ზალკალიანი – “ნატოში ელჩი ვიქტორ დოლიძე გახდება, ჟენევაში – ალექსანდრე მაისურაძე”

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის.

„გვეყოლება ახალი ელჩები. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა 4+1, ანუ 5-წლიანი ვადა დაასრულა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლად. ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება.

ბატონ ვიქტორს წარდგენა არ სჭირდება, კარგად იცნობთ, უაღრესად გამოცდილი დიპლომატია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გახლდათ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავადაც, მისიაში ნამუშავარია წლების განმავლობაში. ამ მიმართულებით კარგი დანიშვნებია.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.