19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული “ტოიოტა ქამრის” მძღოლისა და ერთ-ერთი მგზავრის, მორაგბეების – ვასილის მახარაძის და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, როდესაც ისინი აგარაკზე მივიდნენ, კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო.
“მოგვიანებით ჩავიდნენ იქ. ეს არის “ტოიოტა ქამრის” მძღოლი და ამავე ავტომობილში მჯდომი მგზავრი. ისინი როდესაც აგარაკზე მივიდნენ, იქ უკვე აღარავინ იყო, რადგან კონფლიქტი უკვე მომხდარი იყო. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქ მივიდნენ, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი იქ ვერ იქნებოდა, რადგან ფოტოგრაფის ჩვენებიდანაც ირკვევა, რომ იქ მანამდე პირველი მანქანა იყო მისული და მაშინ გაიქცნენ ფოტოგრაფიც და გიორგი შაქარაშვილიც,”-განაცხადა ადვოკატმა
შეგახსენებთ, რომ დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
რუსთავი 2

