თორნიკე შარაშენიძე – “ფანტაზიაა, რომ ხელისუფლება 3 მილიარდს მოიზიდავს”

თორნიკე შარაშენიძე - "ფანტაზიაა, რომ ხელისუფლება 3 მილიარდს მოიზიდავს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო თორნიკე, ეპიდემიასთან ბრძოლის ფონზე ხელისუფლება უფრო კარგად გამოიყურება ოპოზიციასთან შედარებით. როგორ ფიქრობთ, საპარლამენტო არჩევნებზე ეს ფაქტორი რამდენად იქონიებს გავლენას?
– დიახ, ოპოზიციის ფონზე ხელისუფლება უკეთესად გამოიყურება, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიდემიასთან ბრძოლაში. ხელისუფლებას რაღაცნაირად გაუმართლა. ქვეყანაში ამერიკის დახმარებით ლუგარის ლაბორატორია არსებობს. ჯანდაცვის სისტემაში ნორმალური პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა და როდესაც ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა იჩენს თავს, ამ პრობლემებს როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება, რას იზამს და რამდენად იქნება ეფექტური და ამ ფონზე, როგორი იქნება მისი რეიტინგი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით რა ნაბიჯებს გადადგამენ ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. რამდენად მოახერხებენ დახმარების მოზიდვას, 3 მილიარდს რომ ამბობენ, ამ ციფრს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, ფანტასტიკის სფეროდან მგონია.
– ეპიდემიის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, არჩევნებში გამარჯვებაში ვერ გადათარგმნის?
– დღეს-ხვალ თუ ჩაატარებს არჩევნებს მშვენივრად გადათარგმნის, მაგრამ ოქტომბერში რამდენად გადათარგმნის?! რთული სათქმელია. არჩევნებამდე სერიოზული დრო არის დარჩენილი და ამ დროში რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.
ადამიანები, საკუთარ ჯიბეზე როდესაც იგრძნობენ ეკონომიკურ კრიზისს, მერე რა მოხდება და ამას რა შედეგები მოჰყვება, ეს მნიშვნელოვანია.
სხვა საკითხია ოპოზიცია როგორ მივა არჩევნებამდე. ოპოზიცია აშკარად დააზარალა ერთიანი ფრონტის გაქრობამ. ეპიდემიისას მათი განცხადებები, ქმედებები არ იყო ერთიანი პოზიციიდან გაკეთებული. ხელისუფლება პირიქით – გაერთიანდა და ამით მან მოიგო.
– როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია საბოლოოდ დაიშლება თუ საფრთხეების შემთხვევაში ისინი კვლავ გაერთიანდებიან?
– ხელახლა მათი ერთად დასხდომა, ერთი მაგიდის გარშემო არ მგონია მარტივი საქმე იყოს. ვნახოთ, მართალი გითხრათ არ ვარ დარწმუნებული ისეთი ერთობა შეიქმნას, როგორც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო.
– რამდენად ელოდებით, რომ შეთანხმება შესრულდეს? ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, ივნისში გამართულ ამ კენჭისყრაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას თუ ორივე პირობა შესრულდება. საუბარია დაკავებულების განთავისუფლებაზე.
– შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. “ქართული ოცნება” იტყვის, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს და ამას ამბობს კიდეც. შეთანხმებაში არ წერია უგულავა, რურუა და სხვები გაანთავისუფლეთ. გამოდის ფორმალურად ვერც მიედავები. ამდენად, ამის გამო შეთანხმების ჩაგდება არ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს. ამ ადამიანებმა ციხიდან წერილი გამოაგზავნეს, სადაც აცხადებენ, რომ უარი არ თქვან საკონსტიტუციო ცვლილებაზე.
– ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა და მათი პოზიცია ამ საკითხზე ასევე ცნობილია. ისინი ბოლომდე დაიცავენ შეთანხმებას?
– ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის მთავარი არის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს. ბოლოს და ბოლოს თუ უნდათ დაკავებულების განთავისუფლება, ამისთვის ყველაზე კარგი გზა არჩევნების მოგებაა. ფაქტია არსებული საარჩევნო სისტემით არჩევნების მოგების შანსი ოპოზიციისთვის გაცილებით დაბალია.
– გასაგებია წინ არის არჩევნებთან დაკავშირებული მთელი პროცესი, მაგრამ მაინც რა შანსები რჩება ოპოზიციას ამ არჩევნებში?
– ვნახოთ, ჯერ კიდევ აქვს ოპოზიციას დრო. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, რომელსაც ქართული პოლიტიკა ამ ეტაპზე გვერდს ვერ აუვლის. ვგულისხმობ სააკაშვილის ფაქტორს. ერთი მხრივ, სააკაშვილის ფაქტორი აძლიერებს “ნაციონალურ მოძრაობას”, მეორე მხრივ ის გამაღიზიანებელია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის და ეს აშკარად გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.