლილების შეტანა, ეს მოხდება.
– თუ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა?
– დიახ, აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც უნდა, მე არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა: ისტორიული ცვლილების განხორციელება, ეს მოხდება. როგორ? ახლავე დაიწყოს უნდა “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებელ დეპუტატებთან მოლაპარაკებები და უნდა მოაგროვოს ის ხმები, რომელიც მას აკლდება და მიიღოს ეს ცვლილება ოპოზიციის გარეშე. ამით, ერთი ძალიან დიდ პოლიტიკურ საქმეს გააკეთებს და მეორე, ოპოზიციასაც გამოაცლის ბერკეტს, რომ ხელახლა არ გავიდეს ქუჩაში.
მოქმედი საარჩევნო სისტემის დატოვება ნიშნავს ერთპარტიული მმართველობის დატოვებას. ეს ნიშნავს ქვეყანაში იგივე პოლიტიკის დატოვებას. საარჩევნო სისტემის ცვლილების შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არის გარანტია, რომ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნები ჩატარდება და ამომრჩევლის ნება აისახება მის არჩევანზე. ამით ჩვენ მივიღებთ ჭრელ პარლამენტს და არა ისეთს, როგორიც დღეს გვაქვს. ახლა ეს არის მთავარი. დანარჩენი, სიმართლე გითხრათ, უფრო შემადგენელი ნაწილია. დანარჩენი უკვე ფოლკლორია. ამ ცვლილებების მნიშვნელობა კარგად გააცნობიერეს დაკავებულებმა, როდესაც ციხიდან წერილი მოიწერეს და თქვეს: ნუ მიაბამთ ჩვენს გამოშვებას საკონსტიტუციო ცვლილებებსო.
თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ეს ნიშნავს კატასტროფას ქართული დემოკრატიისთვის. ახლავე გეუბნებით, ეს ნიშნავს კიდევ 15-20 წელი ქართულ პოლიტიკაში არაფერი შეიცვალოს და ვიტრიალოთ ჩაკეტილ წრეზე.
– ოპოზიცია ქუჩაში აპირებს გასვლას. შეძლებენ პროცესების რადიკალიზაციით მიზნის მიღწევას?
– ოპოზიცია გადაჭარბებულად აფასებს მის შესაძლებლობებს. არადა, ხომ ყველასთვის კარგად არის ცნობილიო, რომ მთავარი ხალხია, ხალხის ძალის ჩვენებაა. ხალხის ძალის ჩვენება შინ და გარეთ. ოპოზიცია ფიქრობს, ხელისუფლებას კუთხეში მივიმწყვდევ და ვაიძულებ. ვერ აიძულებენ. უკვე თქვეს, არ გვყავს პოლიტპატიმრებიო და როგორც გახარია იტყოდა, წერტილი. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე იყო ტერმინ “პოლიტპატიმრების” გამოყენება, მაგრამ მიაქცევს კი ამას ყურადღებას ხელისუფლება?! რამდენად ადეკვატური იქნება?! აქამდე იყო, რომ ახლა იყოს?! ამიტომ, რეალობიდან უნდა გამოვიდნენ. როგორია ოპოზიციის ელექტორალური პოტენციალი?! მოაწყონ მშვიდობიანი მანიფესტაცია და დაანახონ ხელისუფლებას, ამერიკასაც და ევროკავშირსაც, რომ მათ შეუძლიათ 100 ათასი კაცის გამოყვანა. მილიონნახევრიან ქალაქში ყოველი მეასე ადამიანის გამოყვანა არაფერს არ ნიშნავს.
– პანდემიის გამო გადადეს, როგორც დააანონსეს დიდი აქცია. ფიქრობთ, ეს ერთგვარი დათვალიერება იქნებოდა?
– რა თქმა უნდა! 50 ათასი კაცის გამოყვანა არ არის ის ნიშნული, რომლითაც გაერთიანებული ოპოზიცია უნდა გამოიყურებოდეს. კარგი კი არ არის, ცუდია, რომ ოპოზიციის ელექტორალური შესაძლებლობები არ არის ისეთი, რომ ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს ის, რაც გაბედა. ბარიკადები, გაფიცვები, ქუჩა ეს ყოველთვის არის შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, მაგრამ მას ყოველთვის არ მოაქვს შედეგები.
– არც ამჯერად?
– ძალიან მეეჭვება. ოპოზიციის გაძლიერებაზე, როგორც დემოკრატიის აუცილებელ სეგმენტზე, არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული. დღეს ოპოზიცია ძალიან ცუდ დღეშია. ძალიან ძლიერი სვლები სჭირდებათ. მანევრი, რომელსაც ივანიშვილი ოპოზიციას სთავაზობს, თითქოს მათ ძირს ანარცხებს. უკვე მერამდენედ, ისინი თითქოს ცაიტნოტში არიან. თითქოს მოუმზადებლები ხვდებიან დარტყმებს. მოწინააღმდეგისგან საპასუხო სვლები უკვე მერამდენედ არ აქვთ დამუშავებული. არადა, მათ არსენალში ბევრი სათადარიგო სვლა უნდა ჰქონდეთ. მთავარი ის კი არ არის, რომ როგორც ჩერჩილი იტყოდა, ქარქაშიდან ამოუღებელი ხმალი ამოიღო და იქნიო. მთავარია, მომხრეები გაიმრავლო. თუ ოპოზიცია რუსთაველზე 100 ათას კაცს გამოიყვანს, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება” დათმობაზე ულაპარაკოდ წავა.