19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, გარდაცვალების საქმის ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი ამ წუთებში მცხეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ, მისი განმეორებითი დაკითხვა უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქმეში ბლაგვი საგანი – რკინის ხელკეტი ფიგურირებს.
როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, გასულ ღამით ჩხრეკა ჩატარდა “მერსედესის” მარკის ავტომობილის მგზავრების სამ საცხოვრებელ სახლში. ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ ჩხრეკა არასამუშაო საათებში ჩატარდა, რაც კანონდარღვევაა, რადგან ის გარდაუვალი აუცილებლობით არ იყო გამოწვეული.
“გუშინ გაჩხრიკეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი. ჩხრეკის შედეგად წაიღეს ლეპტოპები. ღამის 3-ის ნახევარზე დაიწყეს ჩხრეკა, ეს არის უკანონობა, ვინაიდან ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არის დაუშვებელი, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა. ამ შემთხვევაში, არ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, ვინაიდან ეს ადამიანები 4-5 დღის უკან დაიკითხნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული სახის პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება მათზე, რომ კიდევ რაიმე სახის ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას,”- აცხადებს ადვოკატი.
რუსთავი 2

