ტყიბულში 13 წლის გოგონამ ვენები გადაიჭრა და მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა

ტყიბულში 13 წლის გოგონამ ვენები გადაიჭრა და მე-4 სართულიდან გადახტომა სცადაიმერეთის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს არასრულწლოვანის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის დროს ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი ეკატერინე ისაკაძე 13 წლის გოგონას დაემუქრა შემაკავებელი ორდერის გამოწერით და დაკავებით, რის მერეც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ბავშვი ჯერ ჩაიკეტა საპირფარეშოში და ვენების გადაჭრა სცადა, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა.

დაწყებულია გამოძიება 333-ე მუხლით, რომელიც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანმა 13 წლის გოგონამ გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება, ასევე გამოიკითხნენ ოჯახის სრულწლოვანი წევრებიც. ოჯახის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა, გამომძიებელი ეკატერინე ისაკაძე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ ტყიბულის პოლიციის უფროსმა მათზე ზეწოლა განახორციელა. პოლიციელმა დაიბარა არასრულწლოვანი გოგონას ბებია და დედა, მოსთხოვა მათ, რომ გამომძიებლის წინააღმდეგ საჩივარი არ შეეტანათ.

“ბავშვზე იძალადა, 13 წლის გოგონაზე, აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა, ხელის კვრით ქუჩაში აგდებდა, ეუბნებოდა ახლა გაგდღლიზავ მუცელზე შენ რომ ჩემი შვილი იყოო, შემაკავებელ ორდერსო, სადაც საჭიროა იქ გაგიშვებო.

დღესდღეობით, ეს პოლიციელი ქალბატონი, ეკა ისაკაძე, გამომძიებელ ინსპექტორი დღესაც მუშაობს და თურმე, ისევ ჩვენს საქმეზე მუშაობს.

პოლიციის უფროსმა გუშინ დამიბარა და მითხრა, თუ თქვენ ეკას მოხსნითო, მეც მომხსნიანო, ეს თქვენ არაფერში წაგადგებათ, მომეციო 1 თვის ვადაო და ამ ერთ თვეშიო ყველაფერს მოვაწესრიგებო,” – განაცხადა არასრულწლოვანი გოგონას ბებიამ მარიან ასატუროვამ.

არასრულწლოვანის დედის, ბელა ასატუროვას თქმით, არასრულწლოვანი სტრესულ მდგომარეობაშია.

“ბავშვმა რამდენიმეჯერ სცადა აივნიდან გადახტომა. მე რომ ჩამოვედი ჩაიკეტა საპირფარეშოში, უნდოდა ხელების გადაჭრა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ დაგვთანხმდა და გაგვიღო კარი. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, განერვიულებული, სტრესულ მდგომარეობაში.

ეს ადამიანი ეკა ისაკაძე, ბავშვთა ინსპექტორია და როგორ შეიძლება ბავშვთა ინსპექტორმა იძალადოს ბავშვზე და ისევ განაგრძობდეს სამსახურს,” – განაცხადა არასრულწლოვანის დედამ ბელა ასატუროვამ.

ოჯახის ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანი დღემდე ფსიქოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. გამოძიება კი პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

“სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაზე. ძალადობის შემდეგ არასრულწლოვანს დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება, ოჯახმა მიმართა ფსიქოლოგს და დღემდე ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება 13 წლის მოზარდი,” – აცხადებს უფლებადამცველი ლევან ჭელიძე.

რუსთავი 2