თინა ხიდაშელი – „ოცნებამ“ ღრმად შეტოპა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაიტოვა“

თინა ხიდაშელი - „ოცნებამ“ ღრმად შეტოპა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაიტოვა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
11 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ უკან წაიღო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრების თემას ეხებოდა.
შეთანხმებაში ტერმინი „პოლიტპატიმარი“ არ იყო ჩაწერილი, ისევე, როგორც კონკრეტული გვარები, თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმება კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე იყო და ამიტომ ჩაიწერა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი. ამავეს ამბობს ირმა ინაშვილიც (პატრიოტთა ალიანსი), რომლისთვისაც პოლიტპატიმრების კონტექსტი მიუღებელი იყო და შეთანხმების ამ ნაწილს ხელი არ მოაწერა.
ამაზე მკაფიო მინიშნება გააკეთეს ელჩებმაც, რომლებმაც გაავრცელეს ერთობლივი განცხადება და მხარეებს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდეს. განცხადებები გაკეთდა აშშ-შიც. საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, შეთანხმების საბოლოო შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს. კიდევ უფრო კატეგორიულია სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში. სენატორმა პირდაპირ გამოიყენა ტერმინი „პოლიტპატიმრები“ და მათი გათავისუფლება მოითხოვა.
როგორ უნდა გავიგოთ ეს განცხადებები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყოველივეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე? – ამ საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი საუბრობს.
– როგორ აფასებთ საელჩოებისა და სენატორების განცხადებებს და ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკმარისი იქნება?
– არა, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება. ნეტავ ასე ვფიქრობდე… მე ვფიქრობ, რომ ღრმად შეტოპა „ქართულმა ოცნებამ“ და იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა საკუთარი თავი, რომ მაინცდამაინც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დაიტოვა. მათ ნებაყოფლობით თვითონ გადაწყვიტეს, რომ ეს იყო გზა, რომლითაც უნდა ევლოთ, რაც სამწუხაროა, იმიტომ, რომ შესაძლებელი იყო, სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები.
– ანუ არ ფიქრობთ, რომ „ოცნებას“ მაინც მოუწევს უკანდახევა და პატიმრების გამოშვება?
– არ ვიცი. ეს ძალიან რთული სათქმელია და ჩემი მხრიდან სუპერარასწორი იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ეხება პატიმრობაში მყოფ პირებს, იმის მიუხედავად, პირადად როგორი განწყობა მაქვს ამ ადამიანებთან დაკავშირებით, უშუალოდ მათთან მიმართებით, ისინი მაინც ციხეში არიან. იმ ადამიანებს, რომლებსაც ადამიანის უფლებების სფეროში გვიმუშავია, პატიმრების მიმართ სპეციფიკური განწყობა გვაქვს ხოლმე და ამ თემაზე სპეკულაციებს მოვერიდები, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ მესმის, ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან.
– დიპლომატიურ გზავნილებზე როგორია თქვენი შეფასება? იყო თუ არა საკმაოდ მკვეთრად ნათქვამი განცხადებები თუ ისევ დიპლომატიის ჩარჩოებით შემოიფარგლა?
– მე ვფიქრობ, დიპლომატების გზავნილები იყო სრულიად ნათელი და გასაგები. ხელისუფლებას შეუძლია, ბოლომდე დადგეს ამ პოზაში, რომ ვერ გაიგო ან ვერ აღიქვამს, რაც ნამდვილად არ ვიცი, რატომ არის კარგი, როდესაც ხელისუფლება ასე იქცევა ან როდესაც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საერთოდ არ ესმის, რაზეა ლაპარაკი. მაგრამ ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით.
არც არის ჩემთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი, საბოლოო ჯამში, რას გადაწყვეტს ხელისუფლება და როგორ მოიქცევა. მთავარი და აქტუალური ის არის, ეს როგორ აისახება ჩვენს მოსახლეობასა და ჩვენს შემდგომ განვითარებაზე. გავიგეთ, რომ ეს ხელისუფლება ერთ მომენტში ისევე აღარ იქნება სათავეში, როგორც მისი წინამორბედი და იმის წინამორბედი აღარ იყო.
– მოსახლეობაზე როგორ აისახება?
– რაც შეეხება მოსახლეობაზე ამ ყველაფრის ასახვას, ეს არ იქნება მარტივი და სასიამოვნო საყურებელი, იმის გამო, რომ, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ადამიანებმა საკუთარი სიტყვის ფასი იციან. მხედველობაში მაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ისინი საკუთარ ნათქვამ სიტყვას მნიშვნელობას ანიჭებენ.
მათ იციან, რომ თუ, მაგალითად, ხარ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც იტყვი, შეიძლება აისახოს ამა თუ იმ ქვეყანაზე და მუდმივად აწონ-დაწონის რეჟიმში ხარ, სანამ რამეს იტყვი. შესაბამისად, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ გვყავს პოლიტპატიმრები. მან ეს გვითხრა პირდაპირ, ყოველგვარი ქვეტექსტებიც გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც მის კომიტეტზე საქართველოს საკითხი განიხილება, ეს ფაქტი გავლენას მოახდენს.
აუცილებლად იქნება განხილული სენატის კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, რადგან საგარეო კომიტეტია ის, ვინც მუშაობს იმავე დახმარების პაკეტებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს უსაფრთხოების საკითხების ასახვაზე და ა.შ.
ამ დროს მას აუცილებლად გაახსენდება, რომ განცხადება აქვს გაკეთებული იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები. ის აუცილებლად მოიკითხავს ამ მდგომარეობას და, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც ამის შემდეგ მიიღება, ამ პრიზმაში იქნება გატარებული.
– ანუ ამერიკის პოლიტიკაზე იქონიებს გავლენას?
– რა თქმა უნდა. იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, როდესაც, ერთი მხრივ, კორონავირუსის გამო გვჭირდება უზარმაზარი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენი პარტნიორებისგან და, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ რუსეთი ეკონომიკურადაც და ინსტიტუციურადაც ჩამოშლის პირას არის, სწორედ ასეთ დროს აქტიურდება ხოლმე და ცდილობს, შიდა დანაკარგები წარმატებებით ამოქაჩოს, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულად შეიძლება აისახოს ჩვენს ქვეყანაზე ხელისუფლების ის დამოკიდებულებები და განწყობები, რომლებსაც ვხედავთ.