თეა წულუკიანი “რეზბალნიცას” აუქმებს?!

თეა წულუკიანი "რეზბალნიცას" აუქმებს?!ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
კორონავირუსმა მოსახლეობა უმძიმს სიტუაციაში ჩააგდო. ადამიანების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნებას, რომ ის თავად გააკონტროლებს ამ პროცესს. ამ ფონზე კი რა ხდება?! ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებს.
“ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გლდანის მე-8 დაწესებულების “რეზბალნიციდან” თანამშრომლების 80% გაუშვა. როგორც წყარო გვეუბნება, იქ დაახლოებით 250 მედპერსონალი მუშაობდა და აქედან მხოლოდ 30 დატოვა. გლდანის ე.წ. რეზბალნიცაზე ამჟამად მხოლოდ ორი განყოფილება ფუნქციონირებს, მიმღები და ფსიქიატრიული. სხვა ყველა განყოფილება გაუქმებულია. საინტერესოა, სად მიჰყავს მინისტრ წულუკიანს ის პატიმრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ?!
“ახალი თაობა” ინფორმაციის გადასამოწმებლად უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.
– ბატონო ნიკოლოზ, სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანმა გლდანის მე-8 დაწესებულების ე.წ. რეზბალნიციდან თანამშრომლების 80% შეამცირა. როგორც ვიცით, თქვენი ერთ-ერთი მშობელიც იქ მუშაობდა. რა ინფორმაცია გაქვთ?
– ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. კორონავირუსის გამო, მას შემდეგ, რაც კარანტინი გამოცხადდა, პატიმრებს ვეღარ ვნახულობთ, ვეღარც ციხეში მივდივართ, ამიტომ ასე გადაჭრით არაფრის თქმა არ შემიძლია. პოლიციიდან რომ გაუშვეს ხალხი, ზუსტად ვიცი, მაგრამ გლდანის “რეზბალნიციდან” რატომ გაუშვეს, ეს არ ვიცი.
– პოლიციელებიც გაუშვეს?
– კი, გაუშვეს. გლდანის ამბავზე ვერაფერს გეტყვით, რადგან შეხება არა მაქვს.
– ყველა განყოფილება გააუქმეს, მხოლოდ მიმღები და ფსიქიატრიული დატოვესო. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
– რადგან გავრცელდა ეს ინფორმაცია, ალბათ სიმართლეა, თუმცა ჩემთვის დეტალები არ არის ცნობილი.
– იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისია, როდესაც პრემიერი აცხადებს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილებიო, ვიცეპრემიერი წულუკიანი ასეთ გადაწყვეტილებას რატომ იღებს? ეს რამდენად გამართლებულია?
– არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა. ვიცი, რომ პოლიციიდან რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს ადამიანები.
– ასეთ დროს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა…
– კი, ასეა, მაგრამ, საინტერესო ის არის, ამ ყველაფერს წინ სხვა მოვლენები ხომ არ უსწრებდა.
– რას გულისხმობთ, რა მოვლენები?
– აჯობებს, გამოვიდეს ხელისუფლება და ახსნა-განმარტებები გააკეთოს, რატომ და რისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მაინც ვერ დაიმალება. ისინი, ვინც გაათავისუფლეს, ხომ ალაპარაკდებიან?! ამ დროს სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. ალბათ, ალაპარაკდება ეს ხალხი.
– ეს სულ ახალი ინფორმაციაა. ალბათ, თანამშრომლები გააკეთებენ განცხადებას, რა მოხდა…
– კი, ასე იქნება. დღეს ძალიან მძიმე პერიოდი უდგას არა მარტო ქვეყანას, არამედ ამ ხელისუფლებასაც, იმიტომ, რომ ყველაზე რთული კორონავირუსთან ბრძოლა კი არა, შემდეგი პერიოდი იქნება. თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან. ისედაც ცუდი ეკონომიკა ჰქონდა ამ ქვეყანას და კიდევ უფრო დასუსტდება. არ ვიცი, რა წამოიწყეს, ეს კადრების ოპტიმიზაციის კუთხით კეთდება, შიგნიდან იყო რაღაც პრობლემები თუ სხვა რამ, სწორედ ეს არის გასარკვევი. ციხეში რომ ვერ შევდივართ, ინფორმაციები არ გვაქვს. ადვოკატებს მინიმალური შეხება გვაქვს პატიმრებთან.
– პატიმრებიც ხომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რამდენს სჭირდება ექიმი, მკურნალობა…
– პატიმრები სამკურნალოდ კლინიკებში გადაჰყავთ ხოლმე.
– რა გამოდის, ეს ე.წ. რეზბალნიცა აღარ იყო საჭირო?
– რას ამბობთ, როგორ არ არის საჭირო. კლინიკებში ოპერაციების დროს გადაჰყავთ. რეზბალნიცა რომ ციხეში არ იყოს, წარმოუდგენელია. ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, გამორიცხულია. უნდა ითქვას, რა იყო ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. იქნებ რამე შეთქმულება იყო ან პროვოკაცია. რადგან ამდენი ხალხი გაუშვეს, იქნებ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ რაღაც იგეგმებოდა. პოლიციიდან რომ ნამდვილად გაუშვეს თანამშრომლები, ზუსტად ვიცი. რადგან პოლიციიდან გაუშვეს, არ არის გამორიცხული, სხვა ძალოვანი უწყებებიდანაც გაუშვან თანამშრომლები, მოხდეს რეორგანიზაცია. წესით, ამაზე განცხადებას თავად გააკეთებენ.