თალაკვაძე – “ელჩებმა უნდა დაადასტურონ, რომ ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას განთავისუფლების პირობა არ მიგვიცია”

თალაკვაძე - "ელჩებმა უნდა დაადასტურონ, რომ ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას განთავისუფლების პირობა არ მიგვიცია"პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხზე სპეკულაციების დასრულებას.

“რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით სარგებლობს, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს და სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისთვის. ამ სპეკულაციებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები. ფასილიტატორმა ელჩებმა მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში ფასდაუდებელი და გადამწყვეტი როლი ითამაშეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას მათი ძალისხმევის და მხარდაჭერის გამო, რამაც საქართველოში პირველად გახადა შესაძლებელი არჩევნების იმგვარი სისტემით ჩატარება, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება.

შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს, შესაბამისად ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარს, კერძოდ, ვთხოვთ მათ, რომ საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება, ასევე ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, – განაცხადა თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

იპნ