ბორცვაძე – “კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება”

ბორცვაძე - "კონფლიქტში გიორგი შაქარაშვილის მონაწილეობა არ იკვეთება"შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

როგორც მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განმარტა, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის – საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

“შინაგან საქმეთა სამინიტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან”, – განაცხადა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში შაქარაშვილის მონაწილეობის ფაქტი არ იკვეთება.

როგორც ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

იპნ