ზაზა თავაძე სასამართლო სისტემიდან მიდის

ზაზა თავაძე სასამართლო სისტემიდან მიდისსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამოსამართლეო ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ეტაპზე, სასამართლო სისტემიდან მიდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზაზა თავაძემ განუცხადა, მუშაობას გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ში სამართლებრივი ექსპერტის პოზიციაზე გააგრძელებს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ერთხელ უკვე ვიღებდი მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ კვლავ ვცადო ბედი აღნიშნულ სასამართლოში შესაბამის ვაკანსიაზე, თუმცა მომავალში ვნახოთ. თავის დროზე იყო შეკითხვები სამართლის მაგისტრის ხარისხთან დაკავშირებით, რომელზეც განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა გასცა ამომწურავი პასუხი რამდენიმე თვის წინ და შესაბამისად, აღიარა სამართლის მაგისტრის ხარისხის არსებობა ჩემთან მიმართებაში. ვნახოთ, მომავალში ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც სასამართლოს მიმართულებით… რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ამ ეტაპზე გახლავართ გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ს სამართლებრივი ექსპერტი, სადაც უფლებამოსილების სრულ განხორციელებას შევუდგები სამოსამართლეო ვადის გასვლის შემდეგ“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას მის შემცვლელთან დაკავშირებით. როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, „სრულად არის შესაძლებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე გამჭვირვალედ შეირჩეს“.

„დღეს მოქმედი კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით საკმაოდ სკურპულოზულად განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევის სამართლებრივი პროცედურები, მათ შორის, უზენაესი სასამამართლოს მიერ. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია გამჭირვალედ არჩეულ იქნეს ამ პოზიციაზე კომპეტენტური იურისტი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს და ისარგებლებს საზოგადიებრივი ნდობით. რადგან სასამართლოს ნდობა ზუსტად რომ კომპეტენტური და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება დიდწილად“, – განაცხადა ზაზა თავაძემ

შეგახსენებთ, საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

იპნ